Engles-model

დაავადების გამომწვევი ფსიქოლოგიური ფაქტორები

Comments Off 1934

დაავადების გამომწვევი მიზეზების შესწავლა მთელი ისტორიის მანძილზე მეცნიერების ერთ–ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, რამდენადაც მკურნალობისა თუ პრევენციის სწორი დაგეგმვა შუეძლებელია გამომწვევი მიზეზების სათანადო გაანალიზების გარეშე. ამასთან, მიზეზების ძიების სფერო დიდი ხანია გაფართოვდა, გასცდა ორგანიზმის ბიოლოგიური მოცემულობის საზღვრებს და გადაინაცვლა ფსიქიკურ სფეროში – თანამედროვე ეპოქაში მკვლევარები უკვე აღარ საუბრობენ მხოლოდ დაავადების გამომწვევ სამედიცინო მიზეზებზე და ხაზს უსვამენ დაავადების ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და მკურნალობაში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლს. აზრმა, რომ ადამიანის ორგანიზმსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკური პროცესები, მეოცე საუკუნიდან დღემდე მყარი ემპირიული მხარდაჭერა მოიპოვა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმის შესახებ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების მიზეზი ფსიქოლოგიური ბუნებისაა, არ არის საფუძველს მოკლებული.

სად უნდა ვეძებოთ დაავადების საფუძველი, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ სფეროში? არსებობს თუ არა კავშირი ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და დაავადებას შორის? არის თუ არა ეს კავშირი კაუზალური? კერძოდ რა ფსიქოლოგიური ფაქტორებზეა საუბარი?

დაავადების ტერმინის ქვეშ ზოგადად ისეთი მდგომარეობა მოიაზრება, რომლის დროსაც გააუარესებულია ორგანიზმის ფუნქციონირება. ამ თვალსაზრისით, დაავადება უკავშირდება ორგანიზმის ნორმალური, ჰომეოსტაზური მდგომარეობის დარღვევას. დაავადება გავლენას ახდენს როგორც მთლიანად ორგანიზმზე, ისე მის გარკვეულ ნაწილებზე და გულისხმობს ცვლილებებს (ნორმიდან გადახვევას) ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში. როგორც წესი, დაავადება განიხილება სამედიცინო მდგომარეობად, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები გააჩნია.

თუმცა, ხშირად დაავადების ცნება უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და აერთიანებს მდგომარეობათა სხვადასხვა კატეგორიას, დაწყებულს ინფექციური დაავადებებიდან, დამთავრებულს ნეიროფსიქიატრიული მდგომარეობებით.

ამასთან, გამოიყოფა დაავადებების ორი დიდი ჯგუფი: ორგანული დაავადებები და დაავადებები, რომელთაც არ აქვთ ორგანული საფუძველი, ესე იგი, საფუძვლად არ უდევთ ფიზიკური სტრუქტურების ცვლილება ან დისფუნქცია (ასეთია ფსიქიკური აშლილობები).

თანამედროვე მეცნიერებაში ცალკე დისციპლინადაა გამოყოფილი მიმართულება, რომელიც სწავლობს ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გავლენას ადამიანის სხეულებრივ პროცესებსა და ცხოვრების ხარისხზე. ფსიქოსომატური მედიცინა ინტერდისციპლინური დარგია, რომელიც აერთიანებს ფსიქიატრიას, ფსიქოლოგიას, ნევროლოგიას, ინტერნალურ მედიცინას, ქირურგიას, ალერგოლოგიას, დერმატოლოგიასა და ფსიქონეიროიმუნოლოგიას.

ფსიქოსომატური მედიცინა აქცენტს აკეთებს მენტალურ პროცესებსა და მის ეფექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ დისციპლინად იგი მეოცე საუკუნის 70–იან წლებში ჩამოყალიბდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში, კერძოდ არაბეთში იქმნებოდა ნაშრომები. ალი აბასი (Haly Abbas, 994) იყო ერთ–ერთი იმ მეცნიერთაგანი, რომელმაც ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დაავედება სხეულისა და გონების ინტერაქციის შედეგია და რომ ადამიანის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია მუდმივად ურთიერთქმედებენ, ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ამავე პერიოდში შეიქმნა წარმოდგენა, რომ არსებობს კორელაციური კავშირი ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

უნდა ითქვას, რომ ამგვარი მიმართულებით აზროვნება შემდეგ საუკუნეებში სწორხაზოვნად არ ვითარდებოდა. მაგალითად, მე–17 საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტე (Rene Descartes) სხეულისა და სულის დუალიზმზე საუბრობდა. მისი აზრით, სხეული და სული ორ სრულიად განსხვავებულ სუბსტანციას წარმოადგენდა, რომელიც ერთმანეთს თავის ტვინში მოთავსებული სპეციალური ორგანოს, ჯალღუზისებური სხეულის საშუალებით უკავშირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დეკარტეს შემდგომ, ფილოსოფიაში სხეულისა და სულის ურთიერთქმედების საკითხი ერთ–ერთ საკამათო საკითხად დარჩა.

მიუხედავად ამისა, მეოცე საუკუნეში ჩატარებულმა ინტენსიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ არსებობს მთელი რიგი ისეთი დაავადებებისა, რომელთაც არ აქვთ ბიოლოგიური საფუძველი, თუმცა თავს სწორედ სამედიცინო სიმპტომატიკის სახით იჩენენ. ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობდა ზიგმუნდ ფროიდიც (Sigmund Freud), იკვლევდა რა ისტერიასა და სხვა ნევროზულ მდგომარეობებს. დაავადებათა ამგვარ ჯგუფს თანამედროვე ფსიქოლოგიასა და მედიცინაში სომატოფორმულ აშლილობებს უწოდებენ, ასევე ზოგოერთი მათგანი ერთიანდება შფოთვითი აშლილობებისა და სტრესული აშლილობების კატეგორიაში. ამის საპირისპიროდ, არსებობს დაავადებები, რომელთაც ცხადად გამოხატული ფიზიკური საფუძველი აქვთ და დაკვირვებადი სტრუქურული და ფუნქციონალური ცვლილებებით აღიწერებიან. ამგვარ დაავადებების ჩამოყალიბებაზე, მიმდინარეობასა და მკურნალობაზე ფიზიკურ ფაქტორებთან ერთად დიდ გავლენას ახდენენ ფსიქოლოგიური ფაქტორები.

ცხადია, სომატოფორმული აშლილობებისა ( აშლილობები, რომელთა გამომწვევი მიზეზი აშკარად და ცალსახად ფსიქოლოგიურია) და ფსიქოსომატური აშლილობების ( აშლილობები, რომელთა ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფიზიკურთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქიკური კომპონენტი) ერთმანეთისაგან გამიჯვნა არაა მარტივი. თანამედროვე ფსიქიატრიაში კვლავაც პრობლემებთანაა დაკავშირებული დაავადების მოთავსება რომელიმე ზემოთაღნიშნულ კატეგორიაში. თუმცა ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი სახის დაავადებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პიროვნების წინასწარგანწყობა, აზროვნებისა და შემეცნების სტილი, პიროვნული თვისებები, ხოლო განსაკუთრებით კი სტრესი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ფსიქოსომატურ მედიცინასთან ერთად აღნიშნულ საკითხებს აქტიურად იკვლევს ფსიქონეიროიმუნოლოგიაც – მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს ფსიქოლოგიური პროცესებსა და ნერვულ და იმუნურ სისტემებს შორის არსებული ურთიერთქმედება. ასევე აღნიშნული სისტემების გავლენა დაავადებასა და ჯანმრთელობაზე.

არსებობს იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებზეც დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორები. ასეთია: აუტოიმუნური დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა (მაგ:ალერგიები) და იმუნური დეფიციტი.

მკვლევარების აზრით, ფსიქოლოგიური სტრესორები შესაძლოა ფიზიკური ცვლილებების საფუძველი გახდეს. სტრესული მოვლენების შედეგად აღმოცენდება ისეთი ემოციური და კოგნიტური რეაქციები, რომლებიც თავის მხივ იწვევენ ცვლილებებს სიმპათიკური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქიონირებაში. ყოველივე ეს კი პირდაპირ ნეგატიურად აისახება იმუნურ სისტემაზე.

როგორც წესი, სტრესის მანიფესტაციას წარმოადგენს ისეთი ემოციური და ქცევითი სიმპტომები, როგორიც შიში, შფოთვა, დაძაბულობა, ბრაზი, ნერვიულობა, რომელსაც თან ახლავს ფიზიოლოგიური რეაქციები: გულის მუშაობის რითმის ცვლილება, სისხლის წნევის ცვლილება, ოფლიანობა; თუ ეს ცვლილებები დროში საგრძნობლადაა გახანგრძლივებული და სტრესი იღებს ქრონიკულ სახეს, იმუნური სისტემა, ისევე როგორც მთლიანად ორგანიზმი, ვეღარ ახერხებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

1993 წელს ჰერბერტმა და კოჰენმა ( Herbert and Cohen, 1993) მოახდინეს 38–მდე კვლევის მეტაანალიზი, რომლებიც მოიცავდა კავშირს სტრესულ მოვლენებსა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას შორის მოზრდილ ადამიანებში. კვლევებში შესწავლილი იყო როგორც ლაბორატორიული სტრესორების გავლენა ( როგორიცაა მაგალითად სიტყვით გამოსვლა საჯაროდ), ასევე ხანმოკლე ბუნებრივი სტრესორები (მაგ: გამოცდები) და ხანგრძლივი ბუნებრივი სტრესორები (განქორწინება, უმუშევრობა).

მკველევარებმა დაადგინეს კონსისტენტური კავშირი სტრესის დონესა და სისხლში არსებული თეთრი უჯრედების რაოდენობას შორის. ასევე, სტრესის პირობებში მცირდებოდა იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უჯრედების რაოდენობა და აქტივობა ( helper T cells, suppressor T cells, cytotoxic T cells, B cells, Natural Killer (NK) cells).

ბოლო პერიოდში გაძლიერდა ინეტერესი ინტერპერსონალურ სტრესორებსა და იმუნურ სისტემას შორის არსებულ კავშირზე. ინტერპერსონალურ სტრესორებს მიეკუთვნება კონფლიქტი ცოლ–ქმარს შორის, მარტოობა, დაძაბული ურთიერთობები სამუშაო ადგილზე და სხვა.

ქრონიკული მწვავე სტრესი ხელს უწყობს მიოკარდიალური იშემიისა და გულის არითმიის განვითარებასაც. მაგალითად, სამუშაო ადგილთან დაკავშირებული სტრესი შესაძლოა კარდიოვასკულარული დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. კარასეკის (Karasek) მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით, ზოგიერთი სამუშაო იწვევს დაძაბულობის ინტენსიურ განცდას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია მოთხოვნის დონე, თუმცა ნაკლებია შემოსავალი ან პიროვნებას არ ეძლევა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა ( Karasek, 1979). ამგვარი მდგომარეობა ოთხჯერ ზრდის გულის დაავადების განვითარების რისკს.

ამასთან ერთად, კვლევები ცხადყოფს, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გულის კორონალური დაავადებების განვითარებას. ფსიქოლოგიურ ფაქტორებში 5 ძირითადი განზომილება მოიაზრება: (1) დეპრესია, (2) შფოთვა, (3) პიროვნული ფაქტორები, (4) სოციალური იზოლაცია, (5) ქრონიკული სტრესი.

ფსიქოლოგიური ფაქტორები გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს როგორც პირდაპირ გავლენას (ხელს უწყობს პათოლოგიურ ფიზიოლოგიურ პროცესებს), ისე არაპირდაპირს – ფსიქოსოციალური ფაქტორები აყალიბებს ჯანმრთელობისათვის მავნებელ ქცევებს,როგორიცაა მოწევა, არაჯანსაღი კვება და არასწორი დიეტა. ყოველივე ეს კი, ცხადია, აისახება გულის მუშაობაზე.

ყურადღებას იპყრობს დეპრესიის ერთ–ერთი ნიშანი უიმედობა. კერძოდ, უიმედობის განცდა ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით  ჩანს, რომ ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას (Wasserthal-Smoller et al, 1996) და მეტიც, უკავშირდება უეცარ სიკვდილს.

ამასთან, მტრული და ნეგატიური ორიენტაცია (მტრულობა, როგორც პიროვნული ნიშანი) ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, რომლის დროსაც ხშირია ბრაზი, ცინიზმი და უნდობლობა, კავშირშია გულის კორონალურ დაავადებებთან (Shekelle et al, 1983).

1970–იანი წლებიდან აქტიურად ტარდება კვლევები დაავადებებსა და სოციალურ იზოლაციას შორის არსებული კავშირის დასადგენად. დადგინდა, რომ სოციალური მხარდაჭერა, ოჯახისადმი მიკუთვნებულობა, მეგობრების ფართო წრე, მონაწილეობა სოციალურ აქტრივობებში ამცირებს დაავადების განვითარების რისკს (Berkman & Syme, 1979). კვლევები ეხებოდა ურთიერთობების სტატუსსაც (მარტო ცხოვრება, ქორწინება, განქორწინება).  აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ურთიერთობათა რაოდენობას, არამედ ემოციური მხარდაჭერის სიძლიერეს. აღნიშნულ საკითხზე 15–მდე კვლევაა ჩატარებული და გამოვლენილია სოციალური მხარდაჭერის კავშირი გულის დაავადებების განვითარებასთან მომავალში.

ერთ–ერთი კვლევის მიხედვით (Cohen, 1995; Cohen et al., 1991) განუვითარდება თუ არა პიროვნებას რესპირატორული ინფექცია, გარკვეული ხარისხით დამოკიდებულია სწორედ სოციალური მხარდაჭერის დონეზე.

აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა სომატოფორმული აშლილობები, შეგვიძლია ვისაუბროთ კაუზალურ კავშირზე დაავადებასა და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს შორის. თუმცა ისეთ გარემოებებებში, როდესაც სახეზეა აშკარად გამოხატული ცვლილებები ფიზიკურ დონეზე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებზე, კერძოდ, რთულია იმის განსაზღვრა, ფსიქოლოგიური ფაქტორი გახდა ნორმიდან გადახვევის მიზეზი, თუ პირიქით, ფიზიკურ დაზიანებასა და დისფუნქციას მოყვა რაიმე სახის ფსიქიკური მოვლენა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ არასწორია დაავადების გამომწვევი მიზეზების ძიება მხოლოდ ორგანულ დონეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი სხეულისა და ფსიქიკის ერთიანობას წარმოადგენს, დაავადების შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მრავალ ფაქტორს, აუცილებელია ინტერდისციპლინური მიდგომა და პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებთან ერთად მისი ცხოვრების სტილისა თუ სოციო–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება. თანამედროვე მეცნიერებაში უკვე აღარ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ დაავადების ჩამოყალიბებაზე, მიმდინარეობაზე, განვითარებასა და მკურნალობაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური ფაქტორები.

 

ავტორი : თამთა ნეკაშვილი

მსგავსი ინფორმაცია