AALogo

ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის ეფექტურობა

Comments Off 427

1935 წლიდან მოყოლებული დღემდე, ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფი მრავალ ადამიანს დაეხმარა პრობლემის AA-Fiji-Logoდაძლევასა და გამოჯანმრელებაში. ეს უდავოდ ფაქტია, თუმცა საინტერესოა, მაინც რა განსაზღვრავს მის ეფექტურობას და რამდენად ეხმარება იგი ალკოჰოლზე დამოკიდებულ ინდივიდებს? რეალურად რამდენად ეფექტურია იგი მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით? ან, რამდენად ეფექტურია იგი უბრალოდ ადამიანის სურვილთან მიმართებაში, საკუთარი ძალებით დასძლიოს პრობლემა? ასევე, საინტერესოა, თუ რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას. ამ თეორიული ნაშრომის მიზანია, სხვადასხვა კვლევებზე დაფუძნებით მეტნაკლებად სრულად გასცეს პასუხი ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე.

     სანამ უშუალოდ ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის ეფექტურობაზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია მიმოვიხილოთ ამ ჯგუფის დაარსების მოკლე ისტორია და მისი არსი. ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფს ( ინგლისურად: Alcoholics Anonymous, შემოკლებით : A.A. ) საფუძველი ჩაეყარა 1935 წელს, აკრონში, ოჰაიოს შტატში (Akron, Ohio) ნიუ იორკის ბირჟის მაკლერის, ბილ ვილსონსა (Bill Wilson) და აკრონის ქირურგის, ექიმ ბობ სმითის (Dr. Bob Smith) შეხვედრის შედეგად. ორივე მათგანი უიმედო ალკოჰოლიკი იყო. შეხვედრამდე ბილსა და ექიმ ბობს ურთიერთობა ჰქონდათ ე.წ. „ოქსფორდის ჯგუფთან“ (the Oxford Group), რომელიც წარმოადგენდა, უმეტესწილად, არა ალკოჰოლიზმით დაავადებულთა საზოგადოებას, რომლის პრიორიტეტიც იყო – უნივერსალური სასულიერო ღირებულებების ხაზგასმა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ჯგუფის ზეგავლენითა და ძველი მეგობრის (Ebby T.) დახმარებით, ბილმა ნელ-ნელა გამოჯანსაღება დაიწყო. იგი ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობდა ალკოჰოლიზმით დაავალდებულ ადამიანებთან მუშაობით, თუმცა, ეს ადამიანები, ბილისგან განსხვავებით, ვერ გამოჯანმრთელდნენ. ამის პარალელურად, „ოქსფორდის ჯგუფის“ ზეგავლენას იგივე დადებითი ეფექტი არ ჰქონია ექიმ ბობზე, რომელიც ჯერ კიდევ იტანჯებოდა ამ პრობლემით. საბოლოოდ, როდესაც ბილი და ბობი ერთმანეთს შეხვდნენ, ექიმის ცხოვრებაში ეს მომენტი მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილად იქცა.  ბობს მაშინვე დაეტყო უკეთესობისკენ წინსვლა, რადგან იგი შეხვდა თანატოლს, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებდა, მაგრამ ამჟამად სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. ბილმა ექიმს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აუხსნა, რომ ალკოჰოლიზმი, ესაა – „ტვინის, სხეულისა და ემოციების სნეულება“ .  მიუხედავად იმისა, რომ ბობი პროფესიით ექიმი იყო, მან არ იცოდა, რომ ალკოჰოლიზმი ავადმყოფობაა. ბილის დამარწუმენებლი არგუმენტების საპასუხოდ, ბობმა გამოჯანსაღება დაიწყო და ამის შემდეგ, ცხოვრებაში აღარასდროს მიჰკარებია ალკოჰოლს. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფს (შემდეგში მოვიხსენიებ, როგორც – A.A.-ს) .

პირველად ბობმა და ბილმა აკრონის საავადმყოფოში (Akron’s City Hospital) დაიწყეს მუშაობა, სადაც ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანებიდან ერთ-ერთი უმალვე გამოჯანმრთელდა. შემდგომში, ბილმა და ბობმა ამ ადამიანთან ერთად სამ სხვადასხვა საავადმყოფოში სამი ჯგუფი შექმნეს და 5 წლის განმავლობაში 100 ადამიანის გამოჯანმრთელება შეძლეს. 1939 წლის დასაწყისში კი, მათ გამოსცეს სახელმძღვანელო, სახელწოდებით – „Alcoholics Anonymous“, საიდანაც მომდინარეობს ამ ჯგუფების სახელწოდებაც. სახელძღვანელოს ტექსტი შეადგინა ბილმა და მასში კარგადაა აღწერილი A.A.-ს ფილოსოფია და მეთოდები, რომლებიც ახლა უკვე ცნობილია, როგორც  –  „ თორმეტი საფეხური გამოჯანსაღებისკენ“ / „ Twelve Steps of recovery“.

დღევანდელ დღემდე A.A.-მ განვითარების დიდი გზა განვლო და დღესდღეობით იგი უკვე გლობალური მოვლენაა, რომელმაც გადალახა ყველანაირი, იქნება ეს – რასობრივი, ენობრივი, კულტურული, სახმელეთო, თუ საზღვაო ბარიერი და მთელს მსოფლიოში გავრცელდა (Historical Data: The Birth of A.A. and Its Growth in the U.S./Canada;  წყარო ; 2015 წელი, 25 ივლისი; 14:37 წთ. ) .

მაშასადამე, A.A.  ეს არის იმ მამაკაცთა, თუ ქალთა საზოგადოება/გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ძლიერ მხარეებსა და იმედს, რომ დაძლევენ თავიანთ პრობლემას და სხვებსაც დაეხმარებიან ალკოჰოლთან ბრძოლაში. ერთადერთი მოთხოვნა იმისათვის, რომ ასეთი ჯგუფის წევრი გახდე, არის ის, რომ გქონდეს სურვილი, უარი თქვა ალკოჰოლზე და ზოგადად – დალევაზე. A.A. წევრობა სრულიად უფასოა და არანაირ სხვა ვალდებულებას არ მოიაზრებს გარდა იმისა, რომ შეინარჩუნო ჯანმრთელობა და ამაში სხვასაც დაეხმარო. ასეთი ჯგუფები არ ეფუძნება არანაირ ორგანიზაციასა და ინსტიტუტს, იქნება ეს რელიგიური, პოლიტიკური, თუ სხვა.  A.A. სრულიად თავისუფალია ასეთი გავლენებისგან. იგი წარმოადგენს არაფორმალურ გაერთიანებას, რომელიც შედგება  2 მილიონზე მეტი  ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებული და გამოჯანმრთელებული ადამიანისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. A.A. მთლიანად არაპროფესიონალური გაერთიანებაა, რადგანაც მას არ ჰყავს: ექიმები, კლინიცისტები, მრჩეველები, თუ ფსიქოლოგები. მისი წევრები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება დასძლიეს, ან ჯერ კიდევ დაძლევის პროცესში არიან. არ არსებობს ცენტრალური ფიგურა – ავტორიტეტი, რომელიც გააკონტროლებს ასეთი ჯგუფების საქმიანობას. იმას თუ, რას და როგორ  გააკეთებენ, წყვეტს ჯგუფის თითოეული წევრი. მიუხედავად ამისა, A.A. -ის თავდაპირევლი პროგრამა, რომლის საფუძვლებიც ბილისა და ბობის სახელმძღვანელოში უნდა ვეძებოთ, იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის ყველა ჯგუფი ითვალისწინებს მას. კერძოდ, A.A. ეფუძნება „12 საფეხურს გამოჯანსაღებისკენ“, რომლის დროსაც ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორები იყვნენ ადრე, შემდგომ რა მოხდა და როგორები არიან ახლა. A.A.-ს ხშირად ესწრებიან არა მხოლოდ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები, არამედ სხვა მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულებიც, მაგალითად – ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები, თუმცა ამ ჯგუფის წევრობა მხოლოდ იმათ შუძლიათ, რომლებსაც ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ (What is AA? ; წყარო ; 2015 წლის 25 ივნისი; 15:35 წთ. ) .

ვარაუდობენ, რომ A.A.-ს ეფექტურობას განსაზღვრავს მისივე მარტივი სტრუქტურა, კერძოდ: ადამიანმა, რომელმაც დასძლია ალკოჰოლზე დამოკიდებულება, აქვს უფლება, რომ ჩაატაროს „ლექცია“ და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც არაკონტროლირებადი მსმელები არიან. უფრო ზუსტად კი, ადამიანი, რომელმაც დასძლია აღნიშნული პრობლემა, უყვება სხვებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, შემდეგ რა გზა გაიარა მის დასაძლევად, როგორ გამოჯანმრთელდა  A.A.-ს დახმარებით და ახლა როგორ გრძნობს თავს. ასეთი „ლექციის“ შემდგომ, ეს ადამიანი ჯგუფის ახალ წევრებს იზიდავს და „ეპატიჟება“ ამ არაფორმალურ საზოგადოებაში. მაშასადამე, ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის ეფექტურობა ეფუძნება შემდეგ 12 საფეხურს, რომელიც აღწერს ჯგუფის ადრეული წევრების გამოცდილებას:

  1. ვაღიარეთ, რომ უძლურნი ვიყავით ალკოჰოლის მიმართ და ჩვენი ცხოვრება გახდა უკონტროლო.
  2. მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ თავზე უფრო ძლიერ, გარეშე ძალას შეეძლო ჩვენი გამოჯანსაღება.
  3. გადავწყვიტეთ, ჩვენი ცხოვრება და სურვილი ღმერთისთვის დაგვეკავშირებინა, ისე, როგორც მისი არსებობის გვესმის (შენიშვნა: ცნება „ღმერთში“ არ იგულისხმება მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მიერ აღიარებული ღმერთი. A. მორგებულია ნებისმიერ რელიგიურ აღმსარებლობაზე, ნებისმიერ რწმენაზე, ამიტომ ჯგუფის თითოეული წევრი ცნება „ღმერთში“ საკუთარ რწმენას გულისხმობს).
  4. შევისწავლეთ საკუთარი თავი და შევქმენით შეუპოვარი, მორალური მექანიზმი, რომელიც ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებაში დაგვეხმარებოდა.
  5. ღმერთის, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების წინაშე დაუფარავად წარმოვაჩინეთ ჩვენი შეცდომების ზუსტი ბუნება.
  6. გამოვაცხადეთ სრული მზადყოფნა და სურვილი იმისა, რომ ღმერთს აღმოეფხვრა ყველა ჩვენი პიროვნული ნაკლი.
  7. თავმდაბლურად ვთხოვეთ მას ამ ნაკლის აღმოფხვრა.
  8. შევქმენით იმ ადამიანების სია, რომლებსაც რაიმე სახით ზიანი მივაყენეთ და შემდგომ, შევეცადეთ, რომ მათთვის კომპენსაცია გაგვეწია.
  9. შევეცადეთ, რომ ამ ადამიანებისთვის, შეძლებისდაგვარად, პირდაპირი დახმარება გაგვეწია, იმ შემთხვევაში თუ, ასეთი ქმედება მათ, ან სხვა ადამიანებს ზიანს არ მოუტანდა.
  10. კვლავ ვახორციელებდით მორალურ მექანიზმს და ნებისმიერ შეცდომას დაუყოვნებლივ ვაღიარებდით.
  11. ლოცვითა და მედიტაციით ვამყარებდით უფრო ახლო და ღრმა კონტაქტს ღმერთთან იმისათვის, რომ გაგვეგო მისი სურვილი ჩვენს მომავალთან დაკავშირებით.
  12. ამ საფეხურების გავლის შედეგად, სულიერად ვიღვიძებდით და ვცდილობდით, რომ ეს გამოცდილება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

ჯგუფის ახალბედა წევრებს არ მოეთხოვებათ ყველა ამ საფეხურის გავლა, თუკი ისინი თავად არ მოისურვებენ ამას.  მათ უფლება აქვთ დაესწრონ A.A.-ს ყველა შეკრებას, ღიად გამოხატონ თავიანთი აზრი, მოუსმინონ სხვების გამოცდილებას. ჯგუფის უფრო გამოცდილი წევრები ახალბედებს უბიძგებენ იმის გააზრებისკენ, რომ მხოლოდ დალევასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ადამიანს შეუძლია თავად განსაჯოს, არის თუ არა იგი ალკოჰოლზე დამოკიდებული. მაშასადამე, A.A.-ს ეფექტურობის საფუძვლად შესაძლოა მოვიაზროთ შემდეგი: ა) იმ ადამიანების პირადი მაგალითების ხილვა და მოსმენა, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, ან ჰქონდათ და დაძლიეს,  ბ) ავტორიტეტული ფიგურის არარსებობა, რის გამოც იქმნება განცდა, რომ ყველა თანასწორია და გ) არანაირი იძულება – ადამიანი თავად წყვეტს, სურს თუ არა პრობლემასთან გამკლავება (The Twelve Steps of Alcoholics Anonymous ; წყარო ; 2015 წლის 25 ივნისი; 20:43 წთ. ) .

მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფი უკვე 76 „წლისთავს ზეიმობს“ (2011 წლის მონაცემებით) და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს, მისი ეფექტურობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგალითად, ანთროპოლოგისტი უილიამ მედსენი (William Madsen; the University of California, Santa Barbara ; წყარო ; 2015 წლის 25 ივნისი; 21:44 წთ. ) თავის წიგნში, რომელიც 1974 წელს გამოსცა, ამტკიცებდა, რომ A.A.-ს სასწაულებრივი ეფექტი აქვს, მაშინ, როდესაც სხვა მკვლევარები და მეცნიერები ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ამ თემასთან დაკავშირებით არსებული კვლევების მიმოხილვის შედეგად, მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ A.A.-ს შეუძლია ზოგიერთ ადამიანს მართლაც დაეხმაროს, განსაკუთრებით, თუკი ეს ადამიანები დამატებით პროფესიონალურ მკურნალობასაც იტარებენ, მაგრამ საკითხის ნათლად გარკვევას ხელს უშლის უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტის არსებობა, რაც თავად პროგრამის არსიდან გამომდინარეობს.

1977 წელს ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე კარგად სტრუქტურირებული კვლევა – „Project Match“ (Does Alcoholics Anonymous Work? ; წყარო; 2015 წლის 25 ივნისი; 22:10  წთ.)  , რომელმაც აჩვენა, რომ A.A. -ს შეუძლია ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. კვლევის ფარგლებში  შეირჩა 900 ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი, რომლებიც შემთხვევითი მეთოდით გადაანაწილეს სამ სხვადასხვა ჯგუფში. თითოეული ჯგუფი იღებდა მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს 12 კვირის განმავლობაში: ერთი ჯგუფი მონაწილეობას იღებდა ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფში, მეორე იღებდა კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას და მესამე –  მოტივაციის ასამაღლებელ თერაპიას.  კვლევის შედეგად დადგინდა, რომ A.A. -მ ყველაზე მაღალი ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც A.A.-ს ჯგუფში მოხვდნენ, მკურნალობის დაწყებამდე, ალკოჰოლის გარეშე დაახლოებით დღეების მხოლოდ 20%-ს ატარებდნენ. ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა მკურნალობის დამთავრებიდან ერთ წელში. ამ კვლევის ნაკლი იყო შემდეგი: არ არსებობდა საკონტროლო ჯგუფი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც არანაირ მკურნალობას არ მიიღებდნენ, შესაბამისად, არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მკურნალობის რომელიმე მეთოდი, თუნდაც A.A., უპირატესია უბრალოდ ადამიანის სურვილზე, თავისი ძალისხმევით, ყოველგვარი დახმარების გარეშე დაანებოს თავი დალევას.

ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც  ფსიქოლოგმა რუდოლფ მუსმა (Psychologist Rudolf H. Moos of the Department of Veterans Affairs and Stanford University and Bernice S. ; Does Alcoholics Anonymous Work? ; წყარო; 2015 წლის 25 ივნისი; 22:25 წთ) ჩაატარა  2006 წელს, გათვალისწინებული იყო ზემოთ აღნიშნული კვლევის ნაკლი. რუდოლფი 16 წლის განმავლობაში იკვლევდა ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ძალებითა და სურვილით ცდილობდნენ ალკოჰოლისთვის თავის დანებებას და ადამიანებს, რომლებიც მიმართავდნენ ან A.A.-ს, ან  – პროფესიონალ თერაპევტს, ან ორივეს ერთად. კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი: იმ ადამიანების 67%, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში მინიმუმ 27 კვირას მაინც ესწრებოდნენ A.A.  შეხვედრებს, შემდგომი 16 წლის მანძილძე არამსმელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ განსხვავებით იმათგან, რომლებიც თავიანთი ძალებით ცდილობდნენ სმისთვის თავის დანებებას – ამ ადამიანების მხოლოდ 34% იყო შემდეგი 16 წლის მანძილზე არამსმელთა კატეგორიაში.  ხოლო, იმ ადამიანებიდან, რომლებიც A.A.-ს შეხვედრებზე დასწრებასთან ერთად პროფესიონალი თერაპევტის დახმარებასაც იღებდნენ, 56%  გამოჯანმრთელდა განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ A.A.-ს შეხვედრებით დაკმაყოფილდა და არ მიუღია პროფესიონალის დახმარება (მათი მხოლოდ 39% გახდა არამსმელი). მაშასადამე, ეს და სხვა მრავალი კვლევაც უჩვენებს, რომ ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის ეფექტურობა იზრდება, როდესაც ადამიანი პარალელურად იღებს პროფესიონალურ დახმარებასაც. მიუხედავად ამ კვლევის ბევრი ძლიერი მხარისა, უნდა აღინიშნოს მისი ნაკლიც: კვლევა ეფუძნებოდა ბუნებრივი დაკვირვების მეთოდს, რის გამოც მკვლევარს არ შეეძლო მთელი რიგი გარე ფაქტორების გაკონტროლება. გარდა ამისა, კვლევის შდეგები შესაძლოა მხოლოდ ალკოჰოლზე ნაკლებად მწვავე დამოკიდებულების მქონე ინდივიდებს მოერგოს, რადგან ავტორმა კვევისთვის ისეთი პირები შეარჩია, რომლებმაც პრობლემის გადასაჭრელად დახმარებას პირელად მიმართეს. აქ არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ადრეც სცადეს.

2004 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში –  „ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება“ ( Journal of Drug and Alcohol Abuse), სარა ზენმორმა (alcohol addiction researcher Sarah Zenmore; 2004 survey published in the Journal of Drug and Alcohol Abuse; 2004 year; წყარო ;  2015 წლის 25 ივნისი; 23:22) აღნიშნა, რომ A.A. ეს არ არის პანაცეა, არამედ ესაა პრობლემის მქონე ადამიანების მხარდაჭერა, რომლის ეფექტიც ძალიან დიდია. „A.A. ეხმარება ადამიანებს გამოჯანმრთელებასა და ამ მდგომარეობის შენარჩუნებაში“ – ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვნახეთ A.A.-ს აქვს საკმაოდ დადებითი ეფექტი, ზოგიერთ შემთხვევაში მას შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი გავლენაც. კერძოდ, თუკი ჯგუფი ძლიერ წინააღმდეგობრივია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი არ დაექვემდებაროს ცვლილებას და დარჩეს ალკოჰოლზე დამოკიდებული (Hal Arkowitz and Scott O. Lilienfeld; Scientific American Mind, September/October 2010; წყარო; 2015 წლის 25 ივნისი; 23:00). ასევე, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თანდათანობით A.A. იღებს იძულებით ხასიათს, მაგალითად სასამართლოს გავლენით, კერძოდ, როდესაც ადამიანს აიძულებენ აირჩიოს ან ციხე, ან – A.A. ამგვარი იძულება გახდა იმის მიზეზი, რომ უახლესი მონაცემებით ასეთი ჯგუფების წევრების მხოლოდ 5 % განაგრძობს შეხვედრებზე დასწრებას, დანარჩენები კი მალევე ტოვებენ A.A. -ს  და ფაქტობრივად, გაურკვეველი ხდება, მათ შესძლეს თუ არა ალკოჰოლზე დამოკიდებულების რეალურად დამარცხება. სწორედ ამ იძულების ტენდენციას აბრალებენ იმას, რომ   A.A.-ს დადებითი ეფექტი  მცირდება. ეს ინფორმაცია ეყრდნობა ორ კვლევას, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ A.A.-ს შედეგები მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით იყო ან უარესი, ან მათ შორის საერთოდ არანაირი სხვაობა არ შეინიშნებოდა (Brandsma et al., The Outpatient Treatment of Alcoholism: A Review and Comparative Study, Baltimore: University Park Press, 1980; Ditman et al., “A controlled study on the use of court probation for drunk arrests,” American Journal of Psychiatry, 124:160-163, 1967 ;  წყარო ; 2015 წლის 25 ივნისი; 23:39 წთ.)  ასევე, არსებობს სხვა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ A.A. -ს შესაძლოა ჰქონდეს უარყფითი გავლენა, მაგალითად, იგი შესაძლოა გახდეს ძალადობის წყარო, როგორც ეს ერთი ქალბატონის შემთხვევაში მოხდა და აქაც ძირითადად მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ კანონის დამრღვევებს აიძულებენ არჩევანი გააკეთონ ციხესა და  A.A.-ს შორის, მათი უმეტესობა კი, ამ დილემას უკანასკნელის სასარგებლოდ წყვეტს. შედეგად, ვიღებთ იმას, რომ მსუბუქი სამართალდამრღვევები რჩებიან თავისუფლები და მხოლოდ ციხისგან თავის გადასარჩენად ხდებიან A.A.-ს წევრები, სადაც შეუძლიათ სხვებზე ნეგატიური გავლენა იქონიონ  (Twelve Steps to Danger: How Alcoholics Anonymous Can Be a Playground for Violence-Prone Members; წყარო; 2015 წლის 25 ივლისი; 23:44 წთ.) . ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის თანამედროვე კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს ის უკვე ნაკლებ ეფექტურია, ვინაიდან თანამედროვე ხალხს შეუძლია პრობლემის უკეთესს გადაწყვეტამდე მივიდეს, ვიდრე ეს – ღმერთი და რწმენაა, რომელსაც ეფუძნება A.A.-ს ფილოსოფია. ეს კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი იდეოლოგიის წყალობით A.A. „კლავს“ იმდენივე ადამიანს, რამდენსაც – „არჩენს“, ამიტომ მათემატიკური თვალსაზრისით  მისი ეფექტურობა ნულის ტოლია. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ A.A. ერთი დიდი ტყუილია, რომელიც ქრისტიანული რელიგიის პროპაგანდას ეწევა, რაც დასტურდება იმით, რომ ქრისტიანული ეკლესიები „დიდი მონდომებით“ რთავენ ნებას A.A-ს წარმომადგენლებს, თავიანთი შეხვედრები ეკლესიის ტერიტორიაზე ჩაატარონ (A. Orange ; „What’s Not Good About A.A.“ ;  წყარო; 2015 წლის 27 ივნისი, 15:58 წთ.).  თუმცა,  ჩემი აზრით, ცალსახად არაფერზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ იგი კარგია, ან – ცუდი. როგორც დადებითი, ასევე – უარყოფითი მხარე ნებისმიერ მოვლენას აქვს და მისი უპირატესი ეფექტი დამოკიდებულია თავად ადამიანზე, მის ინდივიდუალობაზე. თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავდება სხვადასხვა თვისებებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით და ა.შ. ჩემი აზრით, დიდწილად სწორედ ასეთი ინდივიდუალობა განსაზღვრავს რაიმე მოვლენის, თუნდაც  – A.A.-ს ეფექტურობას, იმას, მას უპირატესად დადებითი, თუ უარყოფითი გავლენა ექნება ჩვენზე. იმის გამო, რომ A.A. წარმოადგენს ერთგვარ მხარდაჭერით წრეს, ვფიქრობ, რომ მას დადებითი ეფექტი უფრო მეტი ექნება, ვიდრე – უარყოფითი, თუმცა, ეს ჩემი სუბიქტური აზრია, რომელიც ეფუძნება ჩემსავე ინდივიდუალურ მახასიათებლებს. პირადი თვალთახედვიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი არის კომუნიკაბელური, ემპათიური, მაღალი თვითფლობის და გამოირჩევა კონფორმულობითაც, მისთვის A.A. უფრო მეტი პოზიტიურის მომტანი იქნება, ვიდრე – ნეგატიურის. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ საკითხში დიდი როლი ენიჭება ინტელექტსაც, კერძოდ, იმას თუ, რამდენად ანალიტიკურად და კრიტიკულად შეუძლია ადამიანს, განიხილოს სხვისი მსჯელობა, ანუ რამდენად შეუძლია მას, მიიღოს კარგად „გაფილტრული“ ინფორმაცია. მაშასადამე, ჩემი აზრით A.A.-ს ეფექტურობაზე მსჯელობისას, თავად ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის გარდა, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ინდივიდების მახასიათებლებიც. ანუ, A.A. -ს ერთმნიშვნელოვნად კარგი, ან ცუდი „იარლიყი“ არ უნდა „მივაწებოთ“, რადგან იგი შესაძლოა ერთი ადამიანისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს, მეორესთვის – ნაკლებად ეფექტური, მესამესთვის კი – უარყოფითი გავლენის მქონე.

დასკვნა

ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფის ეფექტურობასთან დაკავშირებით მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება, თუ არგუმენტი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი,  თავიანთ კვლევებზე დაფუძნებით ამტკიცებენ, რომ A.A. დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ამ ავტორების ინფორმაციით, A.A. ზოგიერთ თერაპიაზე უკეთესიც კია, რომ აღარაფერი ვთქვათ – თვითმკურნალობაზე. ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ A.A. -ს ეფექტურობა იზრდება, როდესაც ადამიანი პარალელურად პროფესიონალურ მკურნალობასაც მიმართავს. თუმცა, არსებობენ კრიტიკოსებიც, რომლებიც ასევე კვლევებსა, თუ პირად მაგალითებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ A.A. არაა ეფექტური და რომ ზოგიერთ შემთხვევაში მას უარყოფითი გავლენა უფრო მეტი აქვს, ვიდრე – დადებითი. თუმცა, ჩემი აზრით, A.A.-ს ეფექტურობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია თავად ინდივიდების მახასიათებლები, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით განისაზღვრება ის, თუ რამდენად ეფექტური იქნება ანონიმურ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ჯგუფი.

 

ავტორი: ნათია გაბედავა

მსგავსი ინფორმაცია