ptsd_brain1

რა არის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)  და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. ფსიქოთერაპიული და მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები და შედეგები.

Comments Off 2010

 

სტრესი,ჩვენი ცხოვრების თანმდევი და განუყოფელი ნაწილია. სტრესისკენ შეიძლება სულ მცირე მოვლენამაც კი უბიძგოს ადამიანს. მაგალითად: მიდიხარ ქუჩაში და უეცრად ფეხი გადაგიბრუნდა,რამაც ფეხსაცმლის ქუსლის გადატეხვა გამოიწვია; ზოგიერთი ამას არ გაატარებს განცდაში და აირიდებს ფაქტიდან წამოსულ უარყოფით რეაქციას,თუმცა ადამიანების უმეტესობა,ამას მაინც აღიქვამს როგორც უხერხულ და ცუდ ფაქტს,რაც შემდგომ მთელი დღის განმავლობაში სტრესის ნიშნებში აისახება. ეს ნიშნები შეიძლება იყოს: უხასიათობა,თავის ტკივილი და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ,სტრესი ჩვენი ცხოვრების მუდმივი შემადგენელი ნაწილია. ისევე როგორც უარყოფით განცდას, ასევე გადაჭარბებულ დადებით ემოციასაც შეუძლია გამოიწვიოს სტრესი, შედეგად კი მივიღებთ  ზუსტად იმ სურათს,როგორსაც მივიღებდით ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითი სტრესის მოქმედების შემთხვევაში. მაგალითად:  ფაქტია,რომ როდესაც რაღაც ძალიან გვიხარია, ხმა გვიწყდება და ვეღარ ვახერხებთ ხოლმე საუბარს,სიტყვებს ვეღარ ვუყრით თავს; რა ხდება? ხდება ის,რომ სხეული დაძაბულია,რაც იწვევს გონების მაქსიმალურ მობილიზებას, ეს  კი თავისთავად სტრესისკენ მიგვაქანებს. ოპერის სცენაზე გამოსულ სოპრანოს,რომელსაც მიანიჭეს ჯილდო მუსიკალური დამსახურებისთვის და პრიზის გადაცემის შემდეგ თხოვეს რომ ემღერა,მას უბრალოდ ხმა ჩაუწყდა და ვეღარ მოახერხა სიმღერა. ასეა თუ ისე,ზოგადად სტრესის არსებობა,ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრაგიკულად არ აღიქმება და შესაბამისად,ყველა ადამიანს მასთან გამკლავებისა და ბრძოლის  საკუთარი თერაპიული მეთოდი აქვს: ზოგი ლაშქრობით იხსნის  სტრესს, ზოგი სიმღერით, ცეკვით,ხატვით,წერით და ა.შ. მაგრამ,ლოგიკური იქნება დავსვათ კითხვა: რა ხდება იმ შემთხვევაში,როდესაც სტრესი უბრალოდ სტრესი აღარ არის და ის ხდება შემაწუხებელი? როდესაც იგი ხელს უშლის ადამიანს უბრალოდ ნორმალურად ყოფნასა და აქტივობაში? სწორედ ასეთ სტრესს უწოდებენ პოსტ–ტრავმულ სტრესულ დარღვევას.  როდესაც ადამიანის წარსულში მრავლადაა სტრესული ელემენტები, ლოგიკურია, რომ ამას შემდეგ  თან ახლდეს ემოციების მოზღვავება, როგორიცაა: დისტრესი,შიში,უმწეობის განცდა,დანაშაულის შეგრძნება,სირცხვილი ან ბრაზი. თუმცა, რამოდენიმე ხნის შემდეგ, იქნება ეს კვირა, თუ, თვე, ადამიანი, ჩვეულებრივ, კვლავ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ იმ შემთხვევაში,როდესაც ეს სტრესული სიტუაცია არ სრულდება და გადადის წლებში, ანუ  გრძელდება რეალურად თვეზე მეტ ხანს,მაშინ უნდა ვივარაუდოთ,რომ საქმე გავქვს პოსტ–ტრავმულ სტრესულ აშლილობასთან, ანუ როგორც მას შემოკლებული ფორმით უწოდებენ – PTSD.

პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა,ეს არის შფოთვითი დარღვევა,რომელიც თან ახლავს წარსულში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს; ეს  ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება იყოს: ომი, ბუნებრივი კატასტროფები, ტერორისტული აქტები, სხვადასხვა თავდასხმითი და შეტევითი აქტები,ფიზიკური ან ფსიქიკური სექსუალური ძალადობის შემთხვევები ბავშვობაში ან მოზარდობაში და ა.შ. ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მწირია და რეალურად უფრო მეტის დასახელებაც არის შესაძლებელი. ე.ი, PTSD იწყება წარსულში მომხდარი მძიმე მოვლენების შედეგად და მისი ნიშნები არ ვლინდება მოცემულ მომენტსა და სიტუაციაში, არამედ რამოდენიმე თვის, ან წლის გასვლის შემდეგ ის ნელა-ნელა ვითარდება პიროვნებაში ჯერ ფარულად, ხოლო შემდეგ ცხადად წარმოაჩენს თავს და ხდება თვალისთვის ხილული.  ეს არის ისეთი სახის სტრესული დარღვევა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს. მთავარია გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს არ ვართ მარტონი: წლიურად 8.5 მილიონ ამერიკელ მოზარდს აღენიშნება PTSD.

ვინ არის მიდრეკილი პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობისკენ:Enduring Freedom

1ძალადობის ნებისმიერი მსხვერპლი.

  1. მაშველები, ან მოხალისეები, რომლებიც მძიმე სიტუაციების დროს უშალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის გადარჩენაში; მაგალითად: სექსუალური ძალადობის სცენის დროს დაეხმარა, ან სხვა სახის ძალადობის უშუალო მხილველი გახდა, ფსიქიკური/ფიზიკური ძალადობის მომსწრე იყო და ა.შ.
  2. ბუნებრივი კატასტროფების მსხვეპლნი,როგორიცაა: წყალდიდობა,ზვავი,ავარია და სხვა;
  3. ვეტერანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ომში; ჯარისკაცები (განსაკუთრებით); ტერორისტული შეტაკებებისა და აქტების მსხვეპლნი.
  4. უეცარი, შოკისმომგვრელი მოვლენის პირისპირ მდგარნი, როგორიცაა ახლობელი ადამიანის სიკვდილი,დაკარგვა და ა.შ.
  5. სასწარაფო დახმარების მუშაკები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ/იღებდნენ ტრავმატული მდგომარეობების დროს.
  6. ბავშვები, რომლებიც ოჯახის, ან სოციუმის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

რა სიმპტომები ახასიათებს PTSD-ს?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ინდივიდის ჭრილში უნდა განვიხილოთ,ზოგ შემთხვევაში პოსტ–ტრავმული აშლილობა შეიძლება რამოდენიმე დღეშიც დაიწყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგი იწყება ერთი წლის გასვლის შემდეგ. სიმპტომები მოიცავს:

  1. აკვიატებულ ფიქრს მომხდარის შესახებ – ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ფიქრები ადამიანს თავში მოსდის მაშინაც კი, როცა მას არ უნდა და არ აქვს ამის სურვილი. ხშირია კოშმარები და ფლეშბექები. ასეთი ფიქრების, თუ ფლეშბექების ტრიგერები შეიძლება იყოს რაიმე სახის სიტუაცია,ან რომელიმე ადამიანი, რომელიც მას ამ შემთხვევას ახსენებს.
  2. მუდმივად იერიშის მოგერიების მზადყოფნაში ყოფნა – ანუ, ადამიანს ჰგონია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სულ თავდაცვის მზადყოფნაში უნდა იყოს. უჭირს ძილზე კონცენტრირება და აქვს ისეთი ფიზიკური პრობლემები, როგორიცაა: დიარეა, სწრაფი/გახშირებული სუნთქვა, მუდმივად აჩქარებული გულის ცემა.
  3. მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აიცილოს ტრავმვის გახსენების შესაძლებლობა და ყველა ის ადამიანი თუ გარემო, სადაც შეიძლება ეს მოხდეს; შესაბამისად, კონტაქტს წყვეტს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ეკარგება ურთიერთობების ინტერესი.

PTSD-ის დროს გვხვდება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად: პანიკური შეტევები, თავის ქრონიკული ტკივილი, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა, ხელის კანკალი და კუნთური სისტემის მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა, უნდობლობის განცდა და ა.შ. ადამიანს სხვების მიმართ  ეკარგება ნდობის ფაქტორი, რასაც თან ახლავს ფიქრი იმის შესახებ, რომ სამყარო საშიში ადგილია. ყოველდღიურ აქტივობებში, იქნება ეს სამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი თუ ა.შ. შეინიშნება ყურადღების დეფიციტი. PTSD–ის დროს ხშირია ნარკოტიკზე, ან სასმელზე დამოკიდებულების შემთხვევები, რომლის ფუნქციაცაა ტკივილის თავიდან მოშორება.  ხშირია პრობლემები ურთიერთობებში, მაგალითად, პარტნიორთან სულიერი თუ სექსულარი კუთხით. ასევე, რთულდება ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან და სხვა. ადამიანი ხდება დეპრესიული, გამუდმებით მიზეზ გარეშე შფოთავს, მოწყენილია, განიცდის სიცარიელეს, ყველაფრის მიმართ კარგავს ინტერესს, იდანაშაულებს თავს, აქვს სირცხვილის განცდა და მომავალს ვეღარ ხედავს. დეპრესიული ფიქრები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება სუიციდურ აზრებსაც.

მრკურნალობის ტექნიკა:

PTSD–ის მკურნალობა შესაძლებელია და მოიცავს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს:

1) ფსიქოთერაპია გულისხმობს ფსიქოთერაპევტთან საუბარს პრობლემის შესახებ. ფსიქოთერაპიული პროცესი მიმდინარეობს ერთი-ერთზე ან ჯგუფში. საუბრის თერაპიული ტექნიკა პოსტ–ტრავმული სტრესის დროს გრძელდება 6-12 კვირა, მაგრამ შეიძლება გაცილებით მეტი დროც დასჭირდეს. კვლევები აჩვენებს, რომ ოჯახისა და მეგობრების თანადგომა თერაპიის პროცესს უფრო შედეგიანს ხდის. ფსიქოთერაპიული მკურნალობა მოიცავს: კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას – იგი  ეხმარება პიროვნებას შეცვალოს მატრამვირებელი ფიქრები, რომლებიც უბიძგებენ შფოთვითი მდგომარეობისკენ; წინასწარ დადგმული/განზრახული თერაპიული მიდგომა – გულისხმობს თერაპევტის მხრიდან იმგვარ ზემოქმედებას,რომ წარსულში განცდილმა სიტუაციებმა და მოგონებებმა,რომელთაც შექმენს დისტრესი,პირიქით კომფორტის განცდა მოუტანონ ადამიანს. კოგნიტურ პროცესებზე ორიენტირებული თერაპია – გულისხმობს დაეხმაროს პიროვნებას მართოს ის მძიმე ემოციები, რომელიც ახლდა თან ტრავმულ შემთხვევას და რამაც წარმოშვა შემდეგ ეს აშლილობა. წყვილებისა და ოჯახზე ორიენტირებული თერაპია – გულისხმობს დაეხმაროს ახლო ადამიანებს ერთმანეთის გაგებაში.

2) ჯგუფური თერაპია: მსგავსი თერაპიული დახმარება კონტროლირებადია ფსიქოთერაპევტების მხრიდან და გულისხმობს ჯგუფში 4-12 ადამიანამდე ყოფნას,რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან საკუთარი ტრავმული მდგომარეობების შესახებ. „როდესაც დამისვეს PTSD-ს დიაგნოზი,ვერ ვაანალიზებდი და ვხვდებოდი,თუ რას ნიშნავდა ეს. არავისთან მინდოდა საკუთარ თავზე, მოგონებებზე, გადატანილ ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბარი. საკუთარ თავს გავურბოდი და ვეუბნებოდი, რომ ახლა არ იყო დრო. გავურბოდი იმ მოგონებებს,რომლებიც ჩემში არსებობდა. შემდეგ გავჩერდი და ვთქვი,რომ სწორედ ახლა იყო ამის დრო! თვალებში ჩავხედე ყველა მძიმე მოგონებას, გავაანალიზე ისინი, შემდეგ ჩავკეტე ყუთში და შემოვდე თაროზე. შემდეგ, როცა ამის დრო მქონდა და როდესაც კვლავ შემომიტევდნენ მძიმე განცდები,ვიღებდი ყუთს,ვალაგებდი მოგონებებს და ვფიქრობდი ამის შესახებ. ზოგჯერ ვტიროდი, ისტერიულად ვიცინოდი და ვგლოვობდი და მერე ისევ უკან ვაბრუნებდი მათ. დროთა განმავლობაში,შევნიშნე,რომ თანდათან უფრო ნაკლები ყუთი რჩებოდა თაროზე და ისინი უფრო და უფრო პატარავდებოდნენ. ხოლო ბოლოს, როდესაც ისევ დავუბრუნდი და გადმოვიღე ისინი, ყველა ადგილზე დამხვდა, მაგრამ უკვე ცარიელი.“ – კატერინა;პენსილვანია.

 

მედიკამენტოზური მკურნალობა:  სეროტონინების ჯგუფიდან პოსტ-ტრავმული აშლილობის სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება ინჰიბიტორები. იგი დაბლა წევს შფოთვისა და დეპრესიის ხარისხს და ზემოქმედებს სხვა სიმპტომებზეც. სედატივები გამოიყენება ძილის დარღვევების დროს. ასევე, ხშირად გამოიყენებენ სერტრალინების ჯგუფიდან ზოლოფტსა და პაროქსეტინების ჯგუფიდან პაქსილის, ორივე ხსენებული მედიკამენტი შედის ანტიდეპრესანტების კატეგორიაში, რომელიც გამოიყენება აგრეთვე დეპრესიის სამკურნალოდ. ისინი აკონტროლებენ პოსტ-ტრავმული აშლილობის სიმპტომებს, როგორიცაა მოწყენილობა, მწუხარება, ბრაზი და უგუნებობა. მოცემული მედიკამენტების მიღება ფსიქოთერაპიულ პროცესთან ერთად უფრო შედეგიანი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში მათ ახასიათებთ გვერდითი შემაწუხებელი მოვლენები, მაგრამ ეს დროებითია. ბოლოს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ადამიანზე და მის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ყველაზე საერთო გვერდითი ეფექტები სერტალინისა და პაროქსეტინისა არის: თავის ტკივილი, რომელიც რამოდენიმე დღეში გადის; კუჭის არეში ტკივილის შერძნება, რომელიც ასევე რამოდენიმე დღეში ქრება; უძილობა ან მოუსვენრობა ,რომელიც თავიდან გრძელდება ერთი კვირა, მაგრამ შემდეგ ასევე ქრება; სექსუალური სახის პრობლემები, რომელიც გულისხმობს სექსუალური აქტის გაიშვიათებასა და შესაბამისად მისგან სიამოვნების განცდის გაქრობას. ხშირ შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებასთან ერთად,უწევთ ამ გვერდითი ეფექტების მკურნალობაც. სხვა მედიკამენტებია: 1. ბენზოდიაზეპამინი, რომელიც ეხმარება ადამიანს რელაქსაციისა და ძილის პროცესის გაუმჯობესებაში; უკუჩვენება: იწვევს მეხსიერების პრობლემას და იწვევს მედიკამენტზე დამოკიდებულებას; 2. ანტიფსიქოტიპები, რომელიც ეძლევა ადამიანს სხვა ფსიქიკური დარღვევბის დროს, როგორიცაა შიზოფრენია. ადამიანს, რომელიც იღებს მოცემულ მედიკამენტს, აღენიშნება წონაში კლება და ასევე, ამ დროს იზრდება  დიაბეტისა და გულის სხვა დაავადებების განვითარების შანსი; 3. სხვა ანტიდეპრესანტები ,როგორიცაა ფლუოქსეტინი (პროზაკი) და ციტალოპრამი (კელექსი), ეხმარება პოსტ-ტრავმული დარღვევის მქონდე პირებს შეუმცირდეთ დარდის განცდა.

დახმარების სხვა საშუალებები

არსებობს სპეცილური დახმარების საშუალებები, რომლებიც თავაზობენ შემდეგი სახის ჯგუფურ მომსახურებას იმ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან პოსტ-ტრავმული სტრესით. ადამინათა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელთაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დახმარება, შეიძლება საკმარისი კონსულტაცია ვერ მიიღონ კონკრეტული კლინიკებიდან, რადგან კლინიკას არ ჰყავდეს საკმარისი სპეციალისტები. NIMH-ის მეცნიერები,მუშაობენ ამ პრობლემაზე და იკვლევენ გზებს, როგორ შეიძლება შესთავაზონ ადმაიანებს კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ტელეფონითა და ინტერნეტის საშუალებით. ამ შემთხვევაში, თავდაპირველად, პაციენტი ხვდება თერაპევტს და უყვება ყველა იმ სიმპტომის შესახებ,რომელიც PTSD-ის ახლავს თან, უყვება თავის პრობლემაზე და სწავლობს იმ ელემენტარულ გზებს, თუ როგორ ებრძოლოს სტრესს. შემდეგ, როცა იგი დაინტერესდება უფრო მეტით, მას შეუძლია ეწვიოს მითითებულ ვებსაიტს, სადაც შეიტყობს უფრო მეტ ინფორმაციას დაავადების შესახებ. იგი პირდაპირ ონლაინიდან იღებს ყველა სახის რჩევას, მედიკამენტოზურს თუ თერაპიულს, რომელიც ეხმარება მას პრობლემის შემცირებაში.

„25 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურეს. დიდი ხნის განმავლობაში ამ ტრავმის შესახებ ისე ვსაუბრობდი, თითქოს მე კი არა, ვიღაც სხვას ეხებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ  ეს მე შემემთხვა, მაგრამ ამ მოვლენის შესახებ ჩემში არანაირი განცდა, ემოციური კავშირი არ არსებობდა.  შემდეგ დამეწყო მოვლენის შესახებ ფლეშბექი. ეს განცდები ისე მეხვეოდნენ გარშემო, როგორც წვიმის დროს – წყლის წვეთები. შემაწუხებელი იყო. წარმოვიდგინე ის ძალადობა, რაც სცენას ახლდა თან. ყოველი წამი განვიცადე და ამან შემაშინა, მაგრამ გამიზნულად არ ვიცილებდი მათ თავიდან, რადგან ფლეშბექს შეუძლია ამოგიყვანოთ წუმპედან. ძალადობის განცდა ფლეშბექის სახით ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, მადლიერების დღის წინ. ვგრძნობდი საშინელ შიშს და  დაძაბულობას. ყოველი შეხვედრის დროს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ცოფიან მგელს ვხედავდი ყოველ მამაკაცში,რომელთანაც პაემანზე მივდიოდი. ვერ ვახდენდი რელაქსირებას, ვერ ვიძინებდი. არ მსურდა ვინმესთან ერთად ყოფნა და ყოველ წამს ვოცნებობდი როდის დადგებოდა დრო, რომ ამ საშინელი განცდებისგან გავთავისუფლებულიყავი.’’

ამ და სხვა შემთხვევებში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული ჩარევა და დახმარება. ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური ჩარევაც. მაგრამ გაცილებით დიდი ადგილი და როლი უკავია ადამიანის გამოჯანსაღებაში მათ ოჯახის წევრებს. თანადგომა საყვარელი ადამიანების მხრიდან არის ისეთი რამ, რომელსაც ვერაფერი შეცვლის და ასევე სიყვარული, რომლის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური პრობლემებისგან, იქნება ეს პოსტ-ტრავმული  აშლილობა თუ სხვა, არავინაა დაზღვეული და შესაბამისად, მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ მათ მისაღებად და შემდგომ, უნდა გვესმოდეს მათი მკურნალობის აუცილებლობა.  ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ის, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი კარგად ყოფნა.

PTSD ბავშვებში:

პოსტ-ტრავმული აშლილობა ბავშვებში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. იგი გამოწვეულია მძიმე ოჯახური მდგომარეობით, რომელშიც ცხოვრობენ და იზრდებიან ისინი, ან ომის, ახლო მეგობრის გარდაცვალების, თუ ძალადობრივი აქტების ხილვის შედეგად. ამ საკითხისადმი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ამერიკაში ყოველწლიურად სამ მილიონამდე ანგარიშს განიხილავენ. ეს მოიცავს დაახლოებით 5.5 მილიონამდე ბავშვის აღრიცხვას. შედეგები ასეთია:

  1. 65% უვითარდება პოსტ-ტრავმული აშლილობა უარყოფის გამო.
  2. 18% ფიზიკური ძალადობის გამო.
  3. 10% სექსუალური ძალადობის გამო.
  4. 7% ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.

კვლევები აგრეთვე აჩვენებს, რომ გოგონების 15%-დან 43%-მდე  და ბიჭების 14%-დან 43%-მდე ზოგადად ტრავმული სიტუაციების მომსწრეა და აქედან, ჯამში 25%-ს უვითარდება პოსტ-ტრავმული აშლილობა. სასკოლო ასაკის ბავშვებში 5 – დან 12 წლამდე  პტსდ-ის მქონე ბავშვებს არ აღენიშნებათ ფლეშბექი, ეს კი იწვევს იმგვარი სახის უკუეფექტს, რომ ტრავმის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ. ანუ, ფიქრობენ, რომ თუ გამუდმებით იფიქრებენ მომხდარის შესახებ, შეძლებენ სხვა მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილებას,რადგან წინასწარ შეეძლებათ ყველაფრის განჭვრეტა. ამ ასაკში ბავშვებმა პტსდ-ის სიმპტომები შეიძლება თამაშშიც აჩვენონ. ისინი რამოდენიმეჯერ იმეორებენ ტრავმის მომენტებს, მაგალითად: ბავშვი, რომელსაც გამოცდილებაში ჰქონდა ომი, გამუდმებულად თამაშობს „ომობანას’’. ეს მომენტი ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში იზრდება ისე, რომ მათ შეიძლება იარაღის ტარებაც კი დაიწყონ სკოლაში. 12-დან 18-წლამდე მოზარდები პოსტ-ტრავმული აშლილობის დროს უფრო აგრესიულ და იმპულსურ ქცევებს აჩვენებენ. გამოკვლევები აჩვენებს, რომ კონკრეტულად, სექსუალური ძალადობის შედეგად განვითარებულ პტსდ-ის ბავშვებში გვხვდება: შიშის, მწუხარების, მოწყენილობის, მარტოობის განცდა, დაბალი თვითშეფასება და უნდობლობა სხვების მიმართ. აგრეთვე, აგრესიული ქცევა, სექსუალური სახის ქცევა და მაზოხისტური ქცევები,  დამოკიბულება ალკოჰოლისა ან ნარკოტირების მიმართ.

მკურნალობის ტექნიკა თითქმის იგივეა, როგორიც უკვე ჩამოვთვალეთ, მხოლოდ რამოდენიმე ასპექტია განსხვავებული იმის გამო, რომ აქ ბავშვებთან გვაქვს საქმე. მაგალითად: დამატებულია თამაშის თერაპია, რაც  ბავშვებს ტრავმის უკეთ დანახვასა და გადაწყვეტაში ეხმარება. მკურნალობა ასევე მოიცავს: ხატვის, თამაშის, მუსიკის ელემენტებს, რომლებიც ეხმარება მათ მტკივნეული მოგონებების დავიწყებაში.

ავტორი: მარიანა ელაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია GYPA)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.http://www.nimh.nih.gov/health/topics/post-traumatic-stress-disorder-ptsd/index.shtml 2. https://www.psychologytoday.com/conditions/post-traumatic-stress-disorder 3.http://www.webmd.com/mental-health/post-traumatic-stress-disorder  4.http://www.ptsd.va.gov/public/family/ptsd-children-adolescents.asp

 

 

 

მსგავსი ინფორმაცია