l2

კომპიუტერის გავლენა ბავშვის განვითარების პროცესზე.

Comments Off 3648

კომპიუტერი თანამედროვე ბავშვის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის გავლენას ახდენს განვითარების, როგორც  ფიზიკურ, ასევე კოგნიტურ და სოციალურ სფეროზე. მისი გავლენის შესწავლა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც მასიურად გავრცელდა სახლის პერსონალური კომპიუტერები. ბოლო დროს პრობლემა ქართული საზოგადოებისთვისაც აქტუალური გახდა. მშობლები სულ უფრო და უფრო ხშირად სვამენ კითხვას, კომპიუტერთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები ბავშვის განვითარების პროცესზე? მოცემულ სტატიაში შევეცდები მოკლედ განვიხილო ძირითადი საკითხები რაც განვითარების პროცესში ტექნოლოგიების „შემოსვლას“ უკავშირდება.

ბავშვის განვითარება ეფუძნება მოძრაობას, შეხებას, ადამიანებთან ურთიერთობას, განვითარების ფსიქოლოგები ასევე აღნიშნავენ ბუნებასთან შეხების, ურთიერთობის დადებით გავლენას. მოძრაობა  ბავშვს უყალიბებს, მოტორულ კოორდინაციას. შეხება ეხმარება თვითრეგულაციაში, ყურადღებისა და სასწავლო უნარების განვითარებაში. ეს ფაქტორები საუკეთესოდაა მოცემული ეზოებში, პარკებში, სადაც ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა უნარებს, რომლებიც წარმატებული სასკოლო ასაკისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელია.  (Rowan, 2015) თუმცა თანამედროვე ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს ტრადიციულ თამაშებს და სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს კომპიუტერთან ურთიერთობას.

დადასტურდა, რომ კომპიუტერის გამოყენებას უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე. ამერიკის პედიატრთა  ასოციაციამ კომპიუტერთან ნებისმიერი შეხება 0-2 წლამდე აკრძალა. დასაშვებია მხოლოდ, 3-5 წლამდე მაქსიმუმ ერთი საათით, ხოლო 6-18 წლამდე 2 საათით გამოყენება.  თუმცა, მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა დღეს კომპიუტერს ბევრი ბავშვია მიჯაჭვული, ხოლო მშობლები, დროის უკმარისობის ან რამე სხვა მიზეზით ხშირად რთავენ ნებას ბაშვს ყოველდღიურად დიდი ხნით გამოიყენონ კომპიუტერი. (Rowan, 2014)

კომპიუტერის ხანგრძლივ გამოყენებას  ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს. მიმოვიხილავ რამდენიმე მათგანს. ზოგადად 0-2 წლამდე მიმდინარეობს თავის ტვინის განსაკუთრებით სწრაფი ზრდა, რომლის განვითარებას გარემო სტიმულები განაპირობებს. კომპიუტერს მიჯაჭვული ბავშვი განიცდის მოტორული და სენსორული სტიმულების ნაკლებობას. ბავშვებს ექმნებათ ისეთი პრობლემები როგორიცაა, ყურადღების დეფიციტი, სწავლის სირთულეები, თვითმასტიმულირებელი ქცევები,  თვითრეგულაციის სირთულეები. (Rowan, 2014) დასწავლის პრობლემებს სიმძიმიდან გამომდინარე, ამ მოვლენის აღსანიშნავად, მეცნიერებმა შემოიტანეს ტერმინი ,,ციფრული დემენცია“. კომპიუტერის ბოროტად გამოყენების შედეგად ადამიანი ხდება სწავლისათვის უუნარო და ემსგავსება დემენციით დაავადებულ მოხუცს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალური პრობლემები. ბავშვებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან ძირითადად არ ჰყავთ ახლო მეგობრები, არ არიან ჩართულნი ოჯახურ ურთიერთობებში, ხშირად არიან მარტოსულები და დეპრესიულები. ბავშვები, რომლებიც ძირითადად აგრესიული კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, მათ ეკარგებათ უნარი რეალური ცხოვრების და სიმულაციის განცდის და გარჩევის.  (Subrahmanyam, Kraut, & Greenfield, 2000) გაზრდილია ისეთი მენტალური დაავადებების რისკი, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი და ა.შ. შედეგად, ყოველი მეექვსე კანადელი ბავშვი იღებს ფსიქოტროპულ წამლებს. კომპიუტერისადმი დამოკიდებულება აღინიშნება, როგორც ფსიქოპათოლოგიური დამოკიდებულების ცალკე სახე. დღესდღეისობით შექმნილია რეაბილიტაციის ცენტრებიც მისგან გასათავისუფლებლად. პრობლემა განსაკუთრებით სერიოზულად დგას ჩინეთში და იაპონიაში, სადაც კომპიუტერზე დამოკიდებული მოზარდებისთვის სპეციალური ,,ყაზარმები“ შემოიღე.

ფიზიკურ სფეროში თავს იჩენს პათოლოგიური სიმსუქნის პრობლემები. ბავშვების 30% რომლებიც იყენებენ კომპიუტერს, აქვთ ჭარბი წონა, იზრდება რადიაციული დასხივების და მისგან გამომდინარე პრობლემების მაჩვენებელი. ძილის პრობლემები აღენიშნება ბავშვების 75%, ასევე მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები. (Rowan, 2014)

სირთულეები, რომლებიც ზოგადად ადამიანებს ექმნებათ კომპიუტერის ხანგძლივი გამოყენებისას, ყველაზე მძიმედ მათ სოციალურ კომპეტენციაში აისახება. მით უმეტეს შედეგი საგანგაშოა იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ,,სოციალიზაციას“ კომპიუტერთან ურთიერთობით იწყებს. ხშირად, კომპიუტერი თანამედროვე ბავშვის ერთადერთი გასართობი, სათამაშო ინსტრუმენტია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ, ,,ცოცხალ“ თამაშს   ბავშვის მომავალი სოციალური ცხოვრებისთვის მომზადების ფუნქცია აქვს. ეს მოსამზადებელი ეტაპი მის ცხოვრებაში იკარგება სოციალური თამაშების კომპიუტერულით ჩანაცვლებისას.  მართალია, კომპიუტერის საშუალებით ბავშვმა შეიძლება მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ ინფორმაციის დამახსოვრება ეფექტურია, თუ  შეგრძნების ორგანოებია ჩართული, დამახსოვრების პროცესს კი კომპიუტერი პირიქით, აუარესებს. ის უარყოფითი შედეგები რაც კომპიუტერის გამოყენებას აქვს ვერ აბათილებს კომპიუტერით მიღებულ მცირეოდენ სარგებელს განვითარების პროცესში.

ბავშვის მიერ კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენება გულისხმობს სოციალური ინტერაქციის ნაკლებობას, ბავშვები რომლებიც ჩართულნი არიან ვირტუალურ სამყაროში იმისგან დამოუკიდებლად თუ რას აკეთებენ, თამაშობენ ვიდეო თამაშებს, უყურებენ ფილმებს თუ ასე შემდეგ, განიცდიან სოციალური ინტერაქციის სიმცირეს, ეს აფერხებს ,,გონების თეორიის“ განვითარებას. ბავშვებს გვიან უვითარდებათ „მსხვილი“ აზრების, ემოციების გაგებისა და წინასწარმეტყველბის უნარი, ემპათიის, თანაგრძნობის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც ბავშვი სამყაროს შეიცნობს არ მივანდოთ ეს პროცესი მხოლოდ კომპიუტერის ეკრანს. აქტიურად ვიყოთ ჩართულები მათი განვითარების პროცესში, შევუქმნათ მას სოციალური, კოგნიტური და ფიზიკური სტუმულებით მდიდარი გარემო. მას შეუძლია ,,გაართოს“ ბავშვი, ,,გააჩუმოს“ მაგრამ ყოველი საათი, როდესაც მშობლები ბავშვებს კომპიუტერის ,,ძიძობის“ იმედად ტოვებენ მათი განვითარებისთვის დაკარგული დროა.

 

ავტორი: ლილე ყაზაიშვილი

მსგავსი ინფორმაცია