classroom

საკლასო ოთახის ფიზიკური გარემოს გეოგრაფია

Comments Off 2188

ახდენს თუ არა გავლენას მერხის ადგილმდებარეობა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობაზე, აკადემიურ მოსწრებასა და მის ადგილზე კლასის სოციალურ იერარქიაში?

students-at-school
გამოცდილ პედაგოგებს არ გამოეპარებათ: საკმარისია, მოსწავლე სხვაგან გადავსვათ, რომ მისი ქცევა და ზოგჯერ აკადემიური მოსწრებაც კი იცვლება. ამ ხერხს ხშირად მივმართავთ სასწავლო პრაქტიკაში, მაგრამ უმთავრესად – საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. საინტერესოა, როგორ შეიძლება განსხვავებული საკლასო გარემოს გამოყენება სასწავლო მიზნების მისაღწევად, ამა თუ იმ უნარის განსავითარებლად.
ჩატარდა გამოკვლევა – მოსწავლეებს ადგილს უცვლიდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა: 1) სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა; 2) თანაკლასელებთან თანამშრომლობის ხასიათი; 3) სასწავლო წარმატებები. კვლევის მეთოდებად გამოყენებული იყო დაკვირვება, მოსწავლეთა შემოქმედების შესწავლა, სოციომეტრია (იგი ამოწმებს კლასის შეკრულობას, თითოეული მოსწავლის სტატუსს ჯგუფში, მის მიღებას კლასის მიერ, “ვარსკვლავების” ან “გარიყული” წევრების არსებობას).
მოგეხსენებათ, საგაკვეთილო პროცესი როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს. თანამშრომლობითი სწავლების დროს ჯგუფი გაერთიანებულია ერთი მიზნის მისაღწევად. დადგენილია, რომ სხვადასხვა ადამიანის გვერდით საქმიანობისას შედეგი სხვადასხვაა. ამ დროს ინდივიდუალური საქმიანობაც განიხილება როგორც ერთობლივი და სოციალური ფასილიტაცია ეწოდება.
სოციალური ფასილიტაცია – შედეგი, რომელიც სხვა ადამიანების არსებობით არის გამოწვეული.
ზემოთ ნახსენებ კვლევაში დაკვირვება ხორციელდებოდა განსხვავებულ საკლასო გარემოში სწორედ სოციალურ ფასილიტაციაზე. გარემოს ცვლილებამ ძალზე საინტერესო სურათი აჩვენა.
სქემა 1. “ტრადიციული საკლასო გარემო”
უპირველესად, შევეხებით საკლასო გარემოს მეტად გავრცელებულ განლაგებას. ამ დროს ურთიერთობა მხოლოდ პედაგოგთან არის მოხერხებული, მხოლოდ მასთან არის შესაძლებელი სრულფასოვანი ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის დამყარება. მართალია, ამგვარი გარემო არ გამორიცხავს სოციალურ ფასილიტაციას, მაგრამ ართულებს ბავშვების ერთმანეთთან თანამშრომლობას. საკლასო გარემოს ამგვარ განაწილებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და დაკავშირებულია სწავლების დირექტიულ მიდგომასთან, სადაც ყურადღების ცენტრშია მასწავლებელი და თითოეული მოსწავლის ყურადღებაც მხოლოდ მისკენაა მიმართული. მიიჩნევა, რომ ამგვარად განლაგებულ საკლასო გარემოში მერხის ადგილმდებარეობა გავლენას ახდენს კლასში ბავშვის სოციალურ რანგზე. კვლევებით დადგენილია, რომ პედაგოგები ახლოს მსხდომი მოსწავლეების მიმართ მეტად პოზიტიურად არიან განწყობილნი და ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ მათ. ამგვარ გარემოში მოსწავლეები მხოლოდ ერთმანეთის კეფას ხედავენ, ამიტომ შეფერხებულია მათი დიალოგი. მოსაზრებებსაც მხოლოდ მასწავლებლის მიმართულებით გამოთქვამენ და არა თანაკლასელებისა.
ამგვარი განაწილება არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც არის დამახასიათებელი.
არსებობს მერხების განლაგების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც დასაბამს უმაღლესი სასწავლებლების სასემინარო მეცადინეობებიდან იღებს. ის მე-2 სქემაზეა წარმოდგენილი. ეს ხერხი ძალზე მოხერხებულია, როდესაც მიმდინარეობს მოსწავლეთა გამოკითხვა, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე.
სქემა 2.
საუნივერსიტეტო სემინარები დისპუტის (მსჯელობა, კამათი) ფორმით მიმდინარეობს. სტუდენტებს წინასწარ აქვთ მომზადებული მასალა და მისგან გამომდინარე გამოთქვამენ მოსაზრებებს.
ორგანიზების ეს ფორმა ძალზე ეფექტიანია სასკოლო გარემოშიც. ბავშვები უკეთ ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. გარემო მეტად დემოკრატულია და სოციალური ფასილიტაციაც აქ ძალზე ინტენსიურია. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, პასუხისას მიმართოს არა მხოლოდ პედაგოგს, არამედ თანაკლასელებსაც. მოსწავლეებიც მეტი ყურადღებით მოისმენენ მის პასუხს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც თანაკლასელის მხოლოდ კეფას ხედავენ. მაგრამ ალბათ სქემიდანაც ჩანს, რომ მასწავლებლის როლი აქაც დომინანტურია.
ამგვარად ორგანიზებულ გარემოში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მსჯელობაში. უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ეფექტი თვალში საცემი იყო ბუნებისმეტყველებისა და მშობლიური ენის გაკვეთილებზე, შედარებით ნაკლები – მათემატიკისაზე. აქ წარმოიქმნა მიკროჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და სწყდებოდნენ სასწავლო პროცესს. თუმცა მერხების ამგვარი განაწილება შესაძლებლობას იძლევა, მასწავლებელმა მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის გამომუშავებაზე იზრუნოს.
მე-3 სქემაზე გამოსახულია მსგავსი, მაგრამ არაიდენტური განლაგება.
სქემა 3
აქ სოციალური ფასილიტაციაც განსხვავებულია. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ მასწავლებლის როლი აღარ არის დომინანტური. ამგვარი განაწილება აადვილებს მოსწავლეთა თანამშრომლობის პროცესს. გარკვეულ საკითხზე მსჯელობისთვის შექმნილია საუკეთესო გარემო. მოსწავლეებიც მუდამ ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას. აქ ბავშვს არ უჩნდება ფსევდოდაცულობის განცდა იმის გამო, რომ სხვების უკან ან გვერდით ზის და მის მოქმედებას ყველა ვერ დაინახავს.
თითქმის ყველა გაკვეთილზე მოსწავლეები მხოლოდ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს კი არ პასუხობდნენ, არამედ თავადაც მიმართავდნენ კითხვებით მასწავლებელსა და თანაკლასელებს, ადგილიდან პასუხის შემთხვევაში კი თვალს ავლებდნენ მთელ აუდიტორიას.
არსებობს ისეთი განლაგებაც, როდესაც შესაძლებელია წყვილებში მუშაობა.
ამგვარი განლაგება წარმოდგენილია მე-4 სქემაზე:
სქემა 4
ასეთი განლაგებისას ბავშვებში იზრდება კონკურენცია, ასე რომ, თუ სასწავლო ამოცანა თანამშრომლობას მოითხოვს, უმჯობესია მოსწავლეთა დასმა ერთმანეთის გვერდით და არა პირისპირ. მაგრამ ეს ფორმა სავსებით ბუნებრივია, მაგალითად, ჭადრაკის თამაშის დროს, ასე რომ, გარემოს ორგანიზების ფორმაც გაკვეთილის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს.
თუ კონკურენტული გარემოს შექმნა გსურთ, შეიძლება კლასის ორად გაყოფა და ამ ორი ჯგუფის ერთმანეთის პირისპირ განთავსება. ეს ფორმა ეფექტიანია მაშინ, როდესაც თითოეულ მონაწილეს აზრი აქვს გამოსათქმელი. ცნობილია, რომ კონკურენტული სწავლებისთვის შექმნილია ცალკეული მეთოდოლოგიური ტექნოლოგიები. მაგალითად, დებატები, რომლის არსი ასეთია: მონაწილეები შეისწავლიან ამა თუ იმ საკითხს, აანალიზებენ მას და უყალიბდებათ მისდამი გარკვეული პოზიცია. შემდეგ კლასი ორ ჯგუფად იყოფა; ერთი იცავს გარკვეულ მოსაზრებას, მეორე კი კონტრარგუმენტებით უპირისპირდება მას. ეს მეთოდი ხელს უწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, სოციალური კომპეტენციის გავითარებას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სწავლების კონკურენტული მეთოდების მეტისმეტად ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა მოსწავლეთა ერთმანეთით გაღიზიანებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში. ამიტომ თუ კლასი დიდად მეგობრული არ არის, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გამოყენება ჯობს.
საკლასო გარემოს ორგანიზება ჯგუფური მუშაობის დროს
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბავშვების თანამშრომლობითი მუშაობა მცირე ჯგუფებში:
1. კლასი იყოფა 5-6-კაციან ჯგუფებად;
2. ჯგუფის ყველა წევრი სწავლობს თანაბარი ოდენობის მასალას, ოღონდ თითოეული მათგანი – მასალის გარკვეულ ნაწილს (შეიძლება, ამას ჰქონდეს საშინაო დავალების სახეც).
3. გაკვეთილზე ჯგუფი ერთი მაგიდის გარშემოა განლაგებული (იხ. სქემა 5 და 6).
სქემა 5სქემა 6.
4. მოსწავლე უზიარებს ცოდნას ჯგუფის სხვა წევრებს. იმისთვის, რომ სრულად აითვისონ მასალა, მოსწავლეებმა უნდა მოუსმინონ ჯგუფის წევრებს.
5. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს;
6. მოსწავლეთა შეფასება შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის საერთო შედეგიდან გამომდინარე.
გართულებული ვარიანტი
ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს თითოეული ჯგუფის “ექსპერტების” შეხვედრა. “ექსპერტები” არიან ის მონაწილეები, რომელთაც თემის ერთი და იგივე საკითხი შეხვდათ. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან დააზუსტონ, რამდენად კარგად გაიგეს ესა თუ ის საკითხი.
ჯგუფებს შორის თანამშრომლობა შესაძლებელია საკლასო გარემოს სხვაგვარი განაწილების დროსაც. მოსწავლეთა განლაგება წარმოდგენილია მე-7 და მე-8 სქემებზე.
სქემა – 7.
სქემა – 8.
გარემოს ორგანიზების ზემოთ ნაჩვენები ფორმების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა კოოპერაციის განსხვავებული ვარიანტები.
ერთობლივ-ინდივიდუალური კოოპერაცია. თავდაპირველად ჯგუფის წევრები მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ კი თითოეულის ნამუშევარი საბოლოო პროდუქტის ნაწილი ხდება. ასე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გეგმის არსებობა. გეგმა შესაძლოა თავად მოსწავლეებმა შეადგინონ ან პედაგოგმა გაანაწილოს, რას გააკეთებს ჯგუფის ესა თუ ის წევრი საერთო დავალების ფარგლებში.
ერთობლივ-თანმიმდევრული კოოპერაცია. ასე მუშაობის დროს თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული შედეგი საფუძვლად ედება მომდევნო მოსწავლის საქმიანობას და ამგვარი პრინციპით ერთვება მუშაობაში თითოეული წევრი. მაგალითად, ერთი მოსწავლე იწყებს ამბის თხრობას და მომდევნო აგრძელებს.
გთავაზობთ მაგალითს:
1. კლასი იყოფა 5-6-კაციან ჯგუფებად;
2. რომელიმე მონაწილე იღებს ბარათს, რომელზეც წერია კითხვა (ისევე, როგორც გამოცდაზე). სასურველია, კითხვა იყოს ღია და ნაკლებად კონკრეტული;
3. მოსწავლე პასუხობს;
4. შემდეგ მის პასუხს განავრცობს სხვა მონაწილე;
5. საბოლოოდ ჯგუფი აჯერებს პასუხს.
ერთობლივ-თანამშრომლობითი კოოპერაცია მოიაზრებს ჯგუფის ერთობლივ მუშაობას ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან დასრულებამდე და საბოლოო შეფასებამდე.
თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს:
* წყვილებში;
* მცირე ჯგუფებში (3-4 მოსწავლე);
* 5-6 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში;
* შედარებით დიდ ჯგუფში (მთელი კლასი).
გარემოს ორგანიზების ფორმების გამოყენებით შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნება. სწავლება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების თანამშრომლობის პოტენციალს, ძალზე ეფექტიანია. სოციალური ფასილიტაციის გამოყენება მხოლოდ მასალის უკეთ ათვისებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ისეთი ძალზე ღირებული უნარების გავითარებასაც, როგორებიცაა პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა, ურთიერთდახმარება.
როგორც საერთო, ისე თითოეული ინდივიდის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორზე. გარკვეულ როლს ასრულებს ბავშვების ტერიტორიული ქცევის თავისებურებები. ბავშვი სივრცეში შემთხვევით არ ირჩევს ადგილს, თანაც არ არის გულგრილი სამუშაო ადგილის ცვლილების მიმართ. კლასის ორგანიზების ფორმების ცვლილება გავლენას ახდენს სამუშაოს ეფექტიანობაზე და მისი შერჩევაც სასწავლო მიზნების შესაბამისად უნდა მოხდეს.

 

 

ავტორი: ნინო ლაბარტყავა

მსგავსი ინფორმაცია