ADHD sign

ADHD დიაგნოზის დასმა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

Comments Off 2414

01/02/2015


 

 

ADHD sign    ბავშვები მწიფდებიან განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე და აქვთ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები, ტემპერამენტი და ენერგია. ბავშვების უმეტესობა დაბნეული, გაფანტულია, იმპულსურად იქცევა და ჭირს კონცენტრირების მოხდენა. ADHD–ის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ადრე, დაახლოებით 3–დან 6 წლამდე და რადგან სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა პიროვნებებთან, რთულია ამ დარღვევის დიაგნოსტირება. მშობლებმა თავდაპირველად შეიძლება შეამჩნიონ, რომ მათი შვილები კარგავენ ინტერესს ამა თუ იმ საქმიანობის მიმართ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ბავშვები ან ჩანან, რომ მუდმივად უკონტროლო მდგომარეობაში არიან. ხშირად, მასწავლებლები პირველად ამჩნევენ სიმპტომებს, როდესაც ბავშვს უჭირს მიჰყვეს დადგენილ წესებს და ისინი გამოირჩევიან ხოლმე კლასში ე.წ. „პერფორმანსებით“.

მხოლოდ ტესტს არ შეუძლია იმის დიაგნოსტირება, აქვს თუ არა ბავშვს ADHD. ნაცვლად ამისა, ლიცენზირებულმა ჯანმრთელობის პროფესიონალმა უნდა შაგროვოს ინფორმაცია ბავშვის, მისი საცხოვრებელი გარემოსა და ქცევის შესახებ.  ოჯახს შეიძლება სურდეს თავდაპირველად ესაუბროს ბავშვის პედიატრს, ზოგიერთ პედიატრს შეუძლია შეაფასოს თვითონ ბავშვი, მაგრამ ბევრი გააგზავნის ოჯახს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან, რომელსაც აქვს გამოცდილება მენტალური დარღვევის, როგორიცაა ADHD–ის მქონე ბავშვებთან მუშაობის. პედიატრმა ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტმა თავდაპირველად უნდა გამორიცხოს სხვა შესაძლებელი სიმპტომი. მაგალითად, გარკვეულმა მოვლენებმა, სიტუაციებმა ან ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქცევები, რომლებიც დამახასიათებელია ADHD–ის მქონე ბავშვებისთვის.

პედიატრმა და სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს შემდეგი:

√ განიცდის თუ არა ბავშვი მოულოდნელ შეტევებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამედიცინო ფაქტორებთან;

√ აქვს თუ არა შუა ყურის ინფექცია, რაც ის იწვევს პრობლემებს სმენასთან დაკავშირებით;

√ აქვს თუ არა მოულოდნელი სმენითი ან მხედველობითი პრობლემები;

√ აქვს თუ არა რაიმე სამედიცინო პრობლემა, რაც გავლენას ახდენს ბავშვს აზროვნებასა და ქცევაზე;

√ აქვს თუ არა პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით და შეზღუდული შესაძლებლობები;

√ აქვს თუ არა შფოთვა ან დეპრესია, ან სხვა ფსიქიატრიული პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ADHD–ის სიმპტომები;

√ მოახდინა თუ არა ბავშვზე გავლენა რაიმე განსაკუთრებულმა და მნიშვნელოვანმა, მოულოდნელმა ცვლილებამ, როგორიც არის ოჯახის წევრის გარდაცვალება, განქორწინება ან მშობლის სამსახურის დაკარგვა.

სპეციალისტი ასევე შეამოწმებს სასკოლო და სამედიცინო ჩანაწერებს იმის გასარკვევად, არის თუ არა ბავშვის სახლის ან სკოლის გარემოცვა სტრესული და შეაგროვებს ინფორმაციას ბავშვის მშობლებისა და მასწავლებლებისგან. შეიძლება ჩართული იყვნენ, ასევე მწვრთნელები, ძიძები და სხვა უფროსები, რომლებიც იცნობენ ბავშვს კარგად.

სპეციალისტი ასევე იკითხავს:

√ ვლინდება თუ არა ქცევა ჭარბად და ხანგრძლივად და ახდენს თუ არა გავლენას ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტზე;

√ ხდება თუ არა ეს ამ კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში უფრო ხშირად, ვიდრე მის თანატოლებში;

√ ქცევა ისეთი პრობლემაა, რომელიც გრძელდება თუ ეს არის მომენტალური რეაქცია კონკრეტულ იმჟამინდელ სიტუაციაზე;

√ ქცევა ვლინდება სხვადასხვა სიტუაციებში თუ მხოლოდ ერთ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითად სახლი, კლასი ან სათამაშო მოედანი.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს ბავშვის ქცევაზე სხვადსხვა სიტუაციებში. ზოგი სიტუაცია არის ძალიან სტრუქტურირებული, ზოგიერთი კი ნაკლებად. სხვები შეიძლება ითხოვდნენ ბავშვისგან ყურადღების შენარჩუნებას. ADHD–ის მქონე ბავშვები უკეთესად აკონტროლებენ თავიანთ ქცევას ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც მათ ინდივიდუალურად უდგებიან და ყურადღებით ეპყრობიან, რომლებშიც ისინი არიან თავისუფალი ფოკუსირდნენ საყვარელ აქტივობებზე. ასეთი ტიპის სიტუაციები ნაკლებად მნიშვნელოვანია შეფასების დროს. ბავშვი ასევე უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევა ის სოციალურ სიტუაციებში და მიეცეს ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და აკადემიური მიღწევის ტესტები, რათა გამოვლინდეს, არის თუ არა რაიმე პრობლემა სწავლასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, თუ ბავშვი ხვდება ADHD–ის კრიტერიუმში, მას დაესმის ამ დარღვევის დიაგნოზი.

ADHD–ის მქონე ზოგიერთ ბავშვს აქვს სხვა დაავადებებიც. მაგალითად, მოცემული დაავადებებიდან მას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი. ესენია:

√ სწავლის უუნარობა – სწავლის უუნარობის მქონე ბავშვს სკოლამდე შეიძლება ჰქონდეს პრობლემები გარკვეული ხმების, სიტყვების გაგებასთან ან აზრის საკუთარი სიტყვებით გამოხატვასთან დაკავშირებით. სკოლის ასაკის ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს კითხვის, მართლწერისა და მათემატიკის სწავლა;

√ ოპოზიციური დევიაციური დარღვევა – ასეთი ბავშვები ხშირად არიან მეამბოხეები, კამათობენ უფროსებთან და უარს ამბობენ დაემორჩილონ წესებს;

√ ქცევითი აშლილობა – ეს შეიცავს ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც ბავშვმა შეიძლება მოიტყუოს, იქურდოს, იჩხუბოს ან სხვები დაამციროს და დაჩაგროს. ის შეიძლება შეიჭრას სახლებში, მიიტაცოს სხვისი ქონება, ატაროს ან გამოიყენოს იარაღი. ასეთი ბავშვები ან თინეიჯერები არიან მაღალი რისკის ქვეშ გამოიყენონ უკანონო ნივთიერებები. ასევე, არ არის გასაკვირი, თუ შეექმნებათ პრობლემები სკოლაში ან პოლიციასთან;

√ შფოთვა და დეპრესია – ADHD–ის მკურნალობამ შეიძლება შეამციროს შფოთვა ან დეპრესიის სხვადასხვა ფორმები;

√ ბიპოლარული აშლილობა – ADHD–ის მქონე ზოგიერთი ბავშვი შეიძლება იყოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც განწყობის უკიდურესი მერყეობა გამოწვეულია მანიისა და დეპრესიის მონაცვლეობით დროის მოკლე პერიოდში;

√ ტოურეტის (tourette) სინდრომი – ძალიან ცოტა ბავშვს აქვს ეს თავის ტვინის დარღვევა, მაგრამ მათ შორის, ვისაც აქვს, ბევრია ADHD–ის მქონე. ზოგიერთი ტოურეტის სინდრომის მქონე ადამიანს აქვს ნერვული ტიკები და განმეორებითი მანერიზმი, როგორიც არის თვალის ჩაკვრა, სახის ტოკვა, კრუნჩხვა ან მანჭვა. სხვები ისუფთავებენ თავიანთ ყელს, ფრუტუნებენ და ფშვინავენ ხშირად ან ისვრიან სიტყვებს უადგილოდ. ეს ქცევები შეიძლება გაკონტროლდეს მედიკამენტებით.

ADHD–თან ერთად, ასევე, შეიძლება არსებობდეს ძილის დარღვევები, ნივთიერების ბოროტად გამოყენება ან სხვა დაავადებები.

ADHD–ის სიმპტომების გამოვლენა და დახმარების ძიება ადრეულ ეტაპზე მიგვიყვანს საუკეთესო შედეგებამდე როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მათი ოჯახებისთვის.

 

 

როგორ დავეხმაროთ ADHD ის მქონე ბავშვებს

სანამ ADHD-ის მქონე ბავშვებს დავეხმარებით, მანამ უნდა გამოვავლინოთ თანმდევი სიმპტომები, მათი გამოვლენის მრავალგვარობა. დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია დავადგინო, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში ქცევითი პატერნები და ADHD-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. რა სიხშირით, რომელ სიტუაციაში აღმოცენდება ქცევითი დარღვევები და რამდენად უშლის ხელს ყოველივე ეს ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში. მნიშვნელოვანია დადგინდეს კომორბიდობაც.

სწორი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:

  1. ინერვიუ მშობელთან თუ როგორ იქცევიან ასეთი ბავშვები სახლში;
  2. ინტერვიუ მასწავლებელთან, თუ როგორ იქცევა ბავშვი კლასში;
  3. ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწოფების დადგენის მიზნით;
  4. ბავშვზე დაკვირვება. ამ დროს ფასდება ADHD-ის გამოვლენის ხარისხი.
  5. კომორბიდული აშლილობების გამოვლენა ბავშვის ქცევებზე დაკვირვების გზით. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება, რადგანაც, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას უნდა ვებრძოლოთ და რაში დავეხმაროთ ბავშვს. თუ დიფერენციალური დიაგნოზი არ დაისვა, არის შანსი, რომ არასწორად ვუმკურნალოთ ასეთ ბავშვებს.

იმისთვის, რომ ADHD-ის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის მიდგომა:

  • ყველაზე მთავარია მშობელთა ინფორმირებულობა ADHD-ის შესახებ, რათა მათ ადექვატური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ შვილებთან, სწორად განსაზღვრონ სიმპტომები და ბავშვის საჭიროებები.
  • ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ან ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება. ეს კონსულტაციები ემსახურება როგორც ADHD-ის შესახებ ინფორმირებულობის ამა/რლებას, ისე ტრენინგს სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შესახებ, ასევე ასწავლიან ბავშვებს თუ როგორ აითვისონ საჭირო სპეციალური ტექნიკური უნარები, რომლებიც მას დაეხმარება იმპულსის შეკავებასა და ყურადღების კონცენტრაციაში.
  • ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფვის სხვებისთვის მოსაწონი ქცევისაკენ, დავალების წარმატებულად გაკეთებისაკენ. ამიტომ, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ვერბალური თუ არავერბალური წახალისება. ეს წაახალისებს და განამტკიცებს მათ სოციალურად ადექვატურ ქცევებს. თუმცა, მნიშვნელოვანია,  რომ წახალისების მექანიზმი სწორად იქნეს გამოყენებული და უშუალოდ მოსდევდეს ქცევას, რადგანაც ასეთი ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებაზე.

ADHD-ის მქონე ბავშვების დასახმარებლად  ასევე მნიშვნელოვანია სხვა ხერხების გამოყენებაც:

მივცეთ რამდენიმე (1-2) კომპონენტანი დავალებები.

საშინაო დავალებები დავყოთ მცირე დავალებებად

  • წინასწარ დროის განსაზღვრა. მაგალითად, თავიდანვე ვუთხრათ, რომ 15 წუთში უნდა მოასწროს 2 დავალების დაწერა.
  • დღიური წარმოებაში დახმარება
  • წინასწარ დღის განრიგის შემუშავება

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მახასიათებლების დადგენა, რადგანაც მშობლის ფაქტორი ბავშვის განვითარების პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძლიერ ზეგავლენას ახდენს მასზე. მნიშვნელოვანია მშობლების ტემპერამენტისა  და აღზრდის სტილის დადგენა. თუმცა, ეს მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არაა და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების გავლენა მშობლებზე, მათი გრკვეული მახასიათებლების ჩამოყალიბებასა თუ მოდიფიცირებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საკმაოდ პოპულარულია ოჯახური ინტერვენციის თეორია, რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები მშობლებთან და ბავშვებთან:

  1. პირველი შეხვედრა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და მშობლებს მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია ADHD-ის სინდრომის შესახებ მათთვის გასაგები ენით.
  2. მეორე შეხვედრაზე ხდება მშობლისა და შვილის ურთიერთმიმართების ფორმის დადგენა, ეს ხდება მშობლებისა და შვილების ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური მახასიათებლების დადგენით, მათ შორის ტემპერამენტის გნსაზღვრით. მნიშვნელოვანია ასევე ოჯახში მიმდინარე მოვლენებისა და დამოკიდებულებების დადგენა.
  3. მესამე შეხვედრაზე მშობლებს ავარჯიშებენ , თუ როგორ გამოიიყენონ სწორად დასჯა-წახალისების მექანიზმი, ანუ, როდის წაახალისონ ბავშვი და როდის მოახდინონ მათი ქმედებების იგნორირება. ამისთვის მიმართავენ გარკვეულ თამაშებს, დღეში დაახლოებით 15 წუთის ხანგრძლივობით. ამ თამაშების დროს მშობელმა არ უნდა გამოავლინოს მბრძანებლური ტონი. მშობელი უბრალოდ აჯილდოებს ბავშვის სოციალურად მისაღებ ქმედებებს. თანდათანობით, ბავშვისთვის მშობელთან ამ ტიპის ურთიერთობები სასურველი და მოთხოვნადი ხდება.
  4. მეოთხე ეტაპი გარკვეულწილად მე-3 ეტაპის დახვეწას ემსახურება, რადგან ამ დროს ხდება ბავშვისადმი მითითებების უფრო სწორად შემუშავება, სასურველი ქცევის განმტკიცების უნარის შემუშავება. თუმცა განსხავება ისაა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის ქცევას ვაფასებთ მაშინ, როცა ის დამოუკიდბლად თამაშობს და არა ჩვენი ინიციატივით ან ჩვენთან ერთად. ამ დროს მშობელი ინსტრუქციის მიცემით შემოიფარგება.  ეს უნდა მოხდეს ასევე გარკვეული წესების დაცვით, მაგალითად, ტონი უნდა იყოს საკუთარ თავში დაარწმუნებული ადამიანის ტონი, აუცილებელია თვალებით კონტაქტიც ამ დროს. მითითების მიცემის შემდგომ კი სასურველია ბავშვმა გაიმეოროს დავალება, რათა გავიგოთ, გაიგო თუ არა მან დავალების არსი.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ტრენინგების მიხედვით, ბავშვთან იმ დავალებით უნდა დავიწყოთ, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოა, რათა თავიდანვე არ მობეზრდეს და არ აუცრუვდეს გული. ასევე, ისეთი დრო უნდა შევარჩიოთ, რომ ბავშვი არ იყოს დაღლილი,  უხასიათოდ ან ავად.

  1. ამ ეტაპზე ტრენინგი ორიენტირებული განმტკიცების მექანიზმების სწავლებაზე.
  2. მე-6 შეხვედრაზე ასწავლიან დასჯისა და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმებს
  3. დროებითი შესვენების მნიშვნელობის სწავლება მშობლებისათვის
  4. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ეტაპი, რომელიც გულისხმობს სწავლებას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მშობლები ბავშვის სოციალურად მიუღებელ ქცევას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ან, სულაც, როგორ მიიღონ პრევენციული ზომები თავიდანვე და მინიმუმამდე დაიყვანონ ასეთი ქცევების გამოვლენის ალბათობა.

ADHD-ის სიმპტომების შემსუბუქება მედიკამენტოზური ჩარევის გზითაც არის შესაძლებელი. სტიმულანტები, როგორებიცაა მეთილფენიდატი და ამფეტამინები ყველაზე ფართოდ გამოიყენება ამ დროს. შესაძლოა პარადოქსულადაც ჟღერდეს, რომ ჰიპერაქტივობის მკურნალობა ხდება სტიმულანტებით, თუმცა, ეს სტიმულანტები ააქტიურებენ თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონცენტრირებულ და ორგანიზებულ ქცევაზე და უზრუნველყოფენ ყურადღების ჩართვას მოქმედებებში, ყოველივე ეს კი ამცირებს ჰიპერაქტიურობას. ბავშვების უმრავლესობაში, მეტიკამენტური მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია: ამცირებს ჰიპერაქტიურობას და ზრდის ყურადღების კონცენრირებულობას, ასევე აუმჯობესებს დასწავლას, მუშაობას და სხეულის კოორდინაციასაც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცალმხრივი მეთოდი მკურნალობის ხშირად ეფექტური არაა. ჩვენ მკურნალობის ვერცერთ მეთოდზე ვერ ვიტყვით, რომ ის საყოველთაოდ აპრობირებულია და ყველაზე თანაბრად, ეფექტურად მოქმედებს. რა მეთოდიც  ერთისთვის სასარგებლოა, ის შესაძლოა არ იყოს წარმატებული სხვისთვის  და პირიქით. ხშირად, მრავალი სხვაადასხვა გზის მოსინჯვა ხდება საჭირო იმისთვის, რომ აღმოაჩინონ კონკრეტული ბავშვისთვის მკურნალობის რომელი მეთოდია ოპტიმალური. არც ისე იშვიათია მეტიკამენტების მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები:

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

მადის შემცირება, ძილის დარღვევები(ამ შემთხვევაში აუცილებელია მეტიკამენტის დოზის შემცირება ან მისი მიწოდების რეგულირება), შფოთვა, გაღიზიანებულობა. ზოგიერთ ბავშვს კი აღენიშნება მსუბუქი კუჭის ან თვის ტკივილი.

ნაკლებ გავრცელებული სიმტომებია მოულოდნელი, განმეორებადი მოძრაობები ან ბგერები, მათ ტიკებს უწოდებენ. სხვებმა  შეიძლება გამოავლინონ ემოციური გაღარიბება, რაც გამოიხატება მიმიკების შემცირებით. მეტიკამენტებმა, ასევე, არის შანსი გამოიწვიონ კარდიოვასკულარული პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები (სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, პარანოია, მანიაკალური გუნება-განწყობა).  კვლევებმა აღმოაჩინა, რომ იმ ბავშვებსა და თინეიჯერებს, რომლებიც იღებენ ატომექსიტინს (atomoxetine), აქვთ მიდრეკილება სუიციდური აზრებისკენ, ვიდრე ADHD-ის

მქონე სხვა ბავშვებს. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ მედიკამენტის მიმღებ ბავშვებზე დაკვირვება, მათი ქცევის მუდმივი მონიტორინგი და სიმპტომების მაქსიმალურად სწრაფად აღმოჩენა.

ნამდვილად კურნავს თუ არა მედიკამეტები ADHD-ის სინდრომს?  პასუხი, სამწუხაროდ, უარყოფითია. თანამედროვე პრეპარატები არ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით,  მაგრამ ისინი წარმატებულად გამოიყენება არა სრული განკურნების, არამედ სიმპტომების შემცირებისა და მდგომარეობის შემსუბუქების მიმართულებით. კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ექიმი ძალიან აქტიურადაა ამ პროცესში ჩართული, ხშირად უწევს შეხვედრა ასეთ ბავშვთან და მუდმივად აკონტროლებს მის მდგომარეობას.

საბოლოო ჯამში, მედიკამენტების ჩარევა, ბავშვის სოციალურად მომზადება, მის რუტინულ საქმიანობაში ჩართვა, ხმის ტონისა და მოქმედებების გაკონტროლებაში დახმარება და ბევრი სხვა ასპექტი კომბინაციაში, მაღალი ალბათობით, მოგვცემს სასურველ შედეგს ან მასთან ძალიან მიახლოებულს. ერთი რამ აშკარაა, რომ სხვადაასხვა და მრავალგვარი მეთოდების გაერთიანება  არის საუკეთო გზა ADHD-ის სინდრომთან გასამკლავებლად.

 

 

კვლევა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის (APA) მონაცემების მიხედვით, ეს სინდრომი აღენიშნება ამერიკაში მცხოვრები ბავშვების 5 %ს. ამ დარღვევის მქონე ბავშვების პროცენტული რაოდენობა დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა, იცვლებოდა შეფასების კრიტერიუმები და მკურნალობის მეთოდები. 2011 წლის მონაცემებით, აშშ-ში 4-17 წლის ბავშვების 11%ს აღენიშნებოდა ADHD-ის სინდრომი. ეს არის დაახლოებით 6.4 მილიონი ბავშვი. ADHD-ის დიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვი იზრდება. 2003 წელს, მათი რიცხვი შეადგენდა 7.8%ს, 2007 წელს 9.5%ს, ხოლო 2011 წელს 11.0%ს. 1997 წლიდან 2006 წლამდე მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა 3%-ით, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე 5%-ით. აღსანიშნავია, რომ ეს სინდრომი უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში (13.2%), ვიდრე გოგონებში (5.6%). ADHD-ის დიაგნოსტირების საშუალო ასაკია 7 წელი, მაგრამ მშობლების განცხადებით, ეს დარღვევა უფრო მწვავე ფორმით ადრეულ ასაკში ვლინდება.

აღნიშნული პრობლემა აქტუალურია საქართვლოშიც. ამას მოწმობს „ავერსის კლინიკის“ ბავშვთა ნევროლოგის, მედიცინაში აკადემიური დოქტორისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ პროფესორის, მაია გაბუნიას განცხადება. მისი თქმით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვთა განვითარების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აშლილობაა. ქცევის ამ ტიპის დარღვევას ბავშვთა 3-9%-ში ვხვდებით საქართველოში და მოსწავლეთა მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ პრობლემით მიმართავენ. როგორც აშშ-ს მონაცემებმა გვიჩვენა, ADHD-ის სინდრომი ვაჟებში სამჯერ მეტია, ვიდრე გოგონებში.

ამ სინდრომის გავრცელებულობის გამო, საზღვარგარეთ არსებული სწალების პრაქტიკაში შემოღებულია სხვადასხვა მეთოდები ADHD-ის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. აშშ-ში არსებულ სკოლებში იყენებენ შემდეგ მეთოდებს: ამ დარღვევის მქონე მოსწავლის განსაკუთრებულ ადგილას დასმა ისე, რომ მასწავლებელმა თავიდან ააცილოს დისტრაქტორები. ეს შეიძლება იყოს ბავშვის ფანჯრიდან და კარებიდან მოშორებით დასმა, რათა ხმაურმა ყურადღება არ გაუფანტოს, ასევე, ეფექტურია ბავშვისთვის პირველ მერხზე მასწავლებელთან ახლოს ადგილის მიჩენა; მნიშვნელოვანია წინასწარ გეგმის შედგენა და ინსტრუქციების მიცემა, რომლითაც იხელმძღვანელებს ბავშვი გარკვეული საქმიანობების შესრულების დროს და შედეგად, მისი აქტივობა იქნება ორგანიზებული.

ჩვენ ჩავატარეთ მცირე კვლევა, გამოვკითხეთ თბილისის რამდენიმე საჯარო და კეძო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები, რათა გაგვეგო, თუ რა მეთოდებს იყენებენ ისინი ADHD-ის სინდრომის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. აღმოჩნდა გარკვეული მსგავსება საზღვარგარეთის სკოლებსა და ქართულ სკოლებში გამოყენებულ მეთოდებს შორის. ზემოთ აღნიშნული მეთოდები აქტიურად გამოიყენება ქართულ პრაქტიკაშიც. ქართველი პედაგოგები ხშირად თხოვენ ADHD -ის მქონე მოსწავლეებს დაეხმარონ საკლასო საქმიანობებში, როგორიცაა დაფის გასუფთავება, რვეულების დარიგება, ცარცის მოსატანად გაგზავნა და სხვა. პედაგოგებმა აღნიშნეს სხეულებრივი მანიშნებლების მნიშვნელობაც, როგორიცაა თვალებით კონტაქტი, ხმის ტემბრის შეცვლა, ფიზიკური კონტაქტი (მხარზე ხელის გადასმა იმის საჩვენებლად, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ყურადღებას აქცევს და ამჩნევს მას). აუცილებელია მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს მიუდგეს ინდივიდუალურად. რა მეთოდებიც ერთთან ჭრის, შეიძლება სხვასთან არ გაჭრას. ქართველი პედაგოგები მკაცრი შეზღუდვების დაწესებას არ ემხრობიან, რადგან ფიქრობენ, რომ ენერგიის შეკავება ნეგატიურად იმოქმედებს მათზე. საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგთან. ის საკმაოდ ვრცლად გვესაუბრა იმ მეთოდებზე, რომლებსაც იყენებს თავის პედაგოგიურ საქმიანობაში. ის იყენებს სკინერის თეორიას პრაქტიკაში, ცდილობს ბავშვის პოზიტიური ქცევა წაახალისოს, ხანდახან მისაღებია იგნორირებაც, აგრძნობინებს უპირობო სიყვარულს (ჰუმანისტური მიდგომა). პედაგოგმა აღნიშნა, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ის ცვლის მისდამი მიდგომას. კერძოდ, კლასში ყოფნის პერიოდში ის აწვდის მოსწავლეს ფურცელს, სადაც ბავშვმა უნდა ჩაინიშნოს ყოველი ისეთი აქტივობა, რომელიც ხელისშემშლელია არამარტო პედაგოგისთვის, არამედ პირადად მისთვისაც, მაგალითად, აღნიშნავს ფურცელზე ხაზით (/), თუ რამდენჯერ მისცა პედაგოგმა შენიშვნა. ამგვარად ის ახერხებს ასწავლოს ბავშვს, თუ როგორ მართოს საკუთარი ქცევა. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია სინდისის ქენჯნის მომენტი. როდესაც დღის ბოლოს ბავშვი დახედავს ფურცელს და დაითვლის ხაზების რაოდენობას, მას შერცხვება და ცდილობს მეორე დღეს უკეთესად მოიქცეს. როდესაც მოსწავლეს ყურადღება გაფანტული აქვს, პედაგოგი ხშირად მიმართვს მას სახელით, უსვამს შეკითხვებს, ცდილობს გამოაფხიზლოს და მაქსიმალურად ჩართოს კლასის აქტივობებში. ამერიკული და ქართული სწავლების პრაქტიკაში ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ამერიკულ სკოლებში აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა ADHD-ის მქონე ბავშვის ქცევის დასარეგულირებლად და ენერგიის დასახარჯად. კერძოდ, ისინი იყენებენ რუბიკის კუბიკებს, სხვადასხვა რბილ ბურთებს, რეზინის რგოლებს, მოძრავ დასაჯდომ ბალიშებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, რადგან შესაძლოა ხანდახან სწორედ ამ ნივთებმა შეასრულონ დისტრაქტორების ფუნქცია.

ჩვენს კვლევებში გამოჩნდა, რომ მრავალრიცხოვან კლასებში უფრო რთულია ADHD-ის მქონე ბავშვებთან გამკლავება, ვიდრე მცირერიცხოვან კლასებში. ასევე, კლასში დაახლოებით შეიძლება იყოს ამ სინდრომის მქონე 2-3 ბავშვი. თუმცა სირთულეებს ვაწყდებით არამხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან და მშობლებთანაც. მასწავლებლებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი ფსიქოლოგიური ცოდნა ასეთი ბავშვების აღმოსაჩენად და მათთან სამუშაოდ, ისინი უარყოფენ ნებისმიერი სახის დისციპლინის პრობლემის არსებობას კლასში, რაც ართულებს ბავშვის გონებრივ-პიროვნულ განვითარებას. შეიძლება არსებული პრობლემა ყურადღების მიღმა დარჩეს და თავი იჩინოს უკვე მოზრდილ ასაკში. არის შემთხვევები, როდესაც მშობლებიც არ აღიარებენ დარღვევის არსებობას და ამას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევენ. ბავშვის ფსიქოლოგების და ნევროლოგების რჩევა არის ის, რომ ადრეულ ეტაპზევე მოხდეს დარღვევის იდენტიფიკაცია და ყურადღება მიექცეს მას, რადგან თავიდანვე გაწეული დახმარება ატარებს პრევენციულ ხასიათს და ხელს უწყობს ბავშვის განვითარების პროცესის ნორმალურად წარმართვას.

 

 

ავტორი: მარიამ ქაცარავა

მსგავსი ინფორმაცია