55829691_588061148370600_3067998802863456256_n

აუტიზმი, როგორც სამყაროსგან განსხვავებულობა

Comments Off 482

„შენ წაგიყვანს ჩიტი!“, „მალე, ახლა, დროზე“. ეს ორი ფრაზა, რომელიც შეიძლება არაფერს გეუბნებათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე, ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილი იყო და მას ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვისმენდი. მაშინ ერთ უსაყვარლეს ბავშვთან ვმუშაობდი. ჩვენი ყოველი დილა იწყებოდა ტყეში გასვლით და სიმაღლიდან ხევში ქვების სროლით. ეს იყო ყოველი დილის რუტინა. მთელი დღის მანძილზე, დღეში სამჯერ, ერთიდაიმავე თანმიმდევრობით სპეციალურად მის მიერ შერჩეულ მელოდიებს ვუსმენდით, ერთიდაიმავე ტონალობაში, არავითარ შემთხვევაში ძალიან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ბევრს ვსეირნობდით და კუბიკებით ვთამაშობდით. ფრაზები ბავშვობის ვიდეოების ნახვის შემდეგ აიკვიატა და წლებია სწორედ მათ იყენებს ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. კარგად ხატავს, უყვარს ცხოველები და ზრუნავს ძაღლზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის მის გვერდით არიან. მაშინ სირთულეებიც გვქონდა ადამიანებთან ურთიერთობისას და ძალიან მინდა ახლა მათ ამ სტატიით მოვუყვე, რატომ ისმენდნენ კონკრეტულ ფრაზებს ძალიან ხშირად.

2 აპრილს მთელ მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის დღე აღინიშნება. ყოველწლიურად იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რიცხვი. აუტიზმი ეს არის თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგი. აუტიზმი ხასიათდება მკვეთრად შეზღუდული ინტერესებით, პრობლემებით მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. თავის ტვინის განვითარების დარღვევა, იწვევს პრობლემებს გონებრივი განვითარების პროცესში, გართულებულია კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

აუტიზმის ნიშნები ადრეულ ასაკში ვლინდება. ხშირად ის სამ წლამდე ასაკში იჩენს თავს. არსებობს სხვადსხვა სირთულის აუტისტური სპექტრი. ყველაზე გართულებული ფორმა გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობით, მძიმე ინტელექტუალური დარღვევებით,  ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების, ემოციების გაზიარების სირთულით, განმეორებადი აგრესიული და უჩვეულო ქცევებით, შიშებით ხასიათდება.

აუტიზმის მქონე ბავშვები თავიანთ სახელზე ხშირად არ რეაგირებენ და საკუთარ თავს  „მე “ ნაცვალსახელით მოიხსენიებენ. აუტიზმის მქონე ბავშვებს არ სიამოვნებთ სხვა ბავშვებთან თამაში, რადგან გართულებულია სხვისი ემოციის და აზრების აღქმა, ემპათიის უნარი, თვალით კონტაქტი.  ასევე განსხვავებულია მათი მეტყველების განვითარების დონე. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში ხმის, გემოს სმენის აღქმა, მათ მიმართ მგრძნობელობა ძლიერია. გარემო გამღიზიანებლები მათთვის ჩვეულებრივზე მეტად სტრესულია.  მუდმივი სენსორული დისკომფორტის მქონე ბავშვები ცდილობენ თვითსტიმულაციას (ხტუნვა), და ასე შფოთვის, ან უსიამოვნო ემოციის შემცირებას. აუტიზმის მქონე ბავშვები რთულად ცვლიან ქცევას. ცვლილებები, სიახლე მათთვის ძლიერ უარყოფით ემოციასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერმა უმნიშვნელო ცვლილებამ, შეიძლება მკვეთრი უარყოფითი ან აგრესული რეაქცია გამოიწვიოს. ყოველი დღის რუტინა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ახასიათებთ სტერეოტიპული (განმეორებითი, აკვიატებული) ქცევები/ჩვევები და ფრაზები.

თუ მშობელს გაუჩნდა ეჭვი რომ შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს აუტისტური სპექტრი, უმჯობესია, მისი შეფასება ადრეულ ასაკში მოხდეს მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევა: ნეიროფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი. ბავშვის შეფასება ხდება მის ქცევაზე დაკვირვებით, ფსიქომეტრული ტესტებისა და მშობლის ინტერვიუს საფუძველზე. ინტერვენციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის, ოჯახის სხვა წევრების ჩართულობა, სახლის და გარემოს იმგვარად მოწყობა, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს.

რაც შეეხება აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს, ზუსტი მიზეზები ჯერაც არ არის დადგენილი. აუტიზმი ყველა კულტურაში და ეთნიკურ ჯგუფში ერთნაირად ვითარდება. რისკი მაღალია ასაკოვანი მშობლების შემთხვევაში. აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო მეტად ვლინდება  ვიდრე გოგონებში.  გავრცელებული არასწორი მოსაზრების თანახმად, მის გამომწვევ მიზეზად ვაქცინაცია სახელდება. არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არანარი კავშირი არ არსებობს.

აუტიზმი გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლოა ჰქონდეთ ძილის პრობლემები, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია. აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გასტროენტეროლოგიური დაავადებებისკენ.

რაც შეეხება აუტიზმის  მქონე ბავშვებთან მუშაობას, ეს ხდება სხვადასხვა თერაპიული მეთოდებით, იშვიათ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური ჩარევითაც. ბავშვები მათთვის საინტერესო გარემოში დაკავებული არიან ისეთი აქტივობებით, რომლებიც მათ ახალისებს და ხაზს უსვამს სხვადასხვა უნარების განვითარებას. ქცევით თერაპიასთან ერთად, ხშირად საჭიროა მეტყველების და ოკუპაციური თერაპია. ადრეულ ასაკში დაწყებულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს და დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარების პროცესზე. დროული ინტერვენციის შედეგად სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელი ხდება.

როდესაც  აუტიზმის მნიშვნელობას მეკითხებიან, ყველაზე ხშირად ვიყენებ ერთ-ერთ პოპულარულ აბრევიატურას, AUTISM – Always, Unique, Totally, Interesting, Sometimes, Mysterious. ხშირ შემთხვევაში აკვიატებები, განსაკუთრებული ინტერესი, კონკრეტული სფეროსადმი, მათთვის წარმატების მიზეზი ხდება. აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად გავუგებთ მათ სამყაროს, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს დავინახავთ მათში. ვცადოთ, ყველამ ერთად გავანათოდ ლურჯად! #LightItUpBlue

 

სტატიაში გამოყენებულია მასალა: ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევები – თამარ გაგოშიძე, 2007

 

ავტორი: მეგი საჯაია

მსგავსი ინფორმაცია