kids_books

ნიჭიერი და ტალანტის მქონე ბავშვები

Comments Off 1385

თუკი,  შემაჩნიეთ, რომ თქვენს ბავშვს უფრო სწრაფად უვითარდება უნარები, ვიდრე მის თანატოლებს, ან რომელიმე კონკრეტულ სფეროში მას უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე – მისი ასაკის სხვა ბავშვებს, ასეთ შემთხვევაში თქვენი ბავშვი შესაძლოა შეფასდეს, როგორც – ნიჭიერი (gifted), ან ტალანტის მქონე (talented).

რას ნიშნავს ნიჭიერი და ტალანტის მქონე?

ეს ტერმინები გამოიყენება სკოლებში იმ ბავშვების აღსანიშნავად, რომელთაც მათი ასაკისთვის შესამჩნევად მეტი პოტენციური უნარების განვითარების შესაძლებლობები აქვთ. თუმცა,  არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ორი ტერმინი ზუსტად ერთი და იმავეს აღნიშნავს. კერძოდ:

ნიჭიერი მოსწავლეები – ეს ისეთი ბავშვები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ ერთ, ან რამდენიმე სასწავლო საგანში, მაგალითად: მათემატიკაში, უცხო ენაში და ა.შ.

ტალანტის მქონე მოსწავლეები –  ეს ისეთი ბავშვები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული პრაქტიკული უნარები აქვთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, მუსიკა, ხელოვნება და ა.შ. აქვე შეიძლება შედიოდეს ისეთი თვისებები და უნარები, როგორებიცაა: ლიდერობა, ორგანიზაციული ნიჭი და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ცნობილი კანადელი ფსიქოლოგი – Françoys Gagné / ფრანცის გაგნე, რომელიც ამ სფეროში წამყვანი სპეციალისტია და რომელმაც შექმნა „ნიჭისა და ტალანტის განმასხვავებელი მოდელი“ (the Differentiated Model of Giftedness and Talent (DMGT)), ნიჭიერ მოსწავლეებს განსაზღვრავს, როგორც გამორჩეული და მაღალი დონის თანდაყოლილი უნარების მქონე ბავშვებს. ამავდროულად, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ბავშვებთან ეს უნარები შესაძლოა ადამიანის შესაძლებლობების ნებისმიერ სფეროში გამოვლინდეს, იქნება ეს ინტელექტუალური, ფიზიკური და სოციალური სფერო, თუ შემოქმედებითობა. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, თანატოლების 10%-ს შეადგენენ, მაშინაც კი, როდესაც მათი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოვლენილი. ამის საპირისპიროდ, ტალანტის მქონე მოსწავლეები არიან ისეთი ბავშვები, რომელთა შესაძლებლობებიც უკვე გამოჩნდა მათ მიღწევებში და მიმდინარე შესრულების დონით ისინიც თანატოლების 10%-ს შეადგენენ. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ნიჭიერება მოიაზრებს თანდაყოლილ უნარებს, მაშინ, როდესაც ტალანტის ქვეშ იგულისხმება სისტემატურად განვითარებადი უნარები.

 როგორ უნდა მივხვდეთ, ჩვენი ბავშვი ნიჭიერი, ან ტალანტის მქონეა, თუ არა? 

არსებობს საერთო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ნიჭიერი, ასევე ტალანტის მქონე  ბავშვებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშანია  – „არათანაბარი განვითარება“ / uneven development. მათ შესაძლოა აღენიშნებოდეთ განსაკუთრებული უნარები ერთ, ან  ერთდროულად რამდენიმე სფეროში. ნიჭიერი და ტალანტის მქონე მოსწაავლეებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, შემდეგი:

  • აზროვნების განსაკუთრებული უნარი.
  • სწავლობს სწრაფად და მარტივად, რადგან უპრობლემოდ შეუძლია ინფორმაციის გახსენება.
  • კითხვას ადრეული ასაკიდან იწყებს.
  • აქვს მდიდარი ლექსიკონი და შეუძლია მისი სწორად გამოყენებაც.
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია ღრმა ინტერესით იყოს დაკავებული რაიმე საკითხით.
  • არის ცნობისმოყვარე და აქვს წარმოსახვითი და ორიგინალური ფიქრის უნარი.
  • მიუხედავად წინააღმდეგობებისა, შეუპოვრად მისდევს რაიმე საკითხის შესწავლას, ან რაიმეს კეთებას.
  • აქვს ძლიერი, ან უჩვეულო იუმორის გრძნობა.
  • უყვარს კითხვების დასმა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დადებითი მახასიათებლებისა, ნიჭიერ ბავშვებს შესაძლოა ისეთი უარყოფითი ნიშნებიც ახასიათებდეთ, როგორებიცაა:

  • მალე ხდება მობეზრებული, სწავლა-აღზრდის მეთოდებს წინააღმდეგობას უწევს (resist drill), ხელს უშლის სხვებს, ან გაკვეთილზე ბევრს ოცნებობს.
  • უფროსებს შეცდომებს უტაქტოდ უსწორებს, ან არ სცემს პატივს მათ არგუმენტებს.
  • ჰყავს ცოტა მეგობარი, არ არის კონფორმული და მომთმენი სხვებთან მიმართებაში.
  • არ უყვარს ჯგუფური სამუშაო.
  • შესაძლოა, იუმორის გრძნობა უტაქტოდ და სიტუაციის შეუსაბამოდ გამოიყენოს.
  • შესაძლოა, იყოს უყურადღებო, თუმცა სამუშაოს თავს მაინც ყოველთვის ართმევს.
  • კრიტიკაზე შეიძლება ზე-მგრძნობიარე იყოს.
  • ხშირად იჩენს პერფექციონიზმისადმი მიდრეკილებას.

დოქტორი ლინდა კრეიგერი / Dr Linda Kreger Silverman, ა.შ.შ.-ს ნიჭიერთა განვითარების ცენტრის წარმომადგენელი (the Gifted Development Center in the US.) ამბობს, რომ:“ იყო ნიჭიერი ბავშვის მშობელი, ეს არის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.“  კრეიგერი ნიჭიერ და ტალანტის მქონე ბავშვებს ახასიათებს შემდეგნაირად: ასეთი ბავშვები უფროსს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, როგორც ფინანსურად, ასევე დროის მხრივაც.  მათ, ჩვეულებრივ, სძინავთ უფრო ნაკლებ ხანს, ვიდრე უფროსებს, სვამენ ისეთ კითხვებს, რომელთა უმრავლესობაზეც პასუხი არ გვაქვს. ასეთი ბავშვი ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში საჭიროებს უფროსის ყურადღების 100%-ს, აქვს აკვიატებული, ანუ ობსესიური ჰობი, სასწავლო პროგრამის მიმართ უინტერესოა, ინტენსიურად რეაგირებს ყველაფერზე, დაუსრულებლად ეძებს ისეთ მეგობარს, რომელიც მას ყველაზე უკეთ გაუგებს, საკუთარ თავს და სხვებსაც უწესებს სრულყოფილ სტანდარტებს, სურს იცოდეს, თუ რა არის ცხოვრების დანიშნულება და ა.შ.  რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ მშობელმა, ან მასწავლებელმა ბავშვის ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ყველა მის თვისებას უნაკლოდ მოერგოს. ის რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ასეთ ბავშვებთან მიმართებაში, არის შემდეგი: მშობელსაც და მასწავლებელსაც უნდა ახსოვდეს, რომ ნიჭიერი ბავშვების აღზრდის მთავარი გასაღები მათი პატივისცემაა, კერძოდ – მათი უნიკალურობის, მათი შეხედულებების, იდეებისა და ოცნებების პატივისცემა.

როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა ნიჭიერი და ტალანტის მქონე მოსწავლე?

იმ ატმოსფეროში, სადაც მოსწავლეს უხდება საუთარი ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენა, მასწავლებელი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს ბავშვს და ობიექტური შეფასების მეთოდებთან ერთად უნდა ქმნიდეს ბავშვის საერთო სურათს, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება დასკვნის გამოტანა: ნიჭიერია თუ არა ბავშვი?

იდენტიფიკაციის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვების შეფასებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს მათმა გენდერმა, რასობრივმა წარმომავლობამ, კულტურულმა, თუ სოციო-ეკონომიკურმა სტატუსმა, ფიზიკურმა, თუ სენსორულმა შეზღდუვებმა და ა.შ. იდენტიფიკაცია უნდა იყოს მოქნილი და გრძელვადიანი პროცესი და იდეალურ შემთხვევაში უნდა ეყრდნობოდეს ინფორმაციის შემდეგ წყაროებს: მშობლები, IQ ტესტები (როგორც ვერბალური, ასევე არა-ვერბალური), საკლასო ჩანაწერები, ანუ მასწავლებლის დღიურები, მიღწევების ტესტები (მაგალითად, კითხვაში, ან მათემატიკაში), ინტერვიუ უშუალოდ ბავშვთან, მასზე მზრუნველ პირებთან, წინა მასწავლებელთან და სკოლის ფსიქოლოგთან და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენება ბავშვის შეფასებისას ძალიან სასარგებლო ინფორმაციას იძლევა, მას ნაკლიც აქვს: შესაძლოა, შეფასების მომენტისთვის ასეთ ბავშვებს თავიანთი პოტენციური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ჰქონდეთ ბოლომდე ათვისებული. ნიჭიერი და ტალანტის მქონე ბავშვები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ჰომოგენური ჯგუფი, რადგან ისინი განსხვავდებიან ნიჭიერებისა და ემოციური, ფიზიკური და სოციალური განვითარების ხარისხის მიხედვით. ასეთი მოსწავლეების ქცევა იცვლება კლასიდან კლასში და ნიჭიერება, ან ტალანტის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი აუცილებლად  იქნება ყველაზე შრომისმოყვარე, ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე დამჯერი მოსწავლე.

მხარდაჭერა

თუკი მშობელი თვლის, რომ მისი ბავშვი არის ნიჭიერი, ან ტალანტის მქონე, ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს მის მასწავლებელს ბავშვის უნარებისა და საჭიროებების შესახებ.

გყავდეს ნიჭიერი, ან ტალანტის მქონე ბავშვი კლასში, ეს დიდი ბედნიერებაა, თუმცა ასევე, დიდი გამოწვევაცაა. ასეთი ბავშვები მასწავლებელს ზოგჯერ დიდი პრობლემების წინაშე აყენებენ. მასწავლებელმა ნიჭიერ ბავშვებს მათი პოტენციური შესაძლებლობების განვითარების პირობები უნდა შეუქმნას. ამგვარი პირობები კი, შეიძლება სცდებოდეს ჩვეულებრივი ბავშვებისათვის განკუთვნილ სასწავლო გეგმას. თუკი მოსწავლე დაწებით კლასშია, მაგრამ აჩვენებს ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მომდევნო კლასებისთვისაა დამახასიათებელი, მასწავლებელს შეუძლია, ასეთი ბავშვის ამ კლასში გადაყვანა. თუმცა ამ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს პროცესი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ მასწავლებელი ბავშვის მხოლოდ აკადემიურ მიღწევებს არ უნდა დაეყრდნოს. მან უნდა გაითვალისწინოს მისი ემოციური და სოციალური სფეროს განვითარების დონეც. ნიჭიერი ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანა, ან მისი ასაკისთვის უფროს კლასში გადაყვანის საკითხს  მულტიდისციპლინური გუნდი უნდა წყვედეს. ასევე, მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობაც.

სკოლა თითოეული მოსწავლის საჭიროებებს თანაბრად უნდა პასუხობდეს. ხშირად, ნიჭიერი და ტალანტის მქონე ბავშვები სკოლაში უფრო მეტ მხარდაჭერას საჭიროებენ, ვიდრე – მათი თანატოლები. მათ ერთდროულად სჭირდებათ მეტი თავისუფლება, იმისთვის, რომ თავიანთი ტემპის მიხედვით ისწავლონ და ასევე – უფრო მეტი ხელმძღვანელობა. ასეთ ბავშვებს მასწავლებლების მხრიდან განსაკუთრებული დახმარება ესაჭიროებათ სოციალური უნარების, მაგალითად, ჯგუფებში მუშაობის უნარების განვითარებისთვის.

რჩევები მასწავლებლებს:

  • მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეადგინეთ დიფერენცირებული სასწავლო გეგმა.
  • უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ იმ საკითხების, ან იმ საგნების შესწავლას, რომლებშიც ბავშვი განსაკუთრებულ უნარს ამჟღავნებს. ამ გზით, მას დაეხმარებით პოტენციური შესაძლებლობების განვითარებაში.
  • მიეცით მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად წამოიწყონ საკლასო თემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა.
  • მიეცით მათ საშუალება, რომ დამოუკიდებლად შეისწავლონ ის, რაც ძალიან აინტერესებთ.
  • მიეცით მეტი დრო იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესასწავლად, რომლებშიც ბავშვები ყველაზე ცუდ შედეგებს აჩვენებენ.
  • კონკრეტულ საგნებში, ან მთლიანად სასწავლო გეგმაში ისეთი ცვლილებები შეიტანეთ, რომლებიც ბავშვებს თავიანთი უნარების პროგრესული განვითარების საშუალებას მისცემს.
  • ასეთი ბავშვებისთვის ხელმისწავდომი გახადეთ სხვადასხვა დამატებითი სასწავლო პროგრამები და ა.შ.

ნიჭიერ ბავშვთა სწავლების მიდგომები

ნიჭიერ ბავშვთა სწავლების ორ მიდგომას გამოყოფენ: ფორმალური და არაფორმალური.

ფორმალური სკოლები ორიენტირებულია მასწავლებლებზე: ასეთ სკოლებში ავტორიტარული სწავლის სტილია, მასწავლებელი იყენებს ფორმალურ სტილს, რაც იმას გულისხმობს, რომ ასწავლიან მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს (თემებს) ცალ – ცალკე, იყენებენ მოსწავლეებთან ურთიერთობის არა ჯგუფურ, არამედ ინდივიდუალურ სტილს, ზღუდავენ მოსწავლეტა მოძრაობას კლაში და ფართოდ იყენებენ მოტივაციის ისეთ მიდგომას, როგორიცაა ნიშანი.

არაფორმალურ სკოლაში, პირიქით, სწავლების პროცესში მოსწავლეა ჩართული, მასწავლებლები სწავლების არაფორმალურ მეთოდს მისდევენ და სასწავლო თემებს აერთიანებენ, მოსწავლეებს აძლევენ კლასში მოძრაობის უფლებას, მოსწავლეები თვითონ ირჩევენ სად ან ვისთან ერთად უნდა დასხდნენ. მასწავლებლები კი მოტივაციის ისეთ საშუალებას იყენებენ, როგორიცაა სიამოვნების მიღება სასწავლო პროცესისაგან.

თუმცა, პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რადიკალურად რომელიმე მიდგომის გამოყენებას, ჯობია ოქროს შუალედის დაცვა.

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. ინკლუზიური განათლების ფილოსოფია მასწავლებლებისგან მოითხოვს, რომ მათ ნიჭიერ და ტალანტის მქონე ბავშვებს თავიანთი პოტენციური შესაძლებლობების განვითარების ყველა შესაძლო პირობა შეუქმნან, მაგალითად, როგორებიცაა:

  • ნაკლებად შემზღუდველი, მოსწავლეზე-ცენტრირებული სასწავლო პროგრამები.
  • სკოლისა და თანატოლების მხარდაჭერის შესაფერისი გამოყენება.
  • მასწავლებლების წახალისება, რომ თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უფრო მოქნილები იყვნენ და ნაკლებად შეიზღუდონ თავი საკლასო გეგმისა, თუ სტანდარტული მეთოდების ჩარჩოებით.
  • პედაგოგებისთვის იმ უნარების გამომუშავება, რომლებიც დაეხმარება მათ, რომ მშობლებამდე, ბავშვზე მზრუნველ სხვა ადამიანებამდე, მოსწავლის თანატოლებამდე და სხვა დარგის სპეციალისტებამდე საჭირო ინფორმაცია დროულად და სწორი გზით მიიტანოს.

ინკლუზიური განათლების ფარგლებში ნიჭიერი, ან ტალანტის მქონე ბავშვებისთვის ასევე გამოიყენება ბიჰევიორისტული მიდგომა, კერძოდ – ხდება ასეთი ბავშვების ქცევის მენეჯმენტი. ეს თავისთავად რთული პროცესია და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, მათ შორისაა:

  • მოლოდინები – ნებისმიერი მოასწავლისთვის, მათ შორის ნიჭიერი და ტალანტის მქონე ბავშვებისთვისაც, ნათელი უნდა იყოს, რომ მათგან მოითხოვენ ისეთ ქცევას, რომელიც შეეფერება საკლასო გარემოს. ამ ნორმის განზრახ და უხეშად დარღვევის შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა მიიღოს სპეციალური ღონისძიებები და ქცევის მენეჯმენტის სპეციალური მეთოდების გამოყენებით მოახდინოს ბავშვის ქცევის ეფექტური კორექტირება.

ნიჭიერ ბავშვზე ზრუნვა

სკოლის სტრუქტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ იყოს ერთი პედაგოგი, რომელსაც ნიჭიერი და ტალანტის მქონე მოსწავლეების კოორდინატორს ან მასწავლებელს უწოდებენ, ის ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს ნიჭიერი ბავშვების განათლებისთვის, მათი წახალისებისთვის, მასწავლებლებს ატრენინგებს და ასწავლის მათთან მუშაობას. ზოგიერთ სკოლას აქვს სპეციალური ,,ინდივიდუალური მოთხოვნების’’ დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია ორივე ტიპის, ნიჭიერი და პრობლემური ბავშვების, მართვაზე. კარგ სკოლებში, ცდილობენ თითოეული ბავშვის უნარების აღმოჩენას და შესაბამისად მათთან მუშაობას. სკოლებს უნდა ჰქონდეთ შემუშავებული მეთოდი, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვები იქნებიან გაკონტროლებულები. ნიჭიერი ბავშვის თვითშეფასების დაწევაც შეიძლება გამოიწვიოს პედგოგის არასწორმა მიდგომამ. მშობლების, მასწავლებლების აკადემიურმა ზეწოლამ, ჩხუბმა, არაადეკვატურმა მოთხოვნებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის უგუნებობდა, მოწყენა, რის გამოც დამალავს თავის ტალანტსს. სკოლებმა უნდა განსაზღვრონ და გაწერონ თავიანთი ყველაზე ნიჭიერი ბავშვების სწავლების წესები, რაც მისაწვდომი და თვალსაჩინო იქნება ყველასთვის. სკოლის რევიზია ელოდება იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ სკოლის მიერ შემუშავებული სტატეგიები მუშაობს. ეს სტრატეგიები უნდა მოიცავდეს, თუ როგორ ხდება ბავშვის უნარების აღმოჩენა, გაზომვა, სტრატეგიების მორგება და როგორ ვითარდება თითოეული საფეხურის/კლასის ბოლოს. ყველასთვის თვალსაჩინო უნდა იყოს, მშობლებისთვის, ადმინისტრაციისთვის.

ნიჭიერი ბავშვების პრობლემები:

  • წარმატების მიღწევა რთულია დღესდღეობით, ამ პრობლემას ნიჭიერი ბავშვებიც აწყდებიან;
  • შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მათი ნიჭი ვერ შეაფასონ სწორად, უგულებელყოფილნი იყვნენ;
  • შესაძლებელია იყოს ნიჭიერი და ჰქონდეს განსაკუთრებული უნარ – ჩვევები, მაგრამ თან ჰქონდეს პრობლემებიც (დისლექსია, დისგრაფია, ასპერგერის სინდრომი და ა.შ);
  • მათი ინტელექტი ძალიან სწრაფად ვითარდება, უფრო მეტად ვიდრე ემოციური და სოციალური უნარები;
  • ჯგუფების წევრობა რთულია, რადგან ბავშვი სრულიად განსხვავებულად ფიქრობს და აზროვნებს;
  • კლასში ყოფნისას, თუ უნდათ რომ არ გამოჩნდნენ ქედმაღლები, ამპატავნები, უწევთ არ გამოავლინონ თავიანთი ყველა უნარი;
  • მათი მოწყენილობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, როცა მასწავლებელმა არ იცის როგორ უნდა იმუშაოს ნიჭიერ ბავშვებთან. შემდგომ ბავშვი გაჯიუტდეს, არც თუ ისე კარგად მომიქცეს და მასწავლებელმა დასაჯოს;

გასაკვირი არაა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების ცხოვრება ძალიან გაუგებარი და არეულია ყველაფერთან ერთად.

ურჩი თუ ნიჭიერი?

იმ კლასებში, სადაც არ არის ადეკვატური სასწავლო სისტემა, ბავშვებს შეიძლება მოსწყინდეთ, რადგან გაუგებარია რას ითხოვენ მათგან და ისეთი ქმედებები განახორციელონ, როგორებიცაა:

,,გათიშვა’’ – მტელი დღე ოცნება, საგაკვეთილო პროცესის უგულებელყოფა;

სკოლისთვის თავის არიდება – გაცდენა, სხვადასხვა მიზეზების მოგონება;

დესტრუქციული ქმედებები – რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჩხუბით.

ბავშვები გრძნობენ იმას თუ მათგან რას ელოდებიან უფროსები და ხშირად იქცევიან შესაბამისად. თუ ბავშვმა იცის რომ მისგან ბევრს არაფერს მოელიან, შეიძლება გაზარმაცდეს უფრო მეტად გაჯიუტდეს.

აქვთ თუ არა ნიჭიერებს განსაკუთრებული უნარები?

ნიჭიერება ან განსაკუთრებული შესაძლებლობები სამართლიანად არ მოიაზრება სპეციალური საგანმანათლებლო უნარების კატეგორიაში. თუ პრობლემა წარმოიშვა, ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა, მოსაწყენია იქ მისთვის, არ არის ბედნიერი, მშობლებმა უნდა ითანამშრომლონ ამ დროს მასწავლებლებთან, სკოლასთან, კლასთან არაოფიციალური გზით. შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ, თუ აღმოცენდა ქცევის პრობლემები. თუ მშობლები მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სჭირდებათ პირადი მრჩეველი, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გათვითცნობიერებულია სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ის მიაწვდის მათ ინფორმაციას ბავშვის ინტელექტუალური უნარების, პოტენციალის შესახებ. შემდგომ მშობლები ინფორმირებულები არიან მომავალი მოქმედების გეგმის შესახებ. მოზრდილი ბავშვების უნარების, ნიჭის, ტალანტის გაუცნობიერებლობამ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მათი შესაძლებლობები უგულებელყოფილი იქნას. თუ განსაკუთრებული უნარები დროულად არ იქნება აღმოჩენილი, წახალისებული არსებობს რისკი, რომ ბავშვი უკან – უკან წავა, ხალხში ,,დაიკარგება’’, ქცევის დესტრუქციულ გზას მიმართავს. ეს ხდება როცა დიდი ხნის განმავლობაშია აღმოუჩენელი ბავშვის უნარები.

ნიჭიერი ბავშვის სწავლება

ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენის შემდეგ, მას სჭირდება წამახალისებელი სასწავლო პროგრამები. ამ დროს მშობლების და მასწავლებლების როლი თანაბარია, თანამშრომლობითი. მშობლები ერთვებიან საღამოს მოწყობაში, არდადეგებზე, შაბათ -კვირას, უგეგმავენ სხვადახვა ტიპის საინტერესო აქტივობებს. ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. მასწავლებლებს დაწყებით კლასებში აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯგუფები. მათ შეიძლება შესათავაზონ ინდივიდუალური აქტივობები, დავალებები მისცენ. გაწერილი სილაბუსით მოქმედებენ, ნიჭიერ ბავშვს კი სეიძლება მისცენ დამატებით შემეცნებითი დავალებები, რაც საინტერესო იქნება მისთვის. მოთხოვნის და სწავლების სტრატეგიები თითოეული სკოლისთვის უნიკალურია, ინდივიდუალური, დამოკიდებულია გარემოებებზე.

უნდა მიიღოს თუ არა განათლება ნიჭიერმა ბავშვმა უფროს მოსწავლეებთან ერთად?

ნიჭიერი ბავშვის წარმატება არის მისი გონებრივი შესაძლებლობები, ყველაფრისდამიუხედავად სასწავლო სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შესაბამისობაში იყოს სასწავლო მოთხოვნები მის ემოციურ და სოციალურ სფეროსთან. ამისათვის მშობლები და მასწავლებლები ისევ და ისევ უნდა თანამშრომლობდნენ. ზოგიერთი მშობელი იღებს გადაწყეტილებას და ერთი ორი წლით აჩქარებს ბავშვის სკოლაში სწავლებას. ეს სტრატეგია ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არა. ბავშვი შეიძლება აკადემიური თვალსაზრისით ძლევდეს უფროსების მოთხოვნებს, მაგრამ შეუსაბამო იყოს მისი სოციალური ქცევები. ზოგიერთი დაწყებითი სკოლა უარს ამბობს ბავშვის კლასიდან კლასში გადახტომაზე.

უყურადღებობა და ნიჭიერი ბავშვი

ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ნიჭიერი ბავშვების შესახებ არის ის, რომ ისინი არიან კონცენტრირებულები და გამალებით უსმენენ მასწავლებელს, რაღაც განსაკუთრებულად იყურებიან. ხშირად, საწინაარმდეგოდ იქცევიან, უყურადღებოები არიან, არ ასრულებენ საშინაო დავალებებს, ან ასრულებენ, მაგრამ არ ამბობენ.

უყურადღებობა

ნიჭიერ ბავშვებს სჭირდებათ ბევრი ინტელექტუალური დავალება, თუ ისინი არ ღებულობენ  ამას მასწავლებლებისგან, თვითონ ეძებენ. თუ  გაკვეთილები უინტერესოა, მათთვის საინტერესო რამეებით კავდებიან. ზოგჯერ ასეთი ბავშვები ჩანან, როგორც მუდმივად მეოცნებეები. თუ უყურებენ ჩიტებს, ფიქრობენ თუ როგორ დაფრინავენ ისინი, თუ უყურებენ ქუჩებში ფოთლებს ფიქრობენ, თუ, როგორც ცვივა ისინი.

უყურადღებობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ასწავლიან იმას, რაც უკვე იცის ბავშვმა. მაგალითად, 5 წლის ბავშვი, რომელიც უკვე კითხულობს მესამე კლასის ბავშვის დონის შესაბამისად, მოუწევს იმისი ატანა და მოსმენა სხვები, როგორ წვალობენ.

ზოგადად როცა ბავშვები კითხვას სწავლობენ, საშუალოდ ცხრიდან – თორმეტამდე სჭირდებათ გამეორება იმისათვის, რომ გაიგონ ახალი კონტექსტი, ნათელი გონების მქონე ბავშვს სჭირდება – ექვსი – რვა გამეორება, ხოლო ნიჭიერ ბავშვს შეუძლია ისწავლოს ერთი ან ორი გამეორებითაც კი. რადგან კლასის უმრავლესობა საშუალო განვითარების დონისაა, მათ არ აქვთ ნასწავლი კითხვა საბავშვო ბაღში, სჭირდებათ მეტი დრო სკოლაში კითხვის სწავლისას, ამ დროს კი ნიჭიერი ბავშვისთვის საგაკვეთილო პროცესი საშინლად მოსაწყენი ხდება.

გასაოცარია, მაგრამ ნიჭიერ ბავშვს შეუძლია გააგრძელოს თუ რას ამბობს მასწავლებელი იმ შემთხვევაშიც, თუ ჩანს თითქოს არ უსმენდა, უპრობლემოდ შეუძლია გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ბავშვი იმდენად იყოს გართული თავისი ფიქრებითა და ოცნებებით, რომ ვერ გაიგოს თავისი სახელი, როცა მასწავლებელი მას დაუძახებს.

მასწავლებელს ჰგონია, რომ ბავშვი არ არის ამ დროს დაინტერესებული სწავლით, მაგრამ სინამდვილეში ამის საპირისპიროა. ბავშვი ზალიან მონდომებულია ისწავლოს, მაგრამ ის საკითხი, რაომელსაც განიხილავენ უკვე იცის და ახალს ვერაფერს იგებს, არაფრის მომცემია მისთვის ეს გაკვეთილი და თავის ოცნებებში მიდის.

სამწუხაროდ, მასწავლებელბი ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ნიჭიერი ბავშვის უყურადღებობის მიზეზი არის არა ზედმეტად ბევრი ინფორმაცია, არამედ პირიქით, ძალიან მცირე. სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ეთიშება საგაკვეთილო პროცესს, ამის გამო კი მასწავლებელი ნეგატიურად განეწყობა ნიჭიერი ბავშვის მიმართ.

პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის მასწავლებელთან გასაუბრება. ყველა მასწავლებელს უნდა გააკეთოს ის, რაც უკეთესი იქნება მისი მოსწავლისთვის. მაგრამ მშობელმა მასწავლებელტან თავი უნდა აარიდოს ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა ,,მოსაწყენი და ნიჭიერი,’’ ანუ არ უნდა უთხრას, რომ მისი შვილიშთვის საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენია, რადგან ის ნიჭიერი ბავშვია. ამ დროს მასწავლებელს უფრო გააღიზიანებს.

უმჯობესია, მასწავლებელთან საუბრისას მშობელმა უთხრას, რომ მისი შვილისთვის უფრო საინტერესოა, როდესაც რთული დავალება აქვთ გასაკეთებელი. თუ მასწავლებელი ეჭვისთვალით უყურებს ამ ყველაფერს, მაშინ მშობლებმა შეიძლება სთხოვონ, რომ ახალი სტრატეგიები სცადოს ბავშვთან ურთიერთობისას. თანამშრომლობა უნდა იყოს მშობელსა და მასწავლებელს შორის, აქცებტი გაკეთებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე.

სხვა პრობლემები ნიჭიერი ბავშვისთვის

ნიჭიერი და ტალანტის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი ან მეტი სპეციფიკური უნარი. ამის გამო:

  • მასწავლებლებისაგან და მშობლებისაგან ზეწოლას განიცდიდნენ, რადგან მათ სურთ მეტი და მეტი წარმატება ბავშვის;
  • წარუმატებლობის შიში და იმისი შეგრძნება, რომ არ არიან იდეალურები;
  • მათ არ აქვთ ნორმალურად დრო თამაშისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის;
  • ყველას აქვს დიდი მოთხოვნები და მოლოდინები ნიჭიერი ბავშვისგან;
  • ფრუსტრაცია იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი უნარები აქვთ ერთ სფეროში, მაგრამ სხვაში არა (მაგ, უმაღლესი კოგნიტური შესაძლებლობები, მაგრამ ნორმაზე უფრო დაბალი წერის უნარები);
  • სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემები და იმავე ასაკის მეგობრების პოვნის პრობლემა.
  • სტრესულ ფაქტორებს მიყავს ნიჭიერი ბავშვი ემოციურ პრობლემებამდე, როგორიცაა, დეპრესია, სტრესი.

ლიტერატურული წყარო

ავტორი: ნათია გაბედავა ; ანა დურგლიშვილი.

მსგავსი ინფორმაცია