bandura-bobo-doll-picture

ალბერტ ბანდურა – ბიოგრაფია და თეორია

Comments Off 3290

ბიოგრაფიული ცნობები

ალბერტ ბანდურა დაიბადა 1925 წლის 4 დეკემბერს, ჩრდილოეთ კანადის ალბერტის პროვინციის პატარა ქალაქ მუნდარაში. მას ხუთი უფროსი და ჰყავდა. ქალაქის ერთადერთ სკოლაში ბანდურას მხოლოდ ორი მასწავლებელი ჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ზაფხული ალიასკაზე გაატარა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ალიასკისა და აშშ-ს ძირითადი ტერიტორიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობდა. ბანდურა იმ მუშებს შორის აღმოჩნდა, რომელთა რიცხვშიც მრავლად იყვნენ ფსიქიკური ნორმის მიღმა მყოფი ადამიანები. სწორედ მათზე დაკვირვებამ გაუღვიძა ბანდურას ფსიქოპათოლოგიისადმი ინტერესი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, გამხდარიყო ფსიქოლოგი, ვანკუვერში ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მიიღო. ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მან 1949 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი  1951 წელს აიოვას უნივერსიტეტში მიიღო.  1952 წელს იგი კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი გახდა.  1953 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში დაიკავა პედაგოგის პოზიცია. 1964 წელს იგი სრული პროფესორი გახდა, ხოლო 1974 წელს ბანდურა აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად. აიოვას უნივერსიტეტში სწავლის დროს ბანდურამ ვირჯინია ვარნსზე იქორწინა და შეეძინათ ორი ქალიშვილი. პიროვნულად ბანდურას აღწერენ, როგორც გამორჩეულად ენერგიულ, სიცოცხლით აღსავსე, გადამდებად ოპტიმისტურ და საკუთარ იდეებში, რომ ინდივიდებსა და საზოგადოებას შესწევთ სრულყოფის მიღწევის უნარი, თავდაჯერებულ ადამიანს.

ბანდურას გამოქვეყნებული აქვს 7 წიგნი და უამრავი საჟურნალო სტატია, მიღებული აქვს დიდი რაოდენობით პრემიები და ჯილდოები. დღეს ბანდურა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის მიმართულებას საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე დევიდ სტარ ჯორდანის კოლეჯში.

 

სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია

ალბერტ ბანდურა ავტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სოციალურ-კოგნიტური თეორიისა. თეორიას ეს სახელი უწოდა, რადგან  მისივე განმარტებით, „სოციალური“ ხაზს უსვამს ადამიანის შემეცნებისა და ქცევის სოციალურ წარმომავლობას, ხოლო  „კოგნიტური“ – ადამიანის ემოციაზე, მოტივაციასა და ქმედებებზე შემეცნებითი პროცესების ზემოქმედებას. სოციალურ-კოგნიტური თეორია თავდაპირველად ბიჰევიორიზმზე  იყო დაფუძნებული, მაგრამ უფრო მეტად აქცენტს გონებრივ პროცესებზე აკეთებდა. იგი ხაზს უსვამს აზროვნების გავლენას ქცევაზე და ქცევის გავლენას აზროვნებაზე.

თეორიის ძირითადი პრინციპებია:

  1. ადამიანები სწავლობენ სხვა ადამიანებზე დაკვირვების საშუალებით.
  2. სწავლა შინაგანი პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ქცევის ცვლილება.
  3. ადამიანები და მათი გარემო ორმხრივად ახდენენ გავლენას ერთმანეთზე.
  4. ადამიანის ქმედება გარკვეული მიზნებისკენაა მიმართული.
  5. ადამიaნების ქცევა თანდათან უფრო თვითრეგულირებადი ხდება. ზრდასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობა, რომელსაც ბავშვი საკუთარ ქცევაზე იღებს.

თანამედროვე სოციალურ-კოგნიტური თეორია ადამიანს აქტიურ არსებად მიიჩნევს, რომელიც კოგნიტურ პროცესებს იყენებს იმისათვის, რათა წარმოადგინოს მოვლენები, იწინასწარმეტყველოს მომავალი, შეარჩიოს მოქმედების მიმართულება და ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ადამიანებთან.

ამრიგად, სოციალურ-კოგნიტური თეორია გამოირჩევა როგორც ადამინის ქცევის ფორმებისა და ასპექტების მრავალფეროვნებით, ისე – მეცნიერული სიმკაცრით. მას აინტერესებს როგორც მნიშვნელოვანი შინაგანი პროცესები, ისე – სისტემატური დაკვირვებები გარეგან ქმედებებზე. ადამიანის მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი ინტერესისა და მეცნიერული რესპექტაბელობის სწორედ ასეთი კომბინაციით შეიძლება ავხსნათ თეორიის პოპულარობა.

 

რეციპროკული დეტერმინიზმი

სოციალურ-კოგნიტური თეორია ვარაუდობს, რომ ქცევა ადამიანისა და მისი გარემოცვის ურთიერთქმედების ტერმინებით შეიძლება ავხსნათ – პროცესით, რომელსაც ბანდურა რეციპროკულ დეტერმინიზმს უწოდებს.

რეციპროკული დეტერმინიზმი სამკომპონენტიანი კონცეფციაა, რომელიც პიროვნების, გარემოსა და ქცევის ურთიერთზეგავლენაზე საუბრობს. ამ კონცეფციის თანახმად , ადამიანის ქცევა ამ სამი ცვლადის ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. ამასთან, ქცევა ნაწილობრივ გარემოს ფუნქციაც არის, გარემო კი ნაწილობრივ ქცევაზეა დამოკიდებული. ქცევაზე მოქმედი მესამე ფაქტორი – პიროვნება, რომელშიც ბანდურა , პირველ რიგში, შინაგან მახასიათებლებს , მაგალითად, აზროვნებას, მოვლენების დამახსოვრებისა და პროგნოზირების უნარს გულისხმობს.  რეციპროკული დეტერმინიზმი თანხვდება ბიჰევიორიზმს იმ თვალსაზრისით, რომ მასშიც გარემო ახდენს გავლენას ქცევაზე.                                             

                         პიროვნების მახასიათებლები

                                                     |     

                 ქცევა  _                                 _   გარემოს თვისებები                                                                                                                                                                                                                     

რეციპროკული ტრიადის ნებისმიერი ფაქტორი, იქნება ეს ქცევა, პიროვნება თუ გარემო, შემთხვევითი მოვლენის შედეგად შეიძლება არაპროგნოზირებადად შეიცვალოს დროის ნებისმიერ მომენტში და ადამიანი, შესაბამისად, თავისი პლასტიურობის წყალობით, ასევე შეიცვლება.  ამრიგად, ადამიaნის ქცევა არის  ara დეტერმინირებული, არამედ ქაოტური, შემთხვევითი სისტემა და ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ზუსტ წინასწარმეტყველებას.

 

დაკვირვებით სწავლა

სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. ცვლილებას ქცევაში, რომელიც მოდელების მიბაძვით ხდება, მოდელირებას, მიბაძვით სწავლას, დაკვირვებით სწავლას ან გაშუალებულ სწავლას უწოდებენ. ბანდურა განასხვავებს ორი სახის მიბაძვას : სუფთას და შეგნებულს. სუფთა მიბაძვის დროს მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ის ბაძავს. შეგნებული მიბაძვა კი გააზრებული ქცევების განმეორებას ნიშნავს. ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს- მოდელირებას. ტერმინი „მოდელი“ აღნიშნავს ადამიანს, ვის ქცევასაც  ვაკვირდებით, ასევე ფილმის, ნაწარმოების გმირებსაც.მიბაძვით სწავლისას ბანდურა გამოყოფს იმ ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან მიბაძვის ალბათობას. ესენია:

  1. თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით.
  2. თუ მოდელის ქცევა დაჯილდოვდება და იგი სქესისთვის იქნება შესაფერისი.
  3. თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს.
  4. თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ.

გარდა ამისა, ბანდურას აზრით, არსებობს ოთხი პროცესი, რომელიც აუცილებელია დაკვირვებით სწავლისთვის. ესენია:

  1. 1. ყურადღების პროცესები: ქცევაზე დაკვირვება - შეუძლებელია მოდელზე დაკვირვებით რაიმეს შესწავლა თუ ყურადღება არ მიექცა შესასწავლ ქცევას. უფრო მეტად ყურადღებას იქცევს მიმზიდველი მოდელი: პოპულარული ადამიანები, მსახიობები, სპორტსმენები და ა.შ.
  2. 2. შეკავების/შენახვის პროცესები: დამახსოვრება - საკმარისი არ არის დამკვირვებელმა მხოლოდ ყურადღება მიაქციოს საWირო ქცევას, მან ის უნდა დაიმახსოვროს და საჭირო შემთხვევაში განახორციელოს. გამოიყოფა დამახსოვრeბის ორი ხერხი: ხატოვანი და ვერბალური.
  3. 3. მოტორული რეპროდუქციის პროცესები: კეთება - მას შემდეგ რაც ყურადღება მივაქციეთ და დავიმახსოვრეთ ქცევა, vიწყებთ მის შესრულებას. დაკვირვებული ქცევის გასამეორებლად ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.
  4. 4. მოტივაციური პროცესები: კეთების სურვილის ქონა - რეალურად განხორციელდება თუ არა ნასწავლი ქცევა, დამოკიდებულია მოტივაციაზე. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, მაგრამ არ აკეთებდე. დამკვირვებელი არ განახორციელებს მოდელის ქცევას, თუ ის არ არის სათანადოდ მოტივირებული.

 

ექსპერიმენტების სერია - თოჯინაბობო

1960 იანი წლების დასაწყისში ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ გადაწყვიტა გაერკვია, აქვთ თუ არა ბავშვებს მიდრეკილება მიბაძონ მოზრდილთა აგრესიულ ქცევას. მან უშველებელი გასაბერი კლოუნი აიღო, რომელსაც დაარქვა “ბობო” და გადაიღო ფილმი, თუ როგორ ეჩხუბება ამ კლოუნს მოზრდილი “დეიდა”, ჩქმეტს და ჩაქუჩსაც კი ურტყამს. მერე ეს ვიდეო უჩვენა 24 ბავშვს, რომელთაგან უმრავლესობის ასაკი 6 წლამდე იყო. მეორე ჯგუფს უჩვენეს ვიდეო ძალადობის გარეშე, მესამეს კი საერთოდ არაფერი აჩვენეს.
ამის შემდეგ, სამივე ჯგუფის ბავშვები რიგრიგობით შეჰყავდათ ოთახში, სადაც იყო კლოუნი ბობო, რამდენიმე ჩაქუჩი და სათამაშო პისტოლეტიც კი, თუმცაღა არცერთ ვიდეოში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებდა.
ბავშვები, რომლებმაც აგრესიული ვიდეო ნახეს, დროს არ კარგავდნენ და მაშინვე იწყებდნენ საწყალი ბობოს წამებას. ერთმა მათგანმა კლოუნს თავზე პისტოლეტიც კი მიადო და დაიწყო დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გაუხვრეტდა თავს.
დანარჩენ ორ ჯგუფში ძალადობაზე მინიშნებაც არ ყოფილა.
მას მერე, რაც ბანდურამ თავისი დასკვნები სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინა, ბევრი სკეპტიკოსი გამოჩნდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არაფერს ამტკიცებს, რადგან რეზინის სათამაშო იმიტომაც არის გამოგონილი, რომ აწვალო. მაშინ ბანდურამ გადაიღო ფილმი კლოუნად გარდასახული ცოცხალი ადამიანის მონაწილეობით, მერე კი კიდევ უფრო მეტი ბავშვი შეკრიბა, აჩვენა თავისი მორიგი ვიდეო და ისევ შეუშვა ოთახში ( უკვე ცოცხალთან! ). როგორც მიხვდებოდით, ბავშვები მაშინვე იწყებდნენ ცოცხალი კლოუნის ცემასა და წვალებას და ისეთივე მონდომებით, როგორც ამას გასაბერ კლოუნთან აკეთებდნენ. ამჯერად არავის გაუპროტესტებია ბანდურას მტკიცება, რომ ბავშვები ბაძავენ მოზრდილთა საქციელს.

 

 ავტორი: სალომე გოგოლიშვილი

წყარო: 1 , 2, 3 , 4

მსგავსი ინფორმაცია