download

რა არის აუტიზმი? მისი მახასიათებლები და ბავშვის ჩართულობა სწავლის პროცესში

Comments Off 12421

AutismAwarenessრა არის აუტიზმი?

აუტიზმი თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა ლეო კანერ-მა ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა აუტიზმისათვის დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:

  • სოციალური ურთიერთობის დამყარების სირთულე,
  • კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების პრობლემა,
  • ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა,
  • საგნებით გატაცება,
  • ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მას მთელი ცხოვრების მანძილზე. საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20%-ში მშობლები აღნიშნავენ ნორმალურ განვითარებას პირველი ორი წლის განმავლობაში.

გამოვლინების ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციის გაზიარების შეუძლებლობა, განმეორებადი, უჩვეულო, თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.

აუტიზმის მქონე ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ ინტენსიური და ხანგრძლივი თერაპიული ინტერვენციის, მშობლების ზრუნვისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.

აუტიზმის  სინდრომისათვის  დამახასიათებლი  ნიშნები  სხვა მდგომარეობების დროსაც გვხვდება, ამდენად, დგება დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა და აუტიზმის მსგავსი მდგომარეობების კლასიფიკაციის პრობლემა.

სინონიმებია: ბავშვთა აუტიზმი, კანერის სინდრომი, ადრეული ბავშვობის აუტიზმი.

რით ხასიათდება აუტიზმი?

სინდრომის სახელწოდებიდან გამომდინარე, აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების  პრობლემა.  ასეთი  ბავშვი  არ  აქცევს  ყურადღებას  ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. უჭირს წარმოსახვითი და როლური თამაში. შეიძლება შეგვხვდეს აუტიზმის გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი, მაგრამ ყველას, მეტ-ნაკლებად, 3 წლამდე უკვე უმჟღავნდება პრობლემები კომუნიკაციაში, სოციალურ ურთიერთობაში, მეტყველებაში, ემოციურ განვითარებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩვილობაში დაქვეითებულია ე.წ. ერთობლივი ყურადღება, რაც თვალით კონტაქტსა და სხვებთან გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავდებიან მეტყველების განვითარების დონით. ძირითადად, დამახასიათებელია ექოლალია, აუტოექოლალია, გადავადებული ექოლალია, სტერეოტიპული ფრაზები, აკვიატებული ფრაზების გამეორება (მაგ. ფილმებიდან, რეკლამებიდან) და კარგი ლექსიკური მარაგის შემთხვევაშიც კი მეტყველების გამოყენების სირთულე კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
აუტიზმის მქონე ბავშვებს სენსორული გამღიზიანებლებისადმი ძლიერი ჰიპერესთეზია აქვთ: მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური, გემოს თუ სუნის სტიმულების მიმართ მგრძნობელობა ძლიერ აწეულია.  მუდმივი სენსორული დისკომფორტის ფონზე ბავშვებს აღენიშნებათ თვითსტიმულაცია (მაგ. ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი), რომელიც კომპენსატორულ ხასიათს ატარებს და უცნაურ, არაადეკვატურ მოქმედებებად აღიქმება. აუტისტი ბავშვი თვითსტიმულაციით ცდილობს შფოთვის მომგვრელი და მისთვის უსიამოვნო გარემოს მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოციების დაძლევას და დადებითად შეფერილი ემოციური მდგომარეობის მიღწევას.
ცვლილებებისადმი რეზისტენტობა – აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ რაიმე შეცვალონ საკუთარ მოქმედებაში და ვერ იტანენ გარემოში მოულოდნელ ცვლილებებს. ახალი გარემო მათთვის ძლიერი უარყოფითი ემოციებისა და შიშების წყაროა. ნაცნობი გარემოსა და ყოველდღიური ცხოვრების წესის თუნდაც მცირეოდენმა ცვლილებამ (მაგ. ოთახის მოწყობაში, ჭამის, თუ დაბანის პროცესში), შეიძლება, ბავშვის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ, აქვთ სტერეოტიპული რიტუალები. ჩვეულ დღის წესრიგში რაიმე ცვლილება იწვევს ბავშვის, ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას. მათ წინასწარ შემზადება ესაჭიროებათ  მოსალოდნელ  ცვლილებებთან  დაკავშირებით.
ემოციური და ქცევითი სფერო - ბავშვის ემოციური და ქცევითი დარღვევები კარგად ჩანს თამაშში. აუტიზმის მქონე ბავშვების თამაში სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს, მათ უჭირთ წარმოსახვითი და როლური თამაში. სათამაშოებზე უფრო მეტად ბავშვებისათვის მიმზიდველია საგნები, სხვადასხვა მასალა და მათი ფიზიკური ეფექტები (მაგ. ბოთლი, თავსახური, ღილები); ისინი სათამაშოებიდან უპირატესობას არასპეციალიზებულ სათამაშოებს ანიჭებენ (კუბიკები, მძივები) ხშირად ბავშვებს იზიდავს საგნის რომელიმე ნაწილი ან თვისება (მაგ. ნახვრეტი, ტრიალი, მოძრაობა, ბრჭყვიალი, ფერი, ფაქტურა). სპონტანური თამაში ინერტულ, სტერეო ტიპულ ხასიათს ატარებს და იშვიათია სათამაშოთი საგნობრივი მოქმედებების განხორციელება; ხშირია სხვაობა მეტყველებაში გამოხატულ მოქმედებებსა და სათამაშოებით რეალურ მანიპულირებას შორის.

რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმი თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური დარღვევაა. მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს:

1)            ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა.

2)            გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.

3)            გარემოს მავნე ზემოქმედება.

აუტიზმი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რამდენიმე  ფაქტორის ზემოქმედების შედეგს.

აუტიზმის გამომწვევი შესაძლო მავნე გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტყვიის, მერკურის, კადმიუმის, ალუმინის, ვერცხლისწყლისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქ- მედება.
იმუნური სისტემის დეფიციტის ჰიპოთეზა: იმუნური სისტემის დაქვეითება, აუტოიმუნური მექანიზმებისა და იმუნური რეგულაციის დარღვევა მაღალ კორელაციაშია აუტისტური სპექტრის აშლილობასთან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით პათოლოგიური აუტო- იმუნური რეაქციები ძლიერ მოწყვლადს ქმნის ცენტრალურ ნერვულ სისტემას სხვადასხვა ვირუსული ზემოქმედებისადმი, რაც შეიძლება აუტიზმის ერთ-ერთი ფაქტორი იყოს (Hilt et al., 2006).

აუტიზმის ფსიქოლოგიური ეტიოლოგიური თეორიები მრავალფეროვანია. ფსიქოგენური თეორიების მიხედვით, აუტიზმის ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორად ფსიქოსოციალური ფაქტორები ითვლება; ბიოგენური თეორიების მიხედვით, აუტიზმს ნეირობიოლოგიური ფაქტორები უდევს საფუძვლად; კოგნიტური თეორების მიხედვით კი აუტისტურ დარღვევებს საფუძვლად უდევს სპეციფიკური კოგნიტური მექანიზმები.

რამდენად ხშირია აუტიზმი?

აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ყოველ 10000 ადამიანზე 5 შემთხვევა მოდის. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, შემთხვევათა პრევალენსი 2- დან 10 შემთხვევამდე მერყეობს 10000 მოსახლეზე. ამასთან, აუტიზმი 4-5-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. (2007)

პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვის ძლიერი მხარეების შეფასება. ბავშვებს შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან ერთი ან რამდენიმე კარგად განვითარებული უნარი ჰქონდეთ:

  • არავერბალური ინტელექტი;
  • ხატვა;
  • პერცეპტულ-მოტორული უნარები;
  • გამორჩეული მხედველობითი მეხსიერება;
  • მხედველობით-სივრცითი უნარები;
  • მუსიკალური უნარი;
  • კომპიუტერისადმი ინტერესი და მისი გამოყენების ადვილად ათვისება.

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს და როგორ?Autism_Awareness_Ribbon

აუტიზმის მქონე ბავშვის დახმარება, პირველ რიგში, მისი სწორი  და  დროული დიაგნოსტიკაა.

კვლევები ადასტურებენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევაში მშობლების პირველი ჩივილი ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით 18 თვის ასაკში აღინიშნება. როგორც წესი, ძირითადი ჩივილია მეტყველების განვითარება – ბავშვი არ ლაპარაკობს და არც უფროსების ლაპარაკს აქცევს ყურადღებას. ამის შემდეგ საშუალოდ მხოლოდ 6 თვეში მიმართავენ მშობლები პროფესიულ დახმარებას. ბუნებრივია, რომ ბავშვს აფასებს ან პედიატრი ან ბავშვთა ნევროლოგი. მიმართვების 50%-ში ექიმი თვლის, რომ საგანგაშო არაფერია და საჭიროა მხოლოდ მოთმინებით ლოდინი. შესაბამისად, შემთხვევათა უმრავლესობაში ფორმალური დიაგნოზი უკვე 5-6 წლის ასაკში ისმება. ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს ადრეული ინტერვენციისა და დროული დახმარების შესაძლებლობას.

სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ დიაგნოსტიკური კრიტერიუმების გამოყენება 3 წლიდან არის შესაძლებელი და მანამდე ზუსტი დიაგნოსტიკა  შეუძლებელია.  კლინიკური  პრაქტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დიაგნოსტიკური ეფექტურო- ბის  გაზრდისათვის  მნიშვნელოვანია:

  • მშობლების ჩივილების სერიოზული შეფასება;
  • ბავშვის განვითარების დეტალური მონიტორინგი, არა მხო- ლოდ მოტორიკისა და შემეცნებითი უნარების, არამედ ემო- ციური და სოციალური სფეროსიც;
  • პედიატრისა და ბავშვთა ნევროლოგის მიერ ბავშვის განვითა- რების შეფასებისას პერვესიული აშლილობის სადიაგნოსტიკო სკრინინგის   აუცილებლობა;
  • ეჭვის შემთხვევაში, სამუშაო დიაგნოზის მიღება და ბავშვის ხელმეორე შეფასება 3 თვის შემდეგ. ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ბავშვის სპეციალიზებულ გამოკვლევაზე მიმარ- თვა  და  სხვა  სპეციალისტების ჩართვა.

იდეალურ შემთხვევაში ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური   გუნდის   მიერ,   რომელშიც   გაერთიანებულნიარიან პედიატრი ან ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, მეტყველე- ბის თერაპევტი, ბავშვთა ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვის შეფასება ხდება მშობლებისა და მასწავლებელების ინტერვიურების, ბავშვის ქცევაზე დაკვირვებისა და ფსიქომეტრუ ლი ტესტების მონაცემების საფუძველზე.
ადრეული ინტერვენციის პროგრამები მიმართულია  აუტიზმის ძირითადი ნიშნების შემსუბუქებაზე, პირველ რიგში კომუნიკაციის, მეტყველების და სოციალური ინტერაქციის უნარებზე. აუტიზმის დასახმარებელი პროგრამების ანალიზმა ცხადყო, რომ საუკეთესო და ეფექტურია პროგრამები, რომლებიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში იწყება, სადაც გამოიყენება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალიზებული მომსახურება, სტრუქტურირე- ბული და სისტემატური სწავლება და ოჯახის წევრების აქტიური ჩართულობა (Dawson, Osterling, 1997; Smith, Lovaas, 1998; AAP, 2007).

აუტიზმის  დასახმარებლად  გავრცელებული  პროგრამები  მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ფსიქოგანათლება, რომლის მეშვეობითაც მშობლები ინფორ- მაციას ღებულობენ შვილის დიაგნოზის, მისი პროგნოზის, მი- საწვდომი და საჭირო დახმარების შესახებ;
  • ბავშვის შესაფერის   სასწავლო   გარემოში   მოსათავსებლად რჩევების მიცემა და მხარდაჭერა;
  • ოჯახზე ფოკუსირებული ხანგრძლივი თერაპიული მიდგომა;
  • სასწავლო აქტივობის ცენტრალური მეთოდი _ სტრუქტურირებული სწავლება;
  • ქცევითი მოდიფიკაცია _ სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და მძიმე ქცევითი დარღვევების შესამცირებლად;
  • თვითმომსახურებისა და აკადემიური ჩვევების ტრენინგი;
  • კომუნიკაციური უნარების ტრენინგი;

მშობლების განათლება და ტრენინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი სტრატეგიაა უტიზმის მკურნალობისას. მშობლების ტრენინგი უზრუნველყოფს თერაპიულ დახმარებასთან ერთად ბავშვის ქცევის გაგებასა და მართვას მშობლების მიერ, მშობლების შფოთვის შემცირებას, ბავშვის სწავლებისათვის საჭირო პირობების შექმნას ოჯახში, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე სახლის გარემოს მოწყობასა და ორგანიზებას. კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც უტარდებოდათ ინტენსიური ტრენინგი და საგანმანათლებლო საუბრები, ბევრად უფრო უკეთესი თერაპიული და სწავლების შედეგები ჰქონდათ (AAP, 2007).

არ არსებობს აუტიზმის მკურნალობის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მეთოდი. მედიკამენტოზურ მკურნალობას სიმპტომატური ხასიათი აქვს და ინიშნება თვითდამაზიანებელი ქცევის, შფოთვის და შიშების, ეპილეფსიური შეტევებისა და ყურადღების დარღვევის სიმპტომების შესამცირებლად. ძირითადად იყენებენ ნეიროლეპტიკებს (მაგ. რისპერიდონს), სტიმულანტებს და სეროტონინის სელექციურ ინჰიბიტორებს.

download როგორ ვასწავლოთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

 აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების ადეკვატურად შერჩეულ პროგრამებს,  ძლიერ სტრუქტურირებულ, წინასწარმეტყველებად  და  კარგად  ორგანიზებულ სასწავლო გარემოს. სწავლების  პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს ურთიერთობის, სოციალური დასწავლის, ქცევისა და  ყოველდღიური ცხოვრების ჩვევების გასაუმჯობესებელი მეთოდები. ქცევის ან ურთიერთობის პრობლემები,  რომლებიც ხელს უშლის ბავშვს სწავლის პროცესში, მოითხოვს კვალიფიციური პროფესიონალის დახმარებას  და  მის მიერ სკოლასა და სახლში განსახორციელებელი სპეციალური გეგმის შემუშავებას. ბავშვი უნდა სწავლობდეს  მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით და ინდივიდუალიზებული სასწავლო პროგრამით. საკლასო ოთახი ისე უნდა მოეწყოს, რომ ხელს უწყობდეს პროგრამის რეალიზებას. როდესაც აუტიზმის მქონე მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად, ისინი მასალას უკეთ ითვისებენ და ნაკლებად იბნევიან. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი განვითარების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან  თანატოლები იძლევიან საუბრის, სოციალური და ქცევის ჩვევების მაგალითებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლებისათვის პროგრამების შემუშავებას, რათა ასეთი ბავშვების სწავლების მეთოდები, გამოცდილება და მიდგომები ოჯახსა თუ საზოგადოებაშიც გავრცელდეს.

აუტისტი ბავშვის სწავლების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი „სწავლის სტილის“ დადგენა. „სწავლის სტილი“  გულისხმობს იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება. ადამიანებმა, შეიძლება, ისწავლონ დანახვით (ვიზუალურად), მოსმენით (აუდიტორულად) და/ან შეხებით ან საგნების მანიპულირებით (კინესთეტიკურად, „ხელებით სწავლა“).

აუტისტი ბავშვები, ხშირად, სწავლის ერთ რომელიმე სტილს იყენებენ. ადამიანზე დაკვირვებით, შესაძლებელია, მისი სწავლის ძირითადი სტილის განსაზღვრა. მაგ. თუ აუტისტი ბავშვი ათვალიერებს სურათებიან წიგნს, უყურებს ტელევიზორს (აწეული ხმით ან ხმადაბლა), აკვირდება ხალხს და საგნებს _ მისი სწავლის სტილი ვიზუალურია. თუ აუტისტი ბავშვი ბევრს ლაპარაკობს, მოსწონს, როცა მას ელაპარაკებიან, უსმენს რადიოს ან მუსიკას _ მისი სწავლის სტილი აუდიტორულია. ხოლო, თუ აუტისტი ბავშვი საგნებს გამუდმებით შლის ნაწილებად, აღებს და ხურავს უჯრებს და ცდილობს, ყველაფერი ხელით მოსინჯოს,  ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვი კინესთეტიკურად, ანუ შეხებით სწავლობს.

ბავშვის სწავლის სტილის გარკვევა ზრდის ბავშვის სწავლის შესაძლებლობის ალბათობას. თუ მასწავლებელმა ზუსტად არ იცის სწავლის რომელი სტილია დამახასიათებელი ბავშვისთვის, ან მუშაობა უხდება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე ბავშვების ჯგუფთან, საუკეთესო მეთოდია სწავლის სამივე სტილის გამოყენება.

მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი _ მიიღოს და  გადაამუშაოს  მიწოდებული  ინფორმაცია.  ამაზეა  დამოკიდებული  ბავშვის წარმატება და ქცევა სკოლაში. ამიტომ აუცილებელია, რომ სკოლაში ბავშვის მისვლისთანავე მასწავლებელმა გაარკვიოს და შეუფარდოს მას მისთვის საჭირო სწავლის სტილი. ასეთ შემთხვევაში აუტისტი ბავშვი მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევს.

აუტიზმის მქონე ბავშვების ეფექტური განათლებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტრუქტურირებული სწავლებისა და ინტენსიური  ქცევის ტრენინგის პროგრამებში.

 


 

 

თეორია:ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევები – თამარ გაგოშიძე (c 2007)

 

 

მსგავსი ინფორმაცია