foto siteeeeeeeeeeeeeee

“ფსევდო ფსიქოთერაპევტი” და კვალიფიკაციის პრობლემა საქართველოში

Comments Off 2080

საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვება 21-ე საუკუნის გამოწვევებს და  პოლიტიკურადაც განვითარებადი ქვეყნების სიას მიეკუთვნება. სხვადასხვა სფეროსთან ერთად, ცვლილებები ხდება მეცნიერებაში. უფრო კონკრეტულად, მინდა ვისაუბრო ფსიქოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული სფეროს  განვითარებასა და გამოწვევებზე.

გასულ წლებთან შედარებით, დღეს საქართველოში ფსიქოლოგია  სამეცნიერო თეორიებიდან  პრაქტიკულ სფეროში  ფართო ნაბიჯებით ინაცვლებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწორედ პრაქტიკული და გამოყენებითი  სფეროს განვითარებისთვის. თანდათანობით პოზიტიური ხდება დამოკიდებულებები ფსიქოლოგიისა და თავად ფსიქოლოგების მიმართ. აღნიშნული პროფესია საქართველოშიც პოპულარული და გარკვეულწილად მოთხოვნადი ხდება.  უახლოეს წარსულში ფსიქოლოგი გაიგივებული იყო ფსიქიატრთან, ხოლო ეს ორივე  ტერმინი „შეურაცხადების ექიმად“ აღიქმებოდა და სპეციალისტთან ვიზიტი ხშირად საიდუმლოდ რჩებოდა. არ ვამბობ, რომ ასეთი განწყობა სრულად გამქრალია, თუმცა საბედნიეროდ აღქმა და დამოკიდებულებები,  მეტნაკლებად შეცვლილია , რაშიც დიდი როლი მიუძღვის, როგორც სამოქალაქო განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე ფსიქოლოგების აქტიურობასა და ფსიქოლოგიის პრაქტიკული სფეროს განვითარებას. მაგრამ ცვლილებებს, როგორც ყოველთვის,  მხოლოდ დადებითი მხარეები როდი ახლავს თან.  სანამ უშუალოდ კონკრეტული საკითხის განხილვას დავიწყებ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში ბევრი ღირსეული და კვალიფიციური ფსიქოლოგი მუშაობს, რომლებიც ჩემი აზრით სამაგალითონი უნდა იყვნენ ახალგაზრდებისთვის, დამწყებთათვის.

ჩვენდა სამწუხაროდ, ფსიქოლოგიის სფეროში სხვადასხვა  ისეთ მნიშვნელოვან და შესამჩნევ ხარვეზებს ვხვდებით, რომლებიც შესაძლოა მომავლისთვის სავალალოც კი აღმოჩნდეს. საკითხი ეხება იმ ადამიანების კვალიფიკაციას, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ, ან სურთ მოღვაწეობა ფსიქოლოგიის სფეროში და მოიხსენიებიან როგორც კლინიკურ ფსიქოლოგებად, ფსიქოკონსულტანტებად, ფსიქოთერაპევტებად და ასე შედეგ. მაგალითად, ბევრია შემთხვევა, როდესაც ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულები, ან რამდენიმეთვიანი თუ კვირიანი ფსიქოლოგიური კურსის მონაწილეები, ასევე, ასაკით უფროსი ადამიანები, რომლებმაც რაიმე პროგრამა ან კურსი გაიარეს ფსიქოლოგიის შესახებ, და ადამიანები, რომლებმაც “ნაივური” ფსიქოლოგიის პრაქტიკა საკუთარი შვილების გაზრდისა და აღზრდის გამოცდილებიდან დააგროვეს,  საკუთარი ინიციატივითვე ინიჭებენ  ფსიქოლოგის,კონსულტანტის ან თერაპევტის სახელს და მზადყოფნას გამოხატავენ პაციენტების მისაღებად. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია კიდეც,  რამდენიმე თვიანთი მწირი სამუშაო გამოცდილებაც საკმარისია სტატუსის მისანიჭებლად და თვლის, რომ რატომაც ვერ გაართმევს თავს?! ეს მაგალითების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. აღარ ვეხები იმ თერაპევტებსა თუ ფსიქოლოგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფსიქოლოგიის ყველა დარგში კომპეტენტურები არიან.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში პრაქტიკული ფსიქოლოგიის დარგი თანდათან პოპულარული ხდება, რამაც ამ სფეროს არაერთი დამწყები, ახალგაზრდა თუ საშუალო ასაკის ადამიანი მოხიბლა. ერთდროულად მრავალი  “გაურკვეველი” ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის თაობა წამოვიდა. ვფიქრობ, რომ ამას გასაქანს აძლევს გარემოებაც. ზღვარი პროფესიონალს, დამწყებსა და დილეტანტს შორის ფაქტობრივად უჩინარი  და უკონტროლო გახდა. ვხედავთ არსებულ სიტუაციას, რომელზეც შეიძლება ითქვას,  ხარისხმა და პროფესიონალიზმმა გარკვეულწილად ძალა დაკარგა.

უამრავ მაგალითს ვხედავ პირადად, და არა მხოლოდ მე, როდესაც ჯერ კიდევ “ახალფეხადგმული” და გამოუცდელი ადამიანები ( თუმცა, ხშირად გამოცდილებას სუბიექტური საზომები აქვს), ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები,  საკმაოდ კომფორტულად ირგებენ კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის, ფსიქოკონსულტანტის ამპლუასა თუ სტატუსს და თავსაც  ირწმუნებენ “პროფესიონალიზმში”.  სინამდვილეში კი, უმეტესობა მათგანს, არამც თუ დოქტორის, არამედ სულ მცირე, მაგისტრის ხარისხიც კი შეიძლება არ გააჩნდეს.

მესმის, რომ  შეიძლება ეს ერთგვარი წყურვილია დიდი წარმატებისა და საკუთარი თავის რეალიზებისკენ, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება მნიშვნელოვანია.  ჩვენ არ ვმუშაობთ კომპიუტერულ პროგრამასთან, სადაც  გამოუცდელი ოპერატორის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა უმტკივნეულოდ გამოსწორებადია. არ მინდა მოწოდება გამომივიდეს, მარგამ  ალბათ დამეთანხმებით, რომ ურთიერთობა, რომელიც კვალიფიციურ ფსიქოლოგს მართებს ინდივიდთან,მის ფსიქიკასთან, ემოციებთან, განცდებსა თუ გრძნობებთან, და ასე შემდეგ,  საკმაოდ რთულია და აქ დაშვებული შეცდომები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

ერთია ფაქტები, რაც ზემოთ აღვნიშნე, მაგრამ მეორე – ფაქტებზე რეაგირება. ახდენს ვინმე მსგავს ფაქტებზე რეაგირებას? ან ინტერესედება თუ არა რომელიმე ოფიციალური ორგანო/ინსტიტუტი ამ საკითხებით? სამწუხაროდ საქართველოში ამ ტიპის დაკვირვება და კონტროლი მხოლოდ სამოყვარულო დონეზე თუ მიმდინარეობს. შექმნილი უკონტროლო გარემო თავადვე აძლევს გასაქანს აღნიშნულ სიტუაციას, რომელიც სადამდე მიგვიყვანს გაურკვეველია.

რა მოთხოვნებია აკრედიტაციისა და ლიცენზირებისთვის ფსიქოკონსულტაციაში, ფსიქოთერაპიაში და სხვა.? ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობს, რომელიც ლიცენზიას გასცემს აღნიშნულ დარგებში, მაგრამ არის  უცხოური, სპეციალური ორგანოები სადაც აკრედიტაციის გავლა შესაძლებელია, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია(APA), რომელიც გასცემს დოქტორის ხარისხს  როგორც კლინიკური ფსიქოლოგიის, ასევე ფსიქოკონსულტაციის დარგში და სხვა.  ოკუპაციური ხედვის სახელმძღვანელოს მიხედვით ( Occupational Outlook Handbook ) , მათთვის, ვინც აპირებს აკრედიტაციის გავლასა და ლიცენზიის მოპოვებას კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქოკონსულტაციის მიმართულებით, პირდაპირი მოთხოვნაა დოქტორის ხარისხის ქონა  ფსიქოლოგიის სპეციალობაში. ასევე, ვინც დამოუკიდებლად მუშაობს პრაქტიკაში აღნიშნული დარგების მიმართულებით, მათთვის აუცილებლადაა მიჩნეული სამუშაო გეგმის სალიცენზიო მოთხოვნებთან თანხვედრა. აგრეთვე, ერთ-ერთი ოფიციალური ორგანოა ამერიკის პროფესიონალ ფსიქოლოგთა ბორდი (ABPP), რომელიც  სხვადასხვა მიმართულებით გასცემს ხარისხს: ფსიქოანალიზი, ფსიქორეაბილიტაცია, კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სკოლის ფსიქოლოგი, ოჯახის ფსიქოლოგი და სხვა. აღნიშნულ ბორდს აქვს სხვადასხვა კრიტერიუმი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მათგანია დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, თითოეულ ასეთ ოფიციალურ ორგანოს/ინსტიტუტს აქვს ინტეგრირებული პრე-სადოქტორო სტაჟირების პროგრამა, რომლის გავლაც უმეტეს შემთხვევაში სავალდებულოა ხარისხის მინიჭებადმე.
ასევე, ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია, სკოლის ფსიქოლოგთა ეროვნული ასოციაცია (NASP) პირდაპირ აწესებს მოთხოვნად 1200 საათის ხანგრძლივობის სტაჟირებას სკოლის ფსიქოლოგად (ზოგადი სამუშაო), ხოლო –  600 საათს უშუალოდ იმ კონკრეტულ სფეროში, რომელზეც შემდგომ ხარისხის მიღება სურს აპლიკანტს.

მოკლედ, უსასრულოდ შეიძლება საუბარი სტანდარტებზე, რომლებსაც აწესებენ სხვადასხვა წამყავნი ორგანიზაციები, სწორედ კვალიფიციური ფსიქოლოგის მოსამზადებლად და სპეციალური ხარისხის მისანიჭებლად. ამიტომ, სანამ მივიწერთ  ამა თუ იმ პოზიციას ან სტატუსს, საკითხის სიღრმისეულად გააზრება გვმართებს. აუცილებელია გადავხედოთ ჩვენსა და სპეციალისტების სამუშაო სტანდარტებს.

ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ ფსიქოლოგის(ფსიქოთერაპევტის, ფსიქოკონსულტანტის, თუ სხვა) მხრიდან მაქსიმალურად ცდილობენ დაეყრდნონ იმ პირს, ვინც მათ წინაშე იღებს პასუხისმგებლობას და ამ ადამიანების ნდობით ბოროტად სარგებლობა პროფესიონალებად ვერ ჩამოგვაყალიბებს.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს  ხარისხის კვლევის, ან კონტროლის ცენტრი ფსიქოლოგიის დარგში, რომელიც სწორედ მსგავსი საკითხებით დაინტერესდება.

თუმცაღა, მინდა ვთხოვო ყველა ფსიქოლოგს,  დამწყებსა თუ საკუთარი ინიციატივით ამ სფეროში უკვე მომუშავეს, დათრგუნეთ არაჯანსაღი ამბიციები, ნუ შეიქმნით პროფესიონალის ხატსა და ილუზიას.  გამოცდილების მიღების სურვილით ფსევდო სტატუსის მორგება  დააზარალებს თქვენდამი (როგორც ფსიქოკონსულტანტის ან თერაპევტისადმი) ნდობით აღჭურვილ ადამიანებსაც და თქვენც.

 

ავტორი: ვანო ჯანიაშვილი

მსგავსი ინფორმაცია