mind-reading

გონების თეორია

Comments Off 1871

თანამედროვე ბავშვის განვითარების თეორიტიკოსები ბავშვის განვითარებას უყურებენ, როგორც კონსტრუქციულ მოვლენას სადაც, კომპლექსურად მოქმედებს მემკვიდრეობითი, გენეტიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორები. როცა ბავშვის განვითარებაზე მოქმედ გარემო ფაქტორებს განიხილავენ, ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ადრეულ გამოცდილებაზე, რომელიც მთელი მომავალი ცხოვრების განმავლობაში რჩება ძალაში.  მიიჩნევა, რომ უარყოფითი მოვლენების ზეგავლენა, მოგვიანებით თუნდაც დადებითი ზეგავლენით, სრულიად ვერ დაიძლევა. ამიტომ, ადრეული ბავშვობის განვითარების პრობლემები აქტუალური თემაა მეცნიერებისთვის. (Bowlby, 1980; Johnson, 2000; Sroufe, Egeland, & Kreutzer, 1990) ცხოვრების თანამედროვე რიტმი, ტექნოლოგიური პროგრესი, ქალთა ემანსიპაცია, ეს ის ცვლილებებია რაც ბოლო  ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სახეცვლილება განიცადა და გარკვეულწილად შეეხო ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს, მათ შორის ბავშვის განვითარებასაც.

ადამიანის განვითარების შესახებ ინტერდისციპლინური კვლევისათვის გამოყოფენ განვითარების სამ ძირითად სფეროს: ფიზიკურს, კოგნიტურს და ემოციურ-სოციალურს. ,,გონების თეორია“ ფარავს განვითარების თითოეულ სფეროს, თუმცა შეიძლება ითქვას, მეტწილად კოგნიტურ-ემოციური უნარების განვითარებას მოიაზრებს. ის ადამიანის ადაპტაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს და ვითარდება ადრეული ბავშვობის პერიოდში, 3 წლის შემდეგ.

,,გონების თეორია“ არის მეტარეპრეზენტაციების სისტემა, რომელიც ინტენსიურად ვითარდება ადრეული ბავშვობის პერიოდში. ,,გონების თეორია“ მოიცავს ისეთ შესაძლებლობებს როგორიცაა, სხვისი განცდების აღქმის შესაძლებლობა, ასევე  მოიცავს ადამიანის  უნარს განსაზღვროს სხვისი  შინაგანი მდგომარეობა, მიხვდეს, რომ სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მისგან განსხვავებული რწმენები, განზრახვები, გეგმები, მაშინაც კი, როდესაც ის არ ახდენს მათ ვერბალიზაციას. (Goldman, 2012)

გონების თეორია საშუალებას აძლევს ადამიანს ,,სენსორული რეალობის მიღმა ჩაწვდეს მენტალურ რეალობას: მოიტყუოს, გამოიცნოს, იწინასწარმეტყველოს, გაითამაშოს სხვისი მდგომარეობა“. (Baars & Gage, 2010).

ადამიანს სხვის ფსიქიკაზე არა აქვს პირდაპირი წვდომის საშუალება, თუმცა  ის ინტროსპექციის საშუალებით გრძნობს საკუთარ ფსიქიკურ არსებობას.  სოციალიზაციის პროცესში ის უშვებს, რომ სხვა ადამიანებიც მოქმედებენ მეტ-მაკლებად, იმავე ფსიქიკური კანონებით, როგორც თვითონ. ადაპტაციისთვის ადამიანი გამოიმუშავებს სხვისი გონების ,,წვდომის” შესაძლებლობას. სხვისი ინტენციის გაგების უნარს ბავშვები დაბადებიდან არ ამჟღავნებენ. ერთი წლის ასაკში  ბავშვებს შეუძლიათ ფსიქიკური სამყაროს აღქმა,  ორი წლიდან კი მათ უვითარდებათ უნარი, რაც აძლევთ სხვისი ფსიქიკური მდგომარეობის წარმოდგენის საშუალებას. ბავშვი არა მარტო აღიქვამს სხვის ქცევას, არამედ შეუძლია ამ ქცევიდან გარკვეული აზრისა და დასკვნების გამოტანა. სხვა ადამიანების შინაგანი მდგომარეობის განსაზღვრა (გაგოშიძე, 2007) ეს ხდება სოციალიზაციის პროცესში  ,,ერთიანი წვდომისგაზიარებული ყურადღების,   მეტყველების, სხვისი ემოციებისა და ქმედებების გაგების, გააზრების შედეგად. ,,გონების თეორიის“ განვითარება ეხმარება ადამიანს ადაპტაციაში. ,,გონების თეორიის“ განუვითარებლობის შემთხვევაში სახეზეა ფსიქოლოგიური პრობლემები, ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობები, შიზოფრენია, ყურადღების დეფიციტი, ქცევის აშლილობები და ასე შემდეგ. (Kormakmaz, 2011) (BARON-COHEN, 1985)

სამეცნიერო დისკურსი ,,გონების თეორია“  ფილოსოფიის, განვითარების ფსიქოლოგიის და კოგნიტური ნეირომეცნიერებების ინტერესის სფეროა. (Goldman, 2012) გონების თეორიაში გამოიყოფა ორი ტიპის კლასიფიკაცია. პირველი კლასიფიკაცია ახმოვანებს ოთხ მიდგომას: თეორიის თეორია, მოდულარობის თეორია, რაციონალობის თეორია და სიმულაციური თეორია. მეორე კლასიფიკაცია ,,პირველი პირის“ და ,,მესამე პირის“ აღქმის განსხვავების პრობლემატიკაზე ამახვილებს ყურადღებას , რაც მოიცავს ინტროსპექციის პრობლემების კვლევას.

მოდალურობის თეორიის მიხედვით, ,,გონების თეორია” ფსიქიკაში სხვა მენტალური უნარების საფუძველზე ვითარდება. ,,თეორიის თეორიის“ მიხედვით ის 3-4 წლის ასაკში ადამიანის მიერ საკუთერი ქცევის გაგების შედეგად შეძენილი იმპულსური ცოდნაა. სიმულაციის თეორიის მიხედვით,  ადამიანი სხვის მენტალურ მდგომარებას, ,,მათი გზის გაყოლით“ ხვდება,  ანუ ადამიანი წინასწარმეტყველებს სხვის ქცევას, ისე როგორც საკუთარს, განსხვავება მხოლოდ სანდოობის ხარისხშია. შესაბამისად,  როდესაც სხვის ქცევას ვწინასწარმეტყველებთ, ჩვენს თავს წარმოვიდგენთ მის მაგივრად. რაციონალურობის თეორია, ტელეოლოგიურ იდეოლოგიას ეფუძნება.  რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება  წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელებაა და ეს მიზნები გარკვეული განწყობების სახითაა ადამიანში მოცემული. (Goldman, 2012)

,,გონების თეორიის“ კვლევა ადამიანებში, ცხოველებში, მოზარდებსა და ბავშვებში, ნორმალურ და ატიპიურ განვითარებაში 1935 წლიდან მიმდინარეობს და საფუძლველს იღებს ვუდროფის სტატიიდან ,,აქვს შიმპანზე გონების თეორია?“ მას შემდეგ სოციალურ ნეირომეცნიერებებში აქტიურად დაიწყო ამ საკითხის ირგვლივ დებატები.

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს რომ ,,გონების თეორია” ადამიანის თანდაყოლილი შესაძლებლობაა, რისი დასწავლაც არ შეიძლება, ესაა ერთგვარი ,,ცენტრალური ცოდნა“, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულია ადამიანში (Goldman, 2012). ერთ-ერთი ადრეული მოდელი მოცემულ საკითხთან მიმართებაში, შემოთავაზებული იყო ბარონ კოენის მიერ,  რომელიც იკვლევდა ,,გონების თეორიის“ განვითარებას, ჯანმრთელ, დაუნის სინდრომის მქონე და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში. კვლევის შედეგად აუტიზმის მქონე  4-წლის ბავშვების  მხოლოდ 20% -მა გამოიცნო სწორად „გონების თეორიის“ ამოცანა მაშინ, როცა ჯამრთელი ბავშვების 85% და დაუნის სინდრომის მქონე 86%-მა გამოიცნო იგივე დავალება. (Baron-Cohen, 1995)

ზოგიერთი მეცნიერი საუბრობს სოციალური ფაქტორების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე. მარტინ დოერთი წიგნში ,,გონების თეორია: როგორ იგებენ ბაშვები სხვების ფიქრებსა და გრძნობებს”  ემხრობა ვიგოტსკის თეორიას. სოციალური გარემოს მნიშვნელობის დასადასტურებლად მას მოჰყავს ფაქტი იმის შესახებ, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ უფროსი დედმამიშვილები უკეთესად აქვთ განვითარებული აღმასრულებელი ფუნქციები და ,,გონების თეორია“. (Doherty, 2009)

ემპირიულ ფსიქოლოგიაში ,,გონების თეორიის“ შემოტანას უკავშირდება, იოსებ პერნერის, ელისონ გოფნიკის,( Goplik and wellmen, 1992) ჰენრი ველმენისა და ენდრიუ მეთცოფის (Goplik and Meitzoff, 1997 )სახელები. ისინი აკვირდებოდნენ ბავშვის მიერ გარესამყაროს შესახებ ინფრომაციის კონსტრუირების პროცესს. მათ დააფიქსირეს რომ ეს პროცესი არა მხოლოდ კოგნიტურ უნარებთან იყო კავშირში, არამედ კომპლექსურად უკავშირდებოდა ემოციებს, რწმენებსა და სურვილებს. პერნერმა და ვიმერმა (1983 წელს), ჩაატარეს ცდა 3-4 წლის ბავშვებზე. ეს ემპირიული აღმოჩენა ცნობილია როგორც ,,მცდარი რწმენები“.  ექსპერიმენტმა, რომელიც ცნობილია როგორც ,,სალისა და ანის ექსპერიმენტი“ დაადასტურა რომ 4 წლამდე ბავშვებს, არ შეუძლიათ იმის წარმოდგენა, რომ მათი აზრები შეიძლება იყოს მცდარი. კრიტიკოსები თვლიან,  რომ ,,მცდარი რწმენების“ ტესტი სოციალურ-კოგნიტური განვითარების ვიწრო საზომია, რადგან მხოლოდ  ერთ ასპექტს ზომავს. ინდივიდუალური განსხვავებები შესაძლოა მრავალგვარი იყოს, მაგალითად ისეთმა ფაქტორმა როგორიცაა მორცხვობა, ტემპერამენტი, ან ყურადღების კონცეტრაციის უნარი, შეიძლება მკვეთრი გავლენა მოახდინოს შედეგზე. ამასთანავე ,,მცდარი რწმენების ტესტის დროის მოკლე მონაკვეთში განმეორებით ჩატარებისას ზუსტად იგივე შედეგს ხშირად არ გვაძლევს, მაგრამ 84% შემთხვევაში ემთხვევა“. (Wellman, Cross, & Watson, 2001) თუმცა დღეს დღეისობით მოცემული ტესტები ,,გონების თეორიის“ გაზომვის ყველაზე პოპულარული საშუალებებია.

გონების თეორიის ჩამოყალიბება დამოკიდებულია, მშობლობის პრაქტიკაზე, სოციალური ურთიერთობების ინტენსივობაზე, ბავშვის განათლების სტრატეგიაზე.  (Korkmaz, 2011) ,,გონების თეორიის“ განვითარებაზე სოციალური ფაქტორების გავლენა დასტურდება ემპირიული კვლევებით. ის, თავის მხრივ, გავლენას ახდენს შემდეგ სოციალური კომპეტენციის ჩამოყალებებაზე, შემდგომი ცხოვრების მანძილზე შეიძლება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იყოს ადამიანის სოციალიზაციისთვის. სკოლამდელ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ,,გონების თეორია გამოირჩევიან მეტად აგრესიული ან არანორმატიული  ქცევით, მათი ასაკის სხვა ბავშვებისგან განსხვავებით. (Capage, 2001)

ლონგიტუდური კვლევებით დასტურდება დაგვიანებული ,,გონების თეორიის” უარყოფითი გავლენა, ზრდასრული ადამიანების  პროფესიულ ქცევაზე, მათ აქვთ ნაკლები  მიმღებლობა სხვისი აზრის მიმართ. (Caputi., Pagnin, & Lecce, 2012) კროს-კულტურული კვლევები ადასტურებენ გონების თეორიის განვითარებაზე ისეთი ფაქტორების გავლენას როგორიცაა კულტურული ხედვა ბავშვის აღზრდის შესახებ, ,,მშობლობის პრაქტიკა“ და ენა. (sodian & Kristen, 2015)  ჩინეთში, კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, , ჩინელ ბავშვებს ის უნარები, რაც ,,გონების თეორიის“ ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული შედარებით გვიან უვითარდებათ, რიგ უნარებს შორის განვითარების სხვაობა დროში, შეიძლება ორ წლამდეც კი იყოს. (Liu, Wellman, & Tardif, 2008)

სოციალური კოგნიციის ადრეული განვითარება კავშირშია მომავალში კარგ სოციალურ ადაპტაციასთან. ბავშვებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ,,გონების თეორია“ 54 თვისათვის გამოარჩევთ პროსოციალური ქცევა, განსხვავებით ბავშებისგან რომლებსაც 72 თვის ასაკში განუვითარდათ. (Bright-Paul & Jarrold, 2008)

ასევე, ლონგიტუდური კვლევებით დადასტურებულია კავშირი აღმასრულებელ ფუნქციებსა და ,,გონების თეორიას” შორის.  აღმასრულებელი ფუნქციების მზადყოფნა 3 წლის ასაკში აუცილებელი პირობაა 4 წლისთვის ,,გონების თეორიის“ ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ, გონების თეორიის ჩამოყალიბება არ წინასწარმეტყველებს აღმასრულებელი ფუნქციების მოგვიანებით განვითარებას, ეს დადასტურდა 3 წლის ბავშვების ლონგიტუდური შესწავლით  4-5 წლის ასაკში. მოცემული კვლევის შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე კოგნიტური თეორიების ჭრილში. დასტურდება აღმასრულებელი ფუნქციებისა და სოციალური გავლენის კავშირი ამასთანავე დასკვნიდან გამოდის, რომ ,,გონების თეორია“ უშუალოდ კავშირშია სოციალურ ფაქტორებთან. (Marcovitch, 2015)

გონების თეორიის ადრეული განვითარება მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის ადაპტაციისთვის, ასევე საზოგადოებისათვის, რადგან ის გულისხმობს მეტად ტოლერანტური, გამოცდილებისადმი ღია და თანამშრომლობაზე ორიენტირებული სოციუმის არსებობას. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირ, შემთხვევაში, 5-6 წლის ბავშვებსაც არ აქვთ განვითარებული ,,გონების თეორია“. ,,გონების თეორიის“ განვითარების სტიმულაციისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოს აღმზრდელმა სხვა ადამიანის გრძნობებზე, აზრებზე, დააფიქსიროს მისი პოზიცია, გრძნობები. (მაგ: ნახე, ჯუჯებმა, ფიფქიას საჩუქარი გაუკეთეს, როგორ ფიქრობ რას გრძნობს ფიფქია? რას გრძნობენ ჯუჯები? რატომ გაუკეთეს საჩუქარი? როგორ რეაქციას ელოდნენ ფიფქიასგან? მოგეწონა ჯუჯების საქციელი? როგორი გამომეტყველება გექნებოდა შენ/შენს მეგობარს, თუ ასეთ საჩუქარს გაგიკეთებდნენ?….. ა.შ ) მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს მოვლენების სხვისი პოზიციიდან დანახვა, ხაზი გავისვათ სიყვაციასთან დაკავშირებულ ემოციებს, რათა ემპათია, სოლიდარობა საზოგადოების კულტურის ნაწილი გახდეს.

 

ავტორი: ლილე ყაზაიშვილი

მსგავსი ინფორმაცია