Foto_rogers1

კარლ როჯერსი (1902-1987) – ბიოგრაფია და ჰუმანისტური თეორია

Comments Off 1657

ბიოგრაფია: კარლ როჯერსი – 1950-1970-იანი წლების ჰუმანისტი თეორიტიკოსი.  დაიბადა 1902 წლის 8 იანვარს იუკ პარკში, ილინოისში (აშშ), მკაცრი პროტესტანტ-ფუნდამენტალისტის შეძლებულ ოჯახში. კარლი ექვსი შვილიდან მეოთხე იყო.

როჯერსი კარგად სწავლობდა. ბევრს და სიამოვნებით კითხულობდა. უყვარდა თვითანალიზი, არ აინტერესებდა სპორტი, ხმაურიანი თამაშები და პრაქტიკულად არ ჰყავდა მეგობრები. ბავშვები გარემოს „დამღუპველი ზემოქმედებისგან“ რომ დაეცვათ, კარლის მშობლები საცხოვრებლად ფერმაში გადავიდნენ, სადაც ის სკოლაში სწავლობდა. მას მაღალი აკადემიური მიღწევები ჰქონდა და სერიოზულად აინტერესებდა მეცნიერება.

როჯერსმა სწავლა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების შესწავლის მიზნით ვისკონსინის უნივერსიტეტში განაგრძო. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მან უნივერსიტეტი ისტორიის განხრით დაამთავრა. 1922 წელს ჩინეთში გაემგზავრა, პეკინში მსოფლიო სტუდენტური ქრისტიანული ფედერაციის ყრილობაზე დასასწრებად, შემდეგ კი ენის შესწავლის მიზნით, დასავლეთ ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში იმოგზაურა. ამ პერიოდში, 1924 წელს, ის ჰელენ ელიოტზე დაქორწინდა. წყვილი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. როჯერსმა ისევ შეიცვალა ინტერესები და სასულიერო განათლებისკენ გადაიხარა. სწავლის გაგრძელება ნიუ იორკის თეოლოგიურ სემინარიაში გადაწყვიტა. ამის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში,  პედაგოგიურ კოლეჯში, დოქტორანტურაზე ჩააბარა.

ფსიქოლოგიის სწავლის შემდგომ წლებში როჯერსი გაეცნო ორ მიდგომას: ფსიქოდინამიკურსა და ბიჰევიორისტულს.როჯერსმა კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა აღზრდის ცენტრში გაიარა, სადაც ადამიანების შესწავლისადმი ფსიქოდინამიკური მიდგომით, არაცნობიერი დინამიკის ინტერპრეტაციით მუშაობდნენ. როჯერსმა პროფესიული ცხოვრება ფსიქოდინამიკურ მიდგომაზე დაყრდნობით დაიწყო, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედი.

1945 წელს ის ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც საშუალება მიეცა, საკუთარი ფსიქოთერაპევტული ცენტრი ჩამოეყალიბებინა, რომლის დირექტორიც1957 წლამდე იყო. სწორედ აქ მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა „კლიენტზე ცენტრირებული თერაპია“.

1951 წელს როჯერსმა გამოაქვეყნა წიგნი „კლიენტზე ცენტრირებული თერაპია ‘.

1957 წელს როჯერსი გადავიდა ვისკონსინის უნივერსიტეტში, მედისონში, სადაც 1968 წლამდე მუშაობდა და ერთდროულად ფსიქიატრიითა და ფსიქოლოგიით იყო დაკავებული.

1963 წელს, როჯერსი ლა ჯოლაში, კალიფორნიაში გადავიდა.

როჯერსი სიცოცხლის ბოლომდე პიროვნების შესწავლის ცენტრში მუშაობდა.

მან ბევრი ჯილდო და აღიარება  კოლეგებისგან მიიღო. ის იყო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჰქონდა მიღებული ჯილდო „გამოჩენილი წვლილისთვის“ და  „გამორჩეული პროფესიული წვლილისთვის“.

სიკვდილის დღეს მან  წერილი მიიღო, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.

მან ამერიკულ ფსიქოლოგიას უფრო ოპტიმისტური და თვითმადეტერმინირებული ხედვა შესთავაზა. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანები უფრო მაღალი მიზნებით არიან მოტივირებულნი, რაც მათ განასხვავებს სხვა ცხოველებისგან. ჰუმანისტური პოზოციიდან უპირველესი მოტივატორი საკუთარი თავის აქტუალიზაციისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაა.

კარლ როჯერსი პირდაპირ არ მისულა ფსიქოლოგიაში, თუმცა მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაზე, ისე განათლებაზე. მან შექმნა კლიენტზე ცენტრირებული თერაპია და პიროვნებაზე ცენტრირებული თეორია, იყო შეხვედრების ჯგუფების შექმნის ინიციატორი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

საინტერესოა, რომ კარლ როჯერსი ათ წელიწადზე მეტხანს ეწეოდა ფსიქოთერაპიას მანამ, სანამ აღმოაჩენდა. რომ ფსიქოლოგიისთვის ახალი მიდგომის შეთავაზება შეეძლო. 1940 წლის მინესოტას უნივერსიტეტში კონსულტირების პროგრამაში ფსიქოთერაპიის პროცესის შესახებ სასაუბროდ მიიწვიეს. მან გადაწყვიტა, თავისი მოხსენებისთვის  „ფსიქოთერაპიის უახლესი ცნებები“ დაერქმია, რომელშიც გააკრიტიკა ფსიქოთერაპიის ტრადიციული მეთოდები და ძველმოდური/მოდიდან გასული უწოდა. ამ შემთხვევავ საფუძველი ჩაუყარა მისი ახალი ხედვების წარმოჩენას.

როჯერსმა თავის პირველ წიგნში „პრობლემური ბავშვის კლინიკური მოვლა“ (1939) პიროვნებაზე ცენტრირებული იდეები წამოაყენა, რომლებიც კლიენტის მიმართ თერაპევტის ქმედებების მნიშვნელობას შეეხებოდა. როჯერსისთვის კარგ ფსიქოლოგს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონოდა: ობიექტურობა, ინდივიდის პატივისცემა, საკუთარი თავის გაგება და, ბოლოს, ფსიქოლოგიური ცოდნა.

 

იდეური წინამძღვრებები და გავლენები

როჯერსის პიროვნების თეორია, საკუთარი კლინიკური გამოცდილებიდან დაიბადა. გარკვეული დროის მანძილზე, როჯერსი თანამშრომლობდა ადლერთან. როჯერსმა აღმოაჩინა, რომ ადლერის მუშაობა ბავშვებთან საოცრად განსხვავდებოდა იმ დროისთვის ფართოდ გამოყენებული რთული ფროიდიანული პროცედურებისგან.

როჯერსის სტუდენტები ჩიკაგოს უნივერსიტეტში თვლიდნენ, რომ როჯერსის პოზიცია მარტინ ბუბერისა და სორენ კირკეგორის პოზიციას ეხმიანებოდა. ეს მოაზროვნეები მართლაც დაეხმარნენ როჯერსს საკუთარი ეგზისტენციალური ფილოსოფიის გამყარებაში.

სრულფასოვნად ფუნქციონირებადი პიროვნება

როჯერსი გვთავაზობს თეორიას იმის შესახებ რასაც თავად სრულფასოვნად ფუნქციონირებად პიროვნებას უწოდებს. ეს თეორია დეტალურად განიხილავს ჰიპოთეტური პიროვნების თვისებებს, რომელსაც როჯერსი „სრულად აქტუალიზირებული ადამიანის ორგანიზმად“ მიიჩნევს. ასეთი პიროვნების უფრო დეტალურად აღწერილ ბუნებას როჯერსი „კარგ ცხოვრებას“ არქმევს. ამრიგად, პიროვნებაზე ცენტრირებულ თეორიაში არა მარტო ფსოქოლოგიური აშლილობისა და პიროვნების მარცხებია აღწერილი, არამედ ადამიანის პოტენციალი და რეალიზაციის გზებიც. პოტენციალზე ასეთი ხაზგასმა მნიშვნელოვანი იყო, რადგან როჯერსს სურდა, თავი აერიდებინა ადამიანის ფუნქციონირების დეფიციტებზე დაფუძნებული მოდელის შექმნისთვის. ამის ნაცვლად, მან შექმნა კონსტრუქციული ზრდისა და ცვლილების პოტენციალზე დაფუძნებული მეთოდი.

ოპტიმალურად ფუნქციონირებადი პიროვნების აღწერისას როჯერსი სამ ზოგად თვისებას ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, ახასიათებს ნებისმიერ სრულყოფილად ფუნქციონირებადი ადამიანის ქცევას. ესენია:

  • გამოცდილებისადმი ღიაობა;
  • დროის აწმყო მომენტში ცხოვრება;
  • ორგანიზმული გამოცდილების ანუ შინაგანი იმპულსებისა და ინტუიტური შეფასების რწმენა.

ცხადია, მხოლოდ მცირე რაოდენობის ინდივიდებს ახასიათებთ ყველა ეს თვისება სრულად. კარგი ცხოვრება იდეალური მდგომარეობა უფროა, ვიდრე რეალურად, ჩვეულებრივ არსებული მდგომარეობა.

როჯერსის თეორია

როჯერსმა დანერგა თერაპიულ ურთიერთობაში ახალი ტერმინოლოგია. მოკლედ თუ შევაჯამებთ, როჯერსის თეორია 19 ძირითად დებულებას ეყრდნობა:

  1. ყველა ინდივიდი (ორგანიზმი) უწყვეტად ცვალებას გამოცდილების სამყაროში (ფენომენურ ველში) ცხოვრობს, რომლის ცენტრსაც თავად წარმოადგენენ;
  2. ორგანიზმი ისე რეაგირებს ველზე, როგორც აღიქვამს და განიცდის მას. ეს პერცეპტუალური ველი არის მისი „რეალობა“
  3. ორგანიზმები თავიანთ ფენომენურ ველზე რეაგირებენ, როგორც ერთი ორგანიზებული მთლიანი;
  4. მთლიანი პერცეპტული ველის ნაწილი თანდათანობის გამოდიფერენცირდება, როგორც „მე“ .
  5. გარემოსთან, კერძოდ სხვებთან შეფასებითი ინტერაქციის შედეგად, ყალიბდება „მე“-ს სტრუქტურა „მე“-ს მახასიათებლებისა და ურთიერთობების პერცეფციების ორგანიზებული, ფლუიდური, მაგრამ თანმიმდევრული კონცეპტუალური პატერნი, რომელსაც თან ახლავს ამ ცნებასთან ასოცირებული ღირებულებები;
  6. ორგანიზმს სწრაფვის ერთი ბაზისური ტენდენცია აქვს, ესაა გამოცდილების მიმღები ორგანიზმის აქტუალიზაცია, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
  7. ქცევის შესწავლის საუკეთესო საწყისი წერტილი ინდივიდის შინაგანი სივრცეა;
  8. ქცევა, ძირითადად ორგანიზმის მიერ განხორციელებული მიზნით მართული მცდელობაა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები იმ ველში, რომელსაც აღიქვამს;
  9. ასეთ მართულ ქცევას თან ახლავს და, ზოგადად, ხელს უწყობს ემოციები; კონკრეტული სახის ემოციები, რომლებიც ორგანიზმის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ქცევის სუბიექტურად აღქმულ მნიშვნელოვნებას ახლავ თან;
  10. ღირებულებებს უშუალოდ ორგანიზმი განიცდის და ზოგ შემთხევავში, გვაქვს გარედან ინტროეცირებული ანუ სხვებისგან აღებული ღირებულებები, მაგრამ მათ დამახინჯებულად აღვიქვამთ ისე, თითქოს მას უშუალოდ განვიცდიდეთ;
  11. ინდივიდის ცხოვრებაში არსებული გამოცდილება შეიძლება იყოს: ა) მე-სთან მიმართებაში სიმბოლიზებული, აღქმული და ორგანიზებული; ბ) იგნორირებული, ვინაიდან ინდივიდი ვერ ხედავს მე-ს სტრუქტურასთან მის მიმართებას; გ) უარყოფილი სიმბოლიზაცია, ან მოცემული დამახინჯებული სიმბოლიზაცია, რადგან გამოცდილება არ შეესატყვისება მე-ს სტრუქტურას;
  12. ორგანიზმისთვის ჩჰვეული ქცევის გზების უმეტესობა მისი მე-კონცეფციის შესატყვისია;
  13. ზოგ შემთხვევაში ქცევა შეიძლება ორგანული გამოცდილებებით და მოთხოვნილებებით იყოს განპირობებული, რომლებიც არ იყო სიმბოლიზებული. ასეთი ქცევა, შესაძლოა, არ შეესატყვისებოდეს მე-ს სტრუქტურას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ინდივიდი ” არ ფლობს ” ქცევას;
  14. ფსიქოლოგიურ შეგუებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ორგანიზმი უარყოფს სენსორული და ვისცერალური გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რომელშიც ორგანიზმის ყველა სენსორული და ვისცერალური გამოცდილება ასიმილირდება, ან შეიძლება ასიმილირდეს მე-კონცეფციასთან სიმბოლურ დონეზე შესაბამის ურთიერთობაში;
  15. ფსიქოლოგიურ შეუგუებლობასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ორგანიზმი უარყოფს სენსორული და ვისცერალური გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერებას, რომელიც საბოლოოდ არ სიმბოლიზირდება და ორგანიზდება მე-ს სტრუქტურის გეშტალტში.როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, არსებობს ბაზისური ან პოტენციური ფსიქოლოგიური დაძაბულობა;
  16. ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც მე-ს სტრუქტურის ორგანიზაციის არაკონსისტენტურია, შეიძლება აღვიქვათ, როგორც საფრთხე და რაც უფრო ბევრია ასეთი აღქმა, მით მეტად რიგიდულად არის ორგანიზებული მე-ს სტრუქტურა საკუთარი თავის შესანარჩუნებლად;
  17. გარკვეულ პირობებში, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ საფრთხეს მე-ს სტრუქტურისადმი, არაკონსისტენტური გამოცდილებები შეიძლება აღქმული და შესწავლილ იქნას, ხოლო მე-ს სტრუქტურა გადაისინჯოს მათი ასიმილირებისა და ასეთი გამოცდილებების მასში ჩართვის მიზნით;
  18. როდესაც ინდივიდი ყველა თავის სენსორულ და ვიცერალურ გამოცდილებას აღიქვამს და ერთ მთლიან თანმიმდევრულ და ინტეგრირებულ სისტემაში აერთიანებს, მაშინ მისი გაგება უფრო შესაძლებელია და მიღებულია სხვების მიერ, როგორც ცალკეული ინდივიდი;
  19. თუ ინდივიდი საკუთარი ორგანული გამოცდილებების უმრავლესობას აღიქვამს და იღებს მე-ს სტრუქტურაში, ის აღმოაჩენს, რომ ახდენს არსებულ ღირებულებათა სისტემის ჩანაცვლებას. ამას დამახინჯებულად სიმბოლიზირებულ ინტროექციაზე დაყრდნობით აკეთებს. ეს მიმდინარე ორგანიზმული პროცესია.

როჯერსი 1987 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ავტორი: ანი შარია

წყარო:
*დალი ფარჯანაძე – ” პიროვნების ფსიქოლოგია ” (2009) – კარლ როჯერსი – ” პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომა ”
*დიმიტრი უზნაძე – ” ზოგადი ფსიქოლოგია “

მსგავსი ინფორმაცია