58381085_2382317495145843_6127681346451013632_o

მარიამ ქაცარავა – ძალადობა მედიაში და ფსიქოლოგიური გავლენები

Comments Off 135

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ტელევიზორის ყურება ბევრი ადამიანისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებად იქცა, შესაბამისად, ტელევიზიები ცდილობენ ადეკვატურად უპასუხონ გაზრდილ მოთხოვნას, ცდილობენ შექმნან განსხვავებული პროგრამები და შოუები, რათა მაქსიმალურად მოიცვან ყველა სეგმენტი.  სატელევიზიო სფეროს ამგვარი პოპულარობის გამო მშობლებში, მასწავლებლებსა თუ კანონმდებლებში გაჩნდა სურვილი იმისა, რომ გაეგოთ სატელევიზიო პროგრამების ადამიანებზე ზეგავლენის შესახებ. გაჩნდა კითხვა თუ რამდენად განაპირობებს ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის ამსახველი კადრები ბავშვის ქცევას, ახდენს თუ არა გავლენას მის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე. სწორედ ამ საკითხს იკვლევდა ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა. მან ყურადღება გაამახვილა სოციალურ დასწავლაზე,   ბავშვებში არსებულ მიბაძვის, იმიტაციის ტენდენციაზე. 15 წელი გრძელდებოდა კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეიცავს საბავშვო გადაცემები ძალადობის ფაქტებს და რამდენად განაპირობებს ეს ბავშვის შემდგომ ქცევებსა და ატიტუდებს.  1969 წელს დაიწყო სატელევიზიო პროგრამებში ასახული ძალადობის  მაყურებლების  ზეგავლენის შეფასება, შედეგად, 1982 წელს მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნდა დასკვნა იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის ტელე-პროგრამებში ძალადობის ამსახველი კადრების ყურებას:

  • ბავშვები ხდებიან ნაკლებად სენსიტიურები სხვების ტკივილისა და ტანჯვის მიმართ.
  • ბავშვებს უჩნდებათ შიში გარემომცველი სამყაროს მიმართ.
  • ბავშვებმა შესაძლოა გამოავლინონ აგრესიული ქცევები გარშემომყოფებისადმი.

1980 წელს ფსიქოლოგების (L. Rowell Huesmann, Leonard Eron) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაწყებითი კლასების ბავშვებს, რომლებიც საათობით უყურებდნენ ტელევიზიით გადმოცემულ ძალადობის ფაქტებს, ჰქონდათ მიდრეკილება თინეიჯერობის ასაკში გამოევლინათ აგრესიული და დევიაციური ქცევები. მკვლევრები იმავე სუბიექტებს აკვირდებოდნენ მოზრდილობის პერიოდშიც და დაასკვნეს, რომ სუბიექტებს, რომლებიც 8 წლის ასაკში უყურებდნენ ძალადობის ფაქტებს, ექმნებოდათ პრობლემები სამართალდამცავ სიტემებთან ჩადენილი კანონდარღვევების გამო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბავშვობაში გამოვლენილი აგრესიული ქცევები ვერ გამოდგება თინეიჯერობის ასაკში ძალადობის შემცველი ტელე-გადაცემების ყურებისადმი მიდრეკილების პრედიქტორად, შესაბამისად, მკვლევრები ასკვნიან, რომ სატელევიზიო პროგრამების ყურება არის უფრო გამომწვევი მიზეზი, ვიდრე აგრესიული ქცევისადმი მიდრეკილების შედეგი. მოგვიანებით, ფსიქოლოგების (Douglas Gentile and Brad Bushman) მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების ყურება ვერ განაპირობებს აგრესიული ქცევების ფორმირებას, თუმცა მან შეიძლება ნაწილობრივ განაპირობოს  ძალადობრივი ქმედებები.

მეცნიერების დასკვნით, ტელევიზიით ნაჩვენებმა ძალადობის ფაქტებმა შეძლება მოახდინოს ადამიანის დესენსიტიზაცია რეალურ სამყაროში არსებული ძალადობის მიმართ. უფრო მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ამგვარი სიუჟეტების ყურებით.

ვიდეო თამაშების გამოჩენამ გამოიწვია კითხვები ბავშვებზე მისი პოტენციური ზეგავლენის შესახებ. თუ ტელევიზიის შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ მაყურებლის როლშია, ვიდეო თამაშებში ის აქტიური თანამონაწილე ხდება. 12-17 წლის მოზარდების თითქმის 97% თამაშობს ვიდეო თამაშებს კომპიუტერის, სმარტფონების, ტაბლეტების, ფლეისთეიშენების, იქს-ბოქსების და სხვა მოწყობილობების გამოყენებით.

ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ( A Pew Research Center) 2008 წელს ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ თინეიჯერთა ნახევარმა აღნიშნა, რომ წინა დღით ითამაშა ვიდეო თამაში.poster1

პოპულარული ვიდეო თამაშების (“Call of Duty”, “Grand Theft Auto”)  უმრავლესობა შეიცავს აგრესიის ელემენტებს. რადგანაც ეს სფერო ახალია, ამიტომაც შედარებით ნაკლები ემპირიული კვლევებია ჩატარებული  სხვა მედია-საშუალებებთან შედარებით. მეტა-ანალიზურმა კვლევებმა დაადასტურა ვიდეო თამაშებში არსებული ძალადობის ელემენტების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზე. კრაიგის (Craig A. Anderson, 2010) დასკვნით, აგრესიული თამაშებისადმი დამოკიდებულება არის აგრესიული ქცევის, აგრესიული კოგნიციისა და აფექტის გაზრდის, ხოლო ემპათიისა და პროსოციალური ქცევის შემცირების გამომწვევი მიზეზი. ანდერსონის ადრეულ კვლევებშივე ჩანდა, რომ ამ ტიპის  ვიდეო თამაშები იწვევენ აგრესიულ აზრებს, ქცევებს, შეგრძნებებს როგორც ლაბორატორიულ პირობებში, ისე რეალურ ცხოვრებაში. ანდერსონის აზრით, ის ფაქტი, რომ ადამიანზე გავლენას ახდენს ის, რასაც ხედავს და რაშიც მონაწილეობს ნიშნავს იმას, რომ კონტექსტს და გარემოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

ანდერსონისგან განსხვავებით, ფსიქოლოგი ქრისტოფერ ფერგიუსონი (Christopher J. Ferguson) თვლის, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგების განზოგადება არ არის სწორი. ადამიანმა, ვიდეო თამაშებით ინტენსიურად სარგებლობის მიუხედავად, შესაძლოა სულაც არ გამოავლინოს აგრესიული ქცევები. ფერგიუსონი მიუთითებს ამ სფეროში ჩატარებული გამოკვლევების არასანდოობაზე, რადგანაც არსებობს გარეშე ცვლადების ჩარევის და არასწორი შედეგების მიღების მაღალი რისკი.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) დაიწყო კვლევა მედია სივრცეში არსებული ძალადობის ელემენტების ადამიანებზე ზეგავლენის შესახებ.

 

 

ავტორი: მარიამ ქაცარავა

მსგავსი ინფორმაცია